ქართველი პარლამენტარების საყვარელი სიგარეტი

ქართველი პარლამენტარების საყვარელი სიგარეტი

(იბეჭდება შემოკლებით)

„ალიას“ ინფორმაციით, პოლიტიკოსებში ყველაზე პოპულარული სოგარეტია „მარლბორო“ და „პარლამენტი“. რაც შეეხება „პრეზიდენტს“, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ბუმია, ელიტარებს მისი გასინჯვაც კი არ სურთ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს თამბაქო ამ სახელისთვის სრულიად შეუფერებელია.

და რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ვახსენეთ, აქვე გაცნობებთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, სიგარეტს არ ეწევა, სხვათა შორის, არ ეწევა არც „აღორძინების“ ლიდერი ასლან აბაშიძე. რაც შეეხება ჯუმბერ პატიაშვილს, იგი იმდენს ეწევა, რომ ამის გამო მისი ოჯახის წევრებიც კი შეშფოთებულნი არიან.

პატიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მამუკა გიორგაძემ, როგორც ჩანს, ზოგის შეფასება - სიგარით ხელში ზედგამოჭრილი ჩერჩილი ხარო, - ისე დაიჯერა, რომ სიგარეტს აღარ კადრულობს და სიგარას ხელიდან არ აგდებს.

ადვოკატთა პრეზიდენტი ქართლოს ღარიბაშვილი კი იმიჯის შექმნას ჩიბუხით ცდილობს და, როგორც ცნობილია, ჩიბუხების საკმაოდ კარგი კოლექციაც აქვს.

ყველაფერში ორიგინალ როინ ლიპარტელიანს სიგარეტისადმი მართლაც ორიგინალური დამოკიდებულება აქვს - მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ეწევა, „მარლბორო“ ლაითის კოლოფს მუდამ ჯიბით დაატარებს - რა იცის, სად წააწყდება აღელვებული კაცი...

პარლამენტარმა ირაკლი ბათიაშვილმა სიგარეტის მოწევა სკოლის დამთავრების შემდეგ, „კოლხეთით“, „კოსმოსითა“ და „ლუქსით“ დაიწყო.

დღეს, ძირითადად, ინგლისურ „დანჰილს“ სწყალობს, ხანდახან კი „მარლბოროსაც“ ეწევა. როგორც თავად აცხადებს:

- „მარლბორო“ ნაღდად კარგი სიგარეტია.

ორლარიანს ეწევით თუ რვალარიანს?

- რვალარიანი „მარლბორო“ ცხოვრებაში არ მიყიდია.

„პრეზიდენტი“ არ გაგისინჯავთ?

- სიგარეტი „პრეზიდენტი“? - ერთხელ მოვწიე და არ მომეწონა. ისე, „პრეზიდენტს“ „პარლამენტი“ სჯობს, მაგრამ ძვირია.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია საკუთარ თავს საშუალო მწეველს უწოდებს და დღეში ერთიდან ორ კოლოფამდე ეწევა.

ყოჩაღ თქვენ, მაგას საშუალოს უწოდებთ?

- არის ხალხი, დღეში 4-5 კოლოფს ეწევა.

მაინც რომელი სიგარეტით იწამლავთ თავს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული სად ვიმყოფები - თუ თბილისში ვარ და ხელფასი ახალი აღებული მაქვს, მაშინ „პარლამენტს“ ვეწევი, თუ ზუგდიდში, „ვაისროიზე“ ვზივარ. ახლაც „ვაისროის“ ვეწევი.

„პრეზიდენტის“ მოწევა თუ გიცდიათ?

- არ მომიწევია, მაგრამ, მგონია, ამ სახელის სიგარეტი ცოტა უფრო მაღალი კლასის უნდა იყოს. სხვათა შორის, მოწევა ჩემი პრობლემაა. ძალიან მინდა თავი დავანებო, ერთხელ და სამუდამოდ მოვისროლო. ვფიქრობ, ეს უბრალოდ, ცუდი ჩვევაა. ყველაფერში მაქვს ნებისყოფა, ამაში კი არა.

პარლამენტში დიაბეტის ლობისტი „მოქალაქე“, კობა ამირხანაშვილი, სიგარეტს კარგა ხანია აღარ ეწევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ბატონი კობა არაფრით გამოგვიტყდა, უპირატესობას რომელ სიგარეტს ანიჭებდა, რადგან მიიჩნევს, ეს ერთგვარი რეკლამაა. როგორც თავად ამბობს:

- სამწუხაროდ, იმდენი სანერვიულო მაქვს, ჯანმრთელობა რომ არა, მეც მოვწევდი. ისე, ყველას, და მით უმეტეს ქალებს, შევახსენებდი, რომ სიგარეტის მოწევა მოდაში აღარაა. ჩემი აგიტაციით ბევრმა პარლამენტარმა მოწევას თავი დაანება. ვინ? ამ საიდუმლოს არ გავთქვამ.

ექს-პარლამენტარი, „მწვანეთა“ მოძრაობის ლიდერი გია გაჩეჩილაძე, მიუხედავად იმისა, რომ ღიად აცხადებს, სიგარეტი რადიაციულიაო, დიდი ხანია საკმაოდ ბევრს ეწევა.

- ამ ბოლო ხანებში მოწევას მოვუმატე, რადგან საზოგადოება და „მწვანეთა“ ორგანიზაცია მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რომელ სიგარეტს ეწევით?

- ძირითადად „ვაისროის“, იაფია. შარშან საქართველოში შემოსული ყველა სიგარეტი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რადიაციულ ნივთიერებებს შეიცავენ - არა აქვს მნიშვნელობა, ძვირია თუ იაფი.

რა გამოვიდა, სიგარეტის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევით და თავად აქტიური მწეველი ხართ.

- შემოტანილი სიგარეტის ხელახალ ექსპერტიზას ვაპირებთ და იმ დღიდან, პროტესტის ნიშნად, მოწევას თავს დავანებებ.