„ქართული ოცნება“ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გაიმეორებს, მაგრამ რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, რიგგარეშე არჩევნები ამის გამო არ ჩატარდება“

„ქართული ოცნება“ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გაიმეორებს, მაგრამ რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, რიგგარეშე არჩევნები ამის გამო არ ჩატარდება“

თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. უკვე ცნობილია თბილისის მერობის კანდიდატების ვინაობაც, მათ შორის არის ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. სწორედ გახარიას წარდგენის დღეს, for.ge-მ პარლამენტის ექს-თავმჯდომარისგან, არჩილ თალაკვაძისგან პასუხები მიიღო, რომელიც გიორგი გახარიას ოპოზიციონერობას ასე აფასებს: „ჯერჯერობით აშკარაა, რომ მისი ახლადშექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ ელექტორატზე აკეთებს გათვლებს“.

თვითმმართველობისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება, სასამართლო სისტემა და პანდემია, ეს ის თემებია, რომლზეც არჩილ თალაკვაძემ for.ge-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ბატონო არჩილ, როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის შანსებს თვითმმართველობის არჩევნებზე და თქვენი გუნდის მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ, რჩება თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ 43%-ანი ბარიერი გამოწვევად?

- უპირველეს ყოვლისა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა საზოგადოების მხარდაჭერით, ყველა წინა ხელისუფლებაზე უკეთ უზრუნველყო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, საკუთრების უფლების და ბიზნესის თავისუფლების დაცვა, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურული განახლება ქვეყნის მასშტაბით, ევროინტეგრაციის კუთხით ხელშესახები წარმატებების მიღწევა (უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასოცირების შეთანხმება) - გვჯერა თვითმმართველობის არჩევნებშიც გავიმარჯვებთ და მინიმუმ საპარლამენტო არჩევნებში მიღწეულ შედეგს გავიმეორებთ. თუმცა, კვლევების მონაცემებით, მეტის შესაძლებლობაც გვაქვს.

მიშელის შეთანხმებას „ქართული ოცნება“ 3 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა - ოპოზიციური პარტიების ნახევარმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს და მეორე ნახევარმა, ვინც ხელი მოაწერა - აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, რაც პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრებში გამოჩნდა კიდეც. არაერთხელ მოვუწოდეთ ამისკენ, თუმცა, 3 თვის თავზე, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ 43%-იანი დათქმა და ადგილობრივი არჩევნების მორიგი საბოტაჟი აინტერესებდა. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ ხელშეკრულებამ თავი ამოწურა და მართებული იყო ყველა პარტია ისეთ საარჩევნო პირობებში დაბრუნებულიყო, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუ ოპოზიციის რიტორიკას გავყვებით - მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ისინი კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ; ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამ ოპოზიციის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ჩნდება განცდა, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ, ამჟამადაც, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის სცენარს? ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია - ხომ არ უნდა ველოდოთ, ხელახლა, ქუჩის აქციების 7-თვიანი პერიოდს და კვლავ, დასავლეთიდან ვითარების დარეგულირების მცდელობებს?

- ადგილობრივ არჩევნებსაც ხელისუფლება კონკურენტულად, დემოკრატიული წესების და ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კოვიდ-უსაფრთხოდ ჩაატარებს. რადიკალურ ძალებს არ მივცემთ დესტაბილიზაციის საშუალებას - მოქალაქეების არჩევანი დაცული იქნება. ჩვენი მიზანია დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრება, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩეს. უკვე აშკარაა, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ მისი დისკრედიტაციისთვის ემზადება - ეს სერია ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს უკვე ნანახი აქვთ და ისიც გვახსოვს 7-თვიანი ხელოვნური საბოტაჟი ევროპელმა პოლიტიკოსებმა „დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრად“ როგორ შეაფასეს. საზოგადოებას გვსურს ვუთხრათ, რომ არჩევნები დემოკრატიული წესებით ჩატარდება და მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ერთ თვეში, ქვეყანაში სიმშვიდე იქნება. საქართველომ 2024 წლის არჩევნებამდე არსებული დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს წინსვლის და ეკონომიკური ზრდისთვის.

ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა გიორგი გახარიას გამოჩენამ. ექსპრემიერის მხარდამჭერთა რიგებში, სავარაუდოდ, პირველ რიგში, „ოცნების“ ელექორატი გადაინაცვლებს. ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამომრჩევლითვის მთავარი გზავნილი ვერ იქნება - „თუ არა „ოცნება“ ნაციონალები მოვლენ...“, - ანუ, ამომრჩეველს მხოლოდ ორ ძალას შორის არ ექნება არჩევანი გასაკეთებელი. ამდენად, თვლით თუ არა გახარიას თქვენ მთავარ კონკურენტად?

- „ქართულ ოცნებას“ აქვს სოლიდური მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს. ოპოზიციაში შესაკრებთა გადანაცვლება ხდება და ახალ პარტიებს, მათ შორის გახარიას პარტიას, პირველ რიგში, ოპოზიციის შიგნით მოუწევს დაამტკიცოს არის თუ არა კონკურენტული. ჯერჯერობით, აშკარაა, რომ მისი ახლადშექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ ელექტორატზე აკეთებს გათვლებს, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენი მხარდამჭერები ძალიან ზუსტად აფასებენ სიტუაციას.

