ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს.
ხელმომწერები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია.
ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია.
ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად.
არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ.
ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე.
ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა. ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია.
სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის "შემოსვლაზე" და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს.
იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება.
კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე. ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს.
სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც.
ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს.
გვსურს სრული თანადგომა გამოვხატოთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ.
ასევე, როგორც მედიცინის სხვადასხვა დარგში მომუშავე პროფესიონალებმა, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას შევახსენოთ აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ:
1. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.
2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.
3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.
4. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება:
a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე
b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.
6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.
7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.
8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.
9. აცრა არ იწვევს უშვილობას.
10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.
12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ.
13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.
14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.
ამავდროულად:
1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს.
2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.
3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის", - აღნიშნულია მიმართვაში.