ზაალ სამადაშვილს სამი თვით სული შთაბერეს

ზაალ სამადაშვილს სამი თვით სული შთაბერეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი საკრებულოს წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე დარჩა. კენჭისყრაში მონაწილეობა უმცირესობის წევრებს არ მიუღიათ.

საკითხი დღის წესრიგში თავად სამადაშვილის განცხადების საფუძველზე იქნა შეტანილი. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საკრებულოს ნაციონალ დეპუტატებზე ზეწოლა ხორციელდება.

„ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი და გუშინდელმა და დღევანდელმა დღემ უკვე საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ვინც მე მიცნობს, მან ძალიან კარგად იცის, ჩემი დამოკიდებულება თანამდებობებისა და სტატუსების მიმართ. არც ერთი ჩემი კოლეგის არათუ ტანჯვა-წამება, არამედ სტრესადაც კი არ მიღირს ჩემი თანამდებობა, ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ კენჭისყრაზე დამეყენებინა საკითხი თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კი თბილისელებს მიულოცა ზაალ სამადაშვილის თანამდებობაზე დარჩენა და განაცხადა, რომ ამით ღირსეული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„დღეს ნათელი გახდა, რომ ამ 26 ადამიანს ებრძვის ცენტრალური ხელისუფლების მთელი სისტემა  - მთელი უმრავლესობა, ცენტრალური მთავრობა, მისდა სამწუხაროდ - პირადად ბიძინა ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად მეჩვენება ის გადაწყვეტილება, რომელიც ღირსეულმა ადამიანმა, ზაალ სამადაშვილმა მიიღო, რომ ნდობის საკითხი დამდგარიყო მისი. ეს საკითხი დადგა. მე ვულოცავ მას, თბილისელებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ზაალ სამადაშვილი დარჩა“, - აღნიშნა უგულავამ.

რაც შეეხება საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ ამ ქმედებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის წევრ საკრებულოს თავმჯდომარეს სამი თვით გაუხანგრძლივა თანამდებობაზე ყოფნა. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ პანიკური შიშის გამო მიიღო, რათა არ დაეკარგა ხელისუფლება საკრებულოში.

„ამ გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობა 90-დღიანი ინდულგენციით პოლიტიკურ სანატარიუმში დასასვენებლად წავიდა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, ახლა საკრებულოს სამი თვის განმავლობაში აღარ აქვს უფლება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევის საკითხი დააყენოს.

მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ყველგან დგას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უმრავლესობის მოპოვების პრობლემა და ამის გამო ვითარებაც ხშირად იძაბება, ამიტომ ალბათ რაღაც გზა უნდა გამოიძებნოს, რათა თვითმმართველ ორგანოებში ამგვარი ინციდენტების პრევენცია მოხდეს. შესაძლოა, თვითმმართველობის რეფორმაც უფრო სწრაფი ტემპებით უნდა გატარდეს, რათა ადგილებზე კონფლიქტების აღმოფხვრა მოხდეს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ საცოდავ მდგომარეობაშია, რომ თავმჯდომარის შენარჩუნებისთვის მსგავს ხრიკებზე წასვლა უწევს. აქვე ექსპერტი სვამს კითხვას - რად უნდა „ნაცმოძრაობას“ ისეთი თავმჯდომარე, თუკი საკრებულოში უმრავლესობა აღარ ეყოლება.

