ბრძოლა რეალური ძალაუფლებისთვის, თუ სამომავლო თანამშრომლობისთვის?

ბრძოლა რეალური ძალაუფლებისთვის, თუ სამომავლო თანამშრომლობისთვის?

ბრძოლა თბილისისთვის - დედაქალაქის მერობისთვის 3 მძიმეწონიანი კანდიდატი იბრძოლებს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატურაზე საკუთარი თავი წარადგინა და განაცხადა, რომ თბილისის მოსაგებად იბრძოლებს.

რას ნიშნავს ექსპრემიერის ბრძოლაში ჩაბმა და რა ახალი პლიტიკური რეალობა შეიძლება გაჩნდეს?

იმ ფონზე, როცა მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირებას 9 წელია უყურებს და ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დასრულებაც უნდა, გახარია სწორედ ახალი პოლიტიკური დუღილის დასაწყისი შეიძლება გახდეს. თუმცა ისმის კითხვა - რაში სჭირდება ექსპრემიერს მერობისთვის ბრძოლა, როცა მისი მთავარი კონკურენტი კახა კალაძე საკმაოდ წონიანი ფიგურაა, რაც არაერთი კვლევით გამოჩნდა. სავარაუდოდ, გახარიას ამის რამდენიმე მიზეზი უნდა ჰქონდეს. პოლიტიკურ ლოგიკას თუ გავყვებით, ექსპრემიერს პირველ რიგში, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსს სჭირდება გაიგოს როგორია მისი რეალური შანსები. ასევე ამით გაარკვევს „ოცნების“ რა რაოდენობის ელქეტორატი გაჰყვება და შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაწევას.

ის პარტიას მოსახლეობას გააცნობს და საკუთარი რეიტინგით მის „გაქაჩვასაც“ შეძლებს. ვისთვის არის ის ყველაზე დიდი საფრთხე? თუ „ნაციონალების“ ამომრჩეველს გავითვალისწინებთ, მელიას ელექტორატის გაყოფა გახარიასთან არ მოუწევს. მაშინ პრობლემა კალაძეს აქვს, რადგან გახარიასთან გასაყოფი ამომრჩეველი მას ეყოლება. არსებობს დიდი შანსი, რომ მეორე ტური დაინიშნოს და საბოლოოდ, მერობისთვის კალაძე-გახარიას ტანდემმა იბრძოლოს. ამ ყველაფერში კი ერთი საყურადღებო ფაქტია, კალაძესაც და გახარიასაც ერთმანეთთან დაკავშირებით მორატორიუმი აქვთ გამოცხადებული. „ოცნებამ“ გახარიაზე რაც არ უნდა თქვას, კალაძე მის მიმართ კორეტულობას არ არღვევს. ასევე იქცევა გახარია. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარია მოქმედ ქალაქის მერს შეხვდა და საქმის კურსში ჩააყენა, რომ ის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს აყენებდა.

ირაკლი კობახიძე გახარია-კალაძის შეხვედრაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს - ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე საკუთარი კანდიდატურის არდასახელების სანაცვლოდ, „ქართული ოცნებისგან“ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, დღეს კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა შედგა, სადაც პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ კახა კალაძესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის თბილისის მერობის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა.

„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე, რომ თუ იქნებოდა ფინანსური დახმარება, არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ, კეზერაშვილში შევეშალეთ.

ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა მასსა და კახი კალაძეს შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეხვედრის დეტალებზე კალაძე და გახარია

თბილისის მერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას შეხვდა. კალაძის თქმით, შეხვედრა გახარიას ინიციატივით შედგა.

„შეხვედრა იყო, რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. თბილისის მერიაში შედგა ეს შეხვედრა. ისეთი არაფერი მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელეეთერით არ გამეგო“, - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ორ ოქტომბერს ამომრჩეველი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. კალაძე დარწმუნებულია, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს გახარია მერობის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის არდაყენების სანაცვლოდ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა, თავად გიორგი გახარია გამოეხმაურა და არათუ აღნიშნული ინფორმაცია, თავად კახა კალაძესთან შეხვედრაც კი კატეგორიულად უარყო.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ბოსი რას ლაპარაკობს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნოლი. დღესაც მათი ლანძღვის ფასი ნოლია. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების“, - აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც აღვნიშნეთ, ახლა საკითხი ასე დგას - რა პოლიტიკური მოცემულება შეიძლება მივიღოთ გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ?  

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას შეუძლია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეცვალოს. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას და კახი კალაძის შემთხვევაში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარეს შორის უხდებოდა, ახლა გახარიას გამოჩენით შანსი ჩნდება, რომ ხმა ვიღაცა სხვას მისცენ. მისი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა გახარია მერამდენე ადგილზე გავა, რადგან ის ამით თავის პოლიტკურ სიტყვას იტყვის. ანალიტიკოსი მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ კალაძეს საერთოდ მეორე ტურში გადასვლის შანსიც კი დაეკაგროს. ამის მიზეზად კი ორი ფაქტორი მოჰყავს: 1. „ნაციოანლურ მოძრაობას“ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. 2. გახარია კალაძეს ელექტორატს გაუყოფს.

