„ოცნება“ გამარჯვებას აანონსებს, ოპოზიცია გეგმებს ალაგებს, სააკაშვილმა კი მელია პოლიტიკას ზვარაკად შესწირა

„ოცნება“ გამარჯვებას აანონსებს, ოპოზიცია გეგმებს ალაგებს, სააკაშვილმა კი მელია პოლიტიკას ზვარაკად შესწირა

მმართველი გუნდი, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ არჩევნებში, პირველივე ტურებში გამარჯვებას აანონსებს და ამის მტკიცებულებად საკუთარ კვლევას აქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ მორიგი სოციოლოგიური კვლევა ასე გამოიყურება: ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 25.2%.

„ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ - 47,4%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25,2%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 4,7%, „საქართველოსთვის“ - 4,7%, „მოქალაქეები“ - 3,2%, „ლელო“ - 2,4%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1,9%, „ევროპული საქართველო“ -1,8%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1,7%, „გირჩი“ -1,1%, „ლეიბორისტული პარტია“ -0,7%, „ერთიანი საქართველო“ -0,7%, სხვა პარტიები - 4,3%

მმართვალი პარტიის დათვლით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი შემდეგნაირად განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ -22 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ -12 მანდატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ - 2-2 მანდატი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს, „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევით, შედეგები ასე გამოიყურება:

კახა კალაძე - 60,1%, ნიკანორ მელია - 29,2%, სხვა კანდიდატები - 10,7%.

ხელისუფლების ოპონენტებს კვლევის არ სჯერათ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მონაცემები არჩევნებზე 40%-ზე ბევრად დაბლა იქნება.

„ასეთი კვლევები კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვა არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული მონაცემები არჩევნებზე 40%-ზე ძალიან დაბლა იქნება“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„ეს არის ვარსკვლავთმრიცხველობა, უფრო მჩხიბავობა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს საზოგადოება“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ კვლევას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

„ლელოში“ კი არ გამორიცხავენ, რომ ამ კვლევებით მმართველი გუნდი საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანებას ცდილობს და არჩევნების ფალსიფიკაციისთვის ნიადაგს ამზადებს.

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თავად „ქართული ოცნების“ წევრებს არ სჯერათ ამ კვლევის.

თუმცა ანალიტიკოსებს ოპოზიციისგან განსხვავებით სჯერათ, რომ კახა კალაძე ამ არჩევნებს უპირობოდ მოიგებს და „ოცნებასაც“ 43%-ზე მეტის აღების შესაძლებლობა აქვს. ამის მიზეზად კი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მძიმე მდგომარეობას ასახელებენ, რასაც კვლევებიც ცხადყოფს, რომელიც არა „ოცნების“, არამედ 3 დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ არის ჩატარებული. მათი აზრით, ენმ-მა იცის, რომ არჩევნებს აგებს, ამიტომაც საარჩევნო კამპანიითაც თავს დიდად არ იწუხებენ. მელია ხვდება, რომ მას სააკაშვილი ისევ იყენებს და უკვე წაგებულ თამაშში მონაწილეობს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ წინასაარჩევნო პასიურობა არჩევნების შემდგომ აქტიურობას გულისხმობდეს. ანუ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. თუმცა ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოდის და ოპოზიცია ამ ფანდის გათამაშებას ვეღარ შეძლებს.

„კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ყველაფერი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გახდა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული“, - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ.

კვლევა თბილისში21-25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3%. კვლევა პარტია „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა ჩაატარა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაესახელებინა. მართალია, მელია ხვდებოდა ამ არჩევნებს ის წააგებდა, მაგრამ პარტიაში იმდენად მძიმე საკადრო ვითარება აქვთ, სხვა გამოსავალი რეალურად მაინც არ ჰქონდათ. ამიტომაც წაგებულ ომში ისევ მელია გაიმეტეს. აბაშიძე ამბობს, რომ უმეტესობა მათგანი პარტიაში წინა დამნაშავე რეჟიმის თანაავტორები არიან და თითქმის მთლიანი პარტიის ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის კაპრიზებთან არის მიბმული. პარტია დეგრადაციის გზაზეა და სერთოდ წინასაარჩევნო კამპანიასაც კი არ ატარებს.

„მხოლოდ „ქართული ოცნების“ კვლევებით არ დასტურდება, რომ კახა კალაძე ამ არჩევნებს მოიგებს. ამას სხვა სამი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციიდან ნორმალური პოლიტიკური პარტიების ამორჩევა ჭირს და ფაქტობრივად ეს პატარა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე აღმოჩდნენ, მოსახლეობა ისევ იძულებულია ხმა მმართველ გუნდს მისცეს. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, ირიბად თუ პირდაპირ, სააკაშვილის გრავიტაციულ ველზეა მიერთებული. ეს კი პოლიტკური პროცესების შემდგომ განვითარებას ხელს უშლის“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ჩნდება განცდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი ჩაიქნია რიგგარეშე არჩევნებზეც, მელია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისში, ფაქტობრივად, არ ატარებს და მედიასთან დიდი აქტიურობით არც გამოირჩევა. რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, ანალიტიკოსს მხოლოდ ერთი დასკვნის საფუძველს აძლევს.

