2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დრებოთი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტსა და მოვლენას. ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მხრიდან ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდოდატის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციამ საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის დ-ქვეპუნტზე მითითებით გაასაჩივრა ეს შეხვედა, რასაც არ ჰქონდა არანაირი საფუძველი.
„საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, მასწავლებებისა და იქ დასაქმებული პირების სამსახურებივი ნიშნით შეკრება. ავთანდილ თალკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან. რომელიც არ ხვდება არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის საარჩევნო კოდექსის დასახელებული ნორმის დარღვევა.
„შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.