„ამდენს უბრალოდ აღარ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. ის ახლა ისეთ რეჟიმშია, რომ ყველაფერზე „არა“-ს დაძახება და ყველაფრისთვის ხელის შეშლა უნდა, ოღონდ ეს ხელის შეშლა რაში ადგება, ამაზე აღარ ფიქრობს. მათ ქმედებებში აღარ იკითხება არანაირი სტრატეგია, გარდა სურვილისა, რომ რაც შეიძლება მეტად გაამწარონ „ქართული ოცნება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ამის მაგალითი იყო საკრებულოში დღეს განვითარებული მოვლენები, ასეთ პირობებში კი, ექსპერტის აზრით, ეს გამწარების პრინციპი რაღაც დროის განმავლობაში გაძლებს, მაგრამ უსასრულო ვერ იქნება. ამასთანავე, რაც უფრო ცდილობენ „ნაციონალები“ მმართველი გუნდის გამწარებას, საზოგადოებაში მით უფრო მეტ აგრესიას იწვევენ და უფრო ხშირად იქნება ისეთი რეაქცია მათ ქმედებებზე, რაც დღეს იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებმა საკრებულო სიცილით დატოვეს. ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე უკვე გაბრაზებაც აღარ არის, შეცოდების ტიპის რეაქციაა. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ არჩევნებზე ისევ შეეცდებიან, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ ექსპერტი ვარაუდობს, რომ თავად მოსახლეობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ნაციონალებისთვის ეს ფრონტიც დაიკეტება.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ როგორც მთელს ქვეყანაში ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს უფლებები გაეზარდა და ერთი პირი უკვე ხალხის წარმომადგენელს ვეღარ „გადაახტება“, ანალოგიური რეფორმა არის გასატარებელი ადგილობრივ დონეებზეც, რათა საკრებულოს უფლებები გაიზარდოს. ექსპერტის თქმით, ეს უნდა მოხდეს არა პოლიტიკური დავის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა ერთ პრინციპზე უნდა იყოს აწყობილი.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ის, რაც ადგილობრივ საკრებულოებში ხდება, ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია. კერძოდ, საკრებულოს ნაციონალი წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებს ტოვებენ და ან დამოუკიდებელი დეპუტატების სახით აგრძელებენ მოღვაწეობას, ან სხვა ფრაქციებში გადადიან. ექსპერტის შეფასებით, პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს არც არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან საზოგადოების უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მეორე მხრივ, კი ყველა კარგად ხედავდა, რა მეთოდებით მართავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში და ყველამ კარგად იცის, როგორ იქნენ საკრებულოს წევრები თავის დროზე არჩეულები.

„ეს არჩევნები არ შეიძლება სამართლიანად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს და მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოების ლეგიტიმურობას დღეს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და გულისწყრომა ყველასთვის უნდა იყოს გასაგები. ამდენად, საკრებულოს წევრების „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებიდან გამოსვლა სრულიად ლოგიკური და გასაგებია. ამიტომ აქ ზეწოლაზე საუბარი ალბათ მაინც უადგილოა“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, თუ ზეწოლის კონკრეტული ფაქტები არსებობს, ამაზე მტკიცებულებები უნდა დაიდოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც მოხდეს. არმაზ ახვლედიანის თქმით, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია და დღეს თუ ხვალ, ის უმცირესობაში აღმოჩნდება, რის შემდეგაც აუცილებლად დადგება საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევის საკითხიც.

ექსპერტი მმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ვერანაირი რეფორმა ვერ გაითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, რაც თბილისის საკრებულოში მოხდა, რადგან ექსპერტის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ქმედებებით კანონი ბოროტად გამოიყენა“.

„ფორმალურად ყველა ნორმა დაცულია, მაგრამ წინასწარ იცოდნენ, რომ საკითხი ჩავარდებოდა და მიიღეს ის, რომ ზაალ სამადაშვილის უნდობლობის საკითხი სამი თვის განმავლობაში აღარ დადგება. ეს იყო მათი მიზანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი ქმედებები მათთვის წამგებიანია“, - ამბობს ზარდიაშვილი.

მისი თქმით, კანონი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს. ამიტომ თავად ხალხმა უნდა გააკეთოს ისეთი არჩევანი, რომ ასეთი ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აღარ გააკაროს. ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების უმეტესობაში უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ამიტომ ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება. აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ მთავარია, რა ფორმით განხორციელდება ეს რეფორმა.

„მიაქციეთ ყურადღება, თუ პირველი პირი, გამგებელი პირდაპირ ავირჩიეთ, საკრებულო გინდ გვყოლია და გინდ - არა. მთავარი იქნება ეს პირველი პირი, რომელიც ადგილობრივ სამსახურებს თავის გემოზე დააკომპლექტებს, თავის გუნდს მოიყვანს და არსებულ კადრებს გაუშვებს. ამიტომ, ასეთი ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ კაცის შოუ იქნება“, - აღნიშნავს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ევროპული გაგებით სწორედ საკრებულოს უფლებაა, ანუ მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დემოკრატია, და არა მაჟორიტარული, რასაც ეს რეფორმა ითვალისწინებს.