„ნაციოანლების“ მთელი მესიჯბოქსი მხოლოდ იმით შემოიფაგლება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დავამთავროთ და თუ ვერ გავიმარჯვეთ, არჩევნები გაყალბდა. სხვა გზავნილი ამომრჩეველთან არ აქვთ. ვერ ვხდებიან იმას, რომ ამდენი წლის განმავლობაში, მათი დამარცხების ფორმულა ზუსტად ეს გზავნილია. შევხედოთ ამ კვლევებსაც, თუკი „ოცნების“ გამოკითხვა მიკერძოვებულია, მაშინ დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც ტყუის? ამდენი დამკვირვებელი ჯერ მარტო ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოვა. თავად ოპოზიციასაც ბევრი დამკვირვებელი ეყოლება. ამიტომ როგორ შეიძლება არჩევნები „გაუყალბო“ პარტიებს, რომლებიც 1%-იან ნიშნულზე არიან ჩამოსულები?!

 ოპოზიცია უმრავლესობას კვლევების მიხედვითაც ვერ ქმნის და რა გაყალბებაზე შეიძლება საუბარი იყოს? ეს სიწყნარე, რომელიც წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მცირე პარტიებს აქვს, მაინც იმას მაფიქრებინებს, რომ 2020 წლის სცენარის გათამაშებას ცდილობენ. მათ მიერ კონტროლირებად მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უნისონში იმაზე მტკიცებას დაიწყებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა ამის ვერანაირ მყარ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება, როგორც ნებისმიერ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ იმ დონის და ხარისხის არა, რომ ისედაც 1%-იან პარტიებს რამე მნიშვნელოვანი ხმები დააკლდეთ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ თავიდანვე ცხადი იყო კახა კალაძეს თბილისში კონკურენტი არ ჰყავდა, ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა, როდესაც ნიკა მელია თბილისს მიაბა. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პარტიის ლიდერი, თუ ის მართლაც ლიდერია, ასეთ ძლიერ კანდიდატს არ უნდა დაუპირისპირდეს და უკვე წაგებულ თამაშში არ უნდა ჩაებას. მისი აზრით, ეს კვლევებამდეც ცხდი იყო და ახლა მით უმეტეს ყველა ჩატარებული კვლევა ამ ტენდენციაზე მიუთითებს.

„კვლევების გამოქვეყნემაბდეც ყველამ კარგად იცოდა, რომ ნიკა მელია ისედაც წაგებულ თამასში ჩართეს. ფაქტი ერთია, რომ მას ეს არ უნდოდა და ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება ზუსტად არ ვიცი. ალბათ, - სააკაშვილმა, რომელსაც შესაძლოა, მოგება იმდენად არ უნდა, როგორც მელიას თავიდან მოშორება ან მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის დასუსტება. ასევე ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დასახელება მართლაც მოულოდნელი იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნებისას უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში სასტიკად დამარცხდა - როგორც მახსოვს, მე-3 შედეგი აჩვენა. ბოლო წლებია უგულავა პოლიტიკურად გაუგებარი ფიგურაა. ის სააკაშვილს ხან აძაგებს და უტევს, ხანაც უკრაინაში სტუმრობს და რაღაცებზე რიგდებიან. ამიტომ ამ პარტიის გადაწყვეტილებები ბოლო დროს საერთოდ ყვეელა ლოგიკას მოკლებულია.

მელიამ კარგად იცის, რომ წაგებული თამაშის ნაწილია და მას გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ, ამიტომაც უკმაყოფილოა, შფოთავს და ეს ყველაფერი დიდად არ მოსწონს. სააკაშვილმა, როგორც ჩანს, მისი კანდიდატურა სპეციალურად დააყენა. მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება, მისთვის პოტენციური საფრთხეა“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ „ნაციოანლებს“ ძლიერი ლიდერი ჰყავდეთ, რომელიც გამარჯვებასთან ასოცირდება, სააკაშვილი ამას პირიქით აკეთებს. მელია ისეთ კანდიდატს დაუყენა მეტოქეთ, რომელთან დამარცხებაც გარანტირებული აქვს. მას ეშინია მელია არ მოძლიერდეს, პარტია ორად არ გაუყოს. ამიტომაც მანამდე წყლის შეყენებას ცდილობს. ის კონკრეტული საქმისთვის სჭირდებოდა, ახლა კი მის თავიდან მოშორებას შეეცდება. მით უმეტეს თუ მელია ამ არჩევნებს წააგებს, მას სათქმელი ნაკლებად ექნება.

 

petrekupry ნცები და მასთან დაკავშირებული პარტიები, ისეთივე სტრატეგიით იმუშავებენ, როგორც საპარლამენტოზე. ანუ პრაქტიკულად არ გასწევენ წინასაარჩევნო კამპანიას, 2 ოქტომბრის სარამოს იღნავლებენ გაყალბდა და გამოდითო .... ამაზე ექნებათ წელსაც გათვლა ....
2 წლის უკან