„არჩევნების მეორე დღეს ოპოზიცია შეეცდება, ქვეყანა რაც შეიძლება მეტად არიოს, მაგრამ მოქალაქეები გამოიწვრთნენ და ამის უფლებას აღარ მისცემენ“

„არჩევნების მეორე დღეს ოპოზიცია შეეცდება, ქვეყანა რაც შეიძლება მეტად არიოს, მაგრამ მოქალაქეები გამოიწვრთნენ და ამის უფლებას აღარ მისცემენ“

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაფასა: „ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება“.

თავად, მმართველი გუნდი როგორ ემზადება ოპოზიციის აქციების დასახვედრად, ამ თემაზე for.ge-ს შალვა პაპუაშვილი ესაუბრა.

ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია გააკრიტიკეთ და გარკვეული პროვოკაციებიც დააანონსეთ, რა გაძლევთ ასეთი ბრალდებების საფუძველს?

- რა თქმა უნდა, ამის საფუძველი არსებობს, მაგალითად ის, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს. საარჩევნო კამპანიის ტიპური დამახასიათებელი ნიშანია გარე რეკლამა. გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ოპოზიციამ ჯამში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის რეკლამებში. ახლა კი, არც ბილბორდებს აკრავენ, არც ტელევიზიებში ფასიან დროს არ იყენებენ. ამით რას აკეთეენ? - ერთი, ქმნიან აღქმას, რომ თითქოს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ უკავია ბილბორდები, ამას ხელოვნურად აზვიადებენ, რადგან საკუთარი ბილობორდები არ აქვთ. არადა ჩვენ, ბილბორდების რაოდენობა იგივე გვაქვს, რაც საპარალმენტო არჩევნების დროს გვქონდა. უბრალოდ, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკრული არ აქვთ, თითქოს ყველა ბილბორდი „ოცნებამ“ დაიკავა, რაც სინამდვილეში ასე არაა; ასევე, ის კანდიდატები ვინც დაასახელეს, მათ შორის რამდენიმე ისეთია, სულაც არ ფიქრობენ, რომ ქალაქის მერად უნდა იმუშაონ. ის კანდიდატები იმისთვის არიან, რომ რაც შეიძლება მაღლა აწიონ წინა საარჩევნო პოლიტიკური ტემპერატურა;

ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში პროცედურებს ბოიკოტს უცხადებენ. ახლა იყო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა და არც ერთ კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ სათქმელი ჰქონდეთ, არ ენდობიან კომისიის წევრებს. თუმცა, სხვა ოპოზიციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს.

ფაქტობრივად, ნახევარ საარჩევნო კამპანიის ერთი თვე ისე გავიდა, რომ რეალურად არც საარჩევნო პროგრამაზე და არც გეგმებზე საუბარი არ აქვთ. ეს ყველაფერი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ შემდეგ არეულობა მოაწყონ.

მმართველი გუნდი როგორ ემზადება მოსალოდნელი აქციებისთვის?

- ყველაზე კარგი იარაღი მხილება არის და ბრიფინგების გამართვა. ყოველ ასეთ შემთხვევებზე უნდა ვამხილოთ. საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რათა ოპოზიციამ აღქმებზე არ იმუშაოს. ჩვენ საზოგდოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვესაუბრებით.

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას მართლაც არ ატარებს. რამდენიმე დღის წინ სტატია მოვამზადეთ, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო განწყობა საერთოდ არ იგრძნობა... 

- წინასაარჩევნო კამპანიის ნაკლებობა თქვენც შეგიმჩნევიათ. თუმცა, ჩვენზე ამას ვერ ვიტყოდი, რადგან დღე არ გადის, რომ რეგიონებში წარდგენა არ გვქონდეს. მთლიანი საარჩევნო გრაფიკი გაწერილი გვაქვს და ამ გრაფიკის მიხედვით ვმოქმედებთ. ოპონენტებს კი ჯერ ყველგან კანდიდატებიც კი არ ჰყავთ დასახელებული.

ასევე დაფინანსება ახსენეთ და ამ საკითხზეც გვქონდა მასალა მომზადებული. მასალის მომზადების დროს ვნახეთ, რომ მმართველ გუნდს საკმაოდ დიდი შემოწირულობა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე. ექსპერტთა ნაწილი ამ თემას იმით ხსნის, რომ ბიზნესმენებს ურჩევნიათ თანხა ხელისუფებას შესწირონ, რადგან ეშინიათ შემდგომში მათ ბიზნესს პრობლემა არ შეექმნას. ამ საკითხს როგორ ახსნიდით?

- ეს აბსურდია. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელიც არ გასულა და მაშინ ოპოზიციამ დაახლოებით 30 მილიონი დახარჯა. მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეკლარილებულად 8 მილიონი ლარი დახარჯა, ანალოგიური თანხა დახარჯა „ლელომაც“. ასე რომ, საუბარი თითქოს ბიზნესი ერიდება მათთვის ფულის შეწირვას, ტყუილია. სულ ახლახანს იყო საპარლამენტო არჩევნები და ამ მოკლე დროში ქვეყანაში რა შეიცვალა?! მეორე ამბავია, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რომ რადიკალურ ოპოზიციაში ფული დაიკარგა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, „შავი ფული“ ტრიალებდეს, ანუ არადეკლარირებულ ფულს იყენებენ.

როდესაც საუბრობთ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღიდან პროვოკაციებისთვის ემზადება, გაქვთ მოლოდინი, რომ განმეორდება შარშანდელი ანალოგია და ისევ დადგეს ფასილიტატორების ჩარევის საკითხის დღის წესრიგში?

- რა თქმა უნდა, არათუ მოსალოდნელი, ამის დიდი ალბათობა არსებობს. ისინი არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან. მეორე დღეს შეიძლება მოხდეს არეულობა, ბოიკოტი. მათ თუ ძალაუფლება ვერ მიიღეს, შეეცდებიან, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მეტად არიონ - დიდი ალბათობით, ასეც იქნება. საქმე ისაა, რომ მოქალაქეები გამოიწვრთნენ და ამის უფლებას აღარ მისცემენ.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, იმედი გაქვთ, რომ ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებთ...

- ვნახოთ, იქნება ყველგან პირველი ტური თუ დაინიშნება მეორე ტურიც. ცნობილია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მერობისთვის 50%-ანი ბარიერია, მაჟორიტარებისთვის - 40%-ანი ბარიერი. ასე რომ, შევხედოთ სად, რა და როგორ იქნება. მაგრამ, ის, რომ „ქართული ოცნება“ ჯამში გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ გვეპარება.

 

trampi კი მაგრამ მე ეგ გიჟები როგორ დავიჭირო???
მაგათ მიტინგებზე კიდევ 2-3 ათასი კაცის გარდა არც არავინ არ დადის,
ანუ როგორ არევენ??....................ჰააა ჰააა დივერსია ..... ან ტერორისტებს შეეკრან...................სხვანაირად როგორ აურევენ??
კი მაგრამ თქვენ გძინააავთ???
2 წლის უკან