„სრულიად ცხადია, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნება. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლა რეალურად პოლიტიკურ ძალებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა იქნება. სამი კანდიდატი გვყავს მთავარი ფიგურა და ეს იქნება სატესტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ვის რა შანსები ექნება. მანკიერი ორპულუსიანობა ინგრევა და გახარიას მიერ წამოყენებული კანდიდატურა ამის საშუალებას მოგვცემს. არჩევანის გარეშე დარჩენილ ამომრჩეველს შანსი ეძლევა, რომ არჩევანი არა მხოლოდ ცუდსა და უარეს შორის გააკეთოს, არამედ გაჩნდა მესამე ალტერნატივა, რომელიც სრულიად სხვა არჩევანს იძლევა. ეს ბევრად უფრო ცოცხალ პოლიტიკურ გარემოს მოგვცემს. „მიშა მოდის“ - პროცესი დაიმსხვრევა. ქართულ პოლიტიკაში ეს ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვსი ახალ რეალობას მოგვცემს“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე აზრით, კახა კალაძეს მხოლოდ საკუთარი პოლიიტკური წონაღა აქვს დარჩენილი. აქედან გამომდინარე, სიტუაციურად ეს კალაძის რეიტინგია და არსებობს ალბათობა, რომ მას „ოცნება“ ვეღარ დაეხმარება. მისი აზრით, პარტიის მხადამჭერების დიდი ნაწილი გახარიას მხარეს არიან. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ სიტუაციურად ჩვენ უკვე კოალიციური მთავრობისკენ მივდივართ. ხოლო გახარია არაა ის ფიგურა, რომელიც ხიდებს დაწვავს. ის ყველა შეთქმულების თეორიების მიღმაა. ამიტომ ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ კოალიციაში „ოცნების“ გვერდითაც აღმოჩნდეს.

„ოცნების ამომრჩეველი ანტიმიშაა. ამიტომ კალაძეს მისცემენ თუ არა ახლა ხმას, ვნახავთ. გახარიაც „ოცნების“ ელექტორატში დიდი რეიტინგით სარგებლობს. კი ბატონო, კალაძესაც საკუთარი პოლიტიკური წონა აქვს, მაგრამ მას ახლა მოგებისთვის ბრძოლა მოუწევს. ვნახოთ, გახარია რა ადგილს დაიკავებს. ყველა პირველობისთვის იბრძვის. ის ამ არჩევნებში იმიტომ ერთვება, რომ თბილისში ხელისუფლების ბედი წყდება. რა მნიშვნელობა აქვს მერამდენე ადგილზე გავა, პარტიას ქაჩავს და მას ეს 2024 წლის არჩევნებისთვის სჭირდება. ყველგან რთული და კონკურენტული არჩევანი იქნება. ბევრი პრობლემებია ქვეყანაში, ამიტომ გახარიას სახით ახალი მოთამაშე ხალხისთვის სტიმულის მიმცემი შეიძლება იყოს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია წააგებს, მაგრამ მას მეორე ტურში გადასვლის შანსი აქვს. ეს კი კარგია მისთვის, პარტიისთვის და ქვეყნისთვის, რადგანაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკის დასრულების შანსი იზრდება. ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახარია და კახა კალაძე არიან ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც 2024 წლისთვის ქვეყანაში არსებული შავ-თეთრი პოლიტიკური რეალობა შეცვალონ. მას მიაჩნია, რომ კალაძეც და გახარიაც ერთმანეთის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას ერიდებიან, რადგანაც ლოგიკურად და ინტუიციურად ხვდებიან, რომ სამომავლოდ ერთმანეთი სჭირდებათ.

„არ ვიცი რატომ შეხვდნენ გახარია და კალაძე ერთმანეთს. უბრალოდ, ერთი რეალობა ისაა, რომ ორივე კარგად ხვდება სამომავლოდ ერთმანეთი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს სჭირდება, როგორც მას, ასევე ქვეყანას და მის პარტიას. მართალია, მეორე ტური იქნება და გახარია გამარჯვებას ვერ შეძლებს, რადგანაც კალაძე და გახარია თუ დარჩნენ, მაინც კალაძის შანსები უფრო დიდია.

მიუხედავად ამისა, გახარიას პარტია და გუნდის წვერები წელში გამართულები იქნებიან და ეცოდინებათ 2024 წლის არჩევნებისთვის რა შანსები ექნებათ. მეორეც ეს პოლიტიკოსისთვის საკუთარი რეიტინგის და შესაძლებლობების გასაზომად კარგი ინდიკატორი იქნება. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა მოხდეს, მაინ ც მგონია, რომ კალაძეს და გახარიას ერთმანეთი სჭირდებათ. ცალ-ცალკე თუ ერთად, ორივეს ძალიან კარგი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. ქვეყანაში ახლა ისინი არიან ყველაზე რეიტინგული ფიგურები. ამიტომ თუ ისინი გაერთიანდებიან 2024 წლისთვის ამ ორ პოლუსიან პოლიტიკურ ველს საერთოდ დაასრულებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

Lolo47 ვინმე ხუხაშვილი, ეს ვითომ ანალიტიკოსი მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ კალაძეს საერთოდ მეორე ტურში გადასვლის შანსიც კი დაეკაგროს. ამის მიზეზად კი ორი ფაქტორი მოჰყავს: 1. „ნაციოანლურ მოძრაობას“ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. 2. გახარია კალაძეს ელექტორატს გაუყოფს.

ამ მედროვეს, როგორც ეტყობა, უკვე დაუდევს ბინა გემრიელი ლუკმის მოლოდინში გახარიას ერთ ადგილას...
2 წლის უკან
ლაზი შეიძლება ვცდები მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ამ ნაბიჯით, გახარია ლელოსა და ვაშაძეების დონეზე დავიდა.
2 წლის უკან