საქართველოში ერთგვარ ტრენდად იქცა წასულებზე ცუდის თქმა, კონკრეტულ შემთხვევაში ექსპრემიერს ვგულისხმობ. არ თვლით, რომ მსგავსი რიტორიკა „ოცნების“ იმიჯს ვნებს? და ამის მიუხედავად, შესაძლებლად თვლით თუ არა გიორგი გახარია განიხლიოთ პოტენციურ პარტნიორად 2024 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაში?

- გიორგი გახარიამ არასწორი და არათანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდი რთულ მომენტში დატოვა და საკუთარი მოვალეობა, როგორც პრემიერ-მინისტრმა არ შეასრულა. საჭირო იყო კანონის აღსრულება, რაც მთავრობის და მისი ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობა იყო, მით უმეტეს, როდესაც ის პოლიტიკურ გუნდს საწინააღმდეგოში არწმუნებდა. ეს შეფასდა როგორც გუნდის ღალატი. შესაბამისად, მას პარტნიორად არ განვიხილავთ.

არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი გადადგომის მიზეზზე - რა აღმოჩნდა თქვენი გუნდისთვის მიუღებელი, თუნდაც დასავლეთსა და თქვენს ურთიერთობაში?

- ვინაიდან, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენდი, თანაგუნდელებთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ თავმჯდომარის პოზიცია დამეტოვებინა და სხდომათა დარბაზში - ჩემი კოლეგების გვერდით გამეგრძელებინა მუშაობა, აქტიურად დამეცვა ჩვენი პოზიციები და მონაწილეობა მიმეღო რთულ დებატებსა და არჩევნებში, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ვეღარ გავაკეთებდი. პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს ბალანსს მხარეთა შორის და შედარებით ნეიტრალური პოზიცია უნდა ეკავოს. ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით დასავლელ პარტნიორებთან დღესაც მაქვს კარგი თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები ევროპარლამენტსა და აშშ კონგრესში, რასაც მომავალშიც მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას მოვახმარ.

პრეზიდენტმა, რბილად რომ ვთქვათ, გაგაკრიტიკათ შარლ მიშლის დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერის ანულირების გამო. რატომ ვერ დაარწმუნეთ სალომე ზურაბიშვილი თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, თუ მართლაც აუცილებელი იყო ამ დოკუმენტის ჩარჩოებიდან გასვლა?

- პრეზიდენტმა პოზიტიური როლი შეასრულა მოლაპარაკებებში და საკუთარი მანდატი მართებულად გამოიყენა იმ ხელოვნური კრიზისის დასრულებისთვის, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ შექმნა. ჩვენი არგუმენტები გულწრფელი იყო - შეთანხმებამ ამოწურა თავი, რადგან ნებისმიერ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე. როდესაც მეორე მხარე პირობას არღვევს - შეთანხმების განხორციელება შეუძლებელია.

საქართველოს ავღანეთთან შედარება ცუდი მაგალითია, თუმცა ავღანეთი საუკეთესო მაგალითია იმის, რომ ჩვენს საკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. შესაბამისად, როდესაც წლებია გვესმის კრიტიკა და სულ ახლახანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ გააკრიტიკა ქართული მართლმსაჯულების სისტემა, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება სისტემის განახლებას და როდემდე შეიძლება ქართული სასამართლო სისტემა იყოს ქვეყნის „აქილევსის ქუსლი“?

- მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის ჩვენ ხელშესახები რეფორმები გავატარეთ და დღეს არის დიამეტრალური განსხვავება იმ სისტემას შორის რაც 2012 წელს ჩავიბარეთ და იმას შორის - რაც ახლა აქვს საქართველოს: მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში ბალანსი აღდგა და დაცულია; პატიმრების საერთო რაოდენობა შემცირდა ორჯერ; 60%-ით შემცირდა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრები; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში სასამართლო სისტემის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია; საქართველოს სასამართლო ევროპის 16-ეულშია შესული. მოსამართლეების დანიშვნის წესები საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ შემოვიტანეთ გამჭვირვალე რეგულაციები. ამ ყველაფერთან ერთად, განვაგრძობთ რეფორმებს. ეს არის ობიექტური სურათი სასამართლოს შესახებ.

სად დაუშვა ხელისულებამ შეცდომა და რატომ მივიღეთ ქვეყანაში პანდემიის ასეთი ძლიერი ტალღა?

- პანდემია გლობალური გამოწვევაა და მან გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების ჯანდაცვის და ეკონომიკური სისტემები. საქართველოს დღეს, აქვს ვაქცინაზე სრული ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის პროფესიონალები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ პანდემიის შესაჩერებლად. პანდემიის მართვა კომპლექსური და ძალიან რთული ამოცანაა - უნდა უზრუნველყო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და ამასთანავე უნდა შეძლო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა - ამის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის პროფესიონალების და მოქალაქეების სრული ჩართულობით არის შესაძლებელი და მჯერა შევძლებთ.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ, თუ „ოცნებამ“ ვერ გადალახა 46%-ანი ზღვარი, განიხილავთ თუ არა, თუნდაც თეორიულად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს?

- ჩვენს მხარდამჭერებთან და საზოგადოებასთან ერთად „ქართული ოცნება“ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გაიმეორებს. აქვე, ვიმეორებ, რაც პარტიის თავმჯდომარემ გუნდის სახელით განაცხადა - რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, რიგგარეშე არჩევნები ამის გამო არ ჩატარდება.