გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ კვლევაზე:  ეს არის მოდელირებული რეიტინგი, რომელსაც ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნია

გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ კვლევაზე:  ეს არის მოდელირებული რეიტინგი, რომელსაც ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნია

ეს არის მოდელირებული რეიტინგი, რომელსაც ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ჩატარებულ შიდაპარტიულ კვლევას გამოეხმაურა.

გეგელიას მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ობიექტური რეალობით შეშინებულია.

„რეალურად, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი 43-პროცენტიან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს კარგად იცოდა და შარლ მიშელის შეთანხმება ისტერიული დემარშით ამიტომაც დატოვა, რითაც ქართველი ხალხის, კოლეგების და დასავლელი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს გაექცა.

მათი პარტიული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაარწმუნონ, რომ მათ კვლავ გააჩნიათ არჩევადობა და საზოგადოება მხარს უჭერს. სინამდვილეში, მათ მხარს არავინ უჭერს და ეს არის მოდელირებული რეიტინგი“, - აღნიშნა გეგელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის მიზანია მმართველი პარტიისთვის სასურველი მიმართულებით საზოგადოების განწყობის შეცვლა. მანვე დაამატა, რომ მსგავსი მიდგომა არ იმუშავებს.

„ჯანდაცვის სისტემის კრახისა და არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, „ქართულ ოცნებას“ მხარს აღარავინ უჭერს. მათივე გაკეთებულ სოციოლოგიურ კვლევაში რაც არ უნდა დაიწერონ დიდი ციფრები, ეს აღარაფერს შეცვლის. ჩვენ არაერთი ობიექტური, დამოუკიდებელი კვლევა ვნახეთ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ბევრად ნაკლები მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ - 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ - 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.