არჩევნების მერე პურის სუბსიდირების აუცილებლობა ისევ დადგება

არჩევნების მერე პურის სუბსიდირების აუცილებლობა ისევ დადგება

მსოფლიოში ხორბალი ისევ ძვირდება. საქართველოში ფასის გადახედვა ოქტომბრამდე არ იგეგმება, მაგრამ შემდეგ უკვე, შესაძლოა, ასოციაციამ ხელისუფულებას სუბსიდირებისთვის კვლავ მიმართოს. ოქტომბრამდე ვითარება უცვლელი იქნება, მერე კი რა მოხდება, არავინ იცის.

„ქართულ ბაზარზე ხორბალი შემოდის რუსეთიდან, ნაწილი ხვდება კახეთის წისქვილებში და იქედან წამოსული ფქვილი ღირს 55 ლარი და ბევრი წარმოება ამას ყიდულობს, რადგან კარგი ფქვილია. დიდ წისქვილებში დამზადებული ფქვილი კი - 62 ლარი ღირს.

სუბსიდირების დასრულების შემდეგ 10 თეთრით რომ გაიზარდა პურის ფასი, მას შემდეგ ეს ღირებულება შენარჩუნებულია და ოქტომბრამდე არ იგეგმება გადახედვა. მერე ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება.

არჩევნების მერე ალბათ, ისევ მივმართავთ მთავრობას, რომ სუბსიდირების პროგრამა, ან რამე ასეთი ინექცია გამოიყენონ. ჯერ რომ გითხრათ, საქართველოში ბოლო გაძვირება არ ასახულა. ამასთან, წელს ქართული ხორბლის მოსავალიც კარგია. აქამდე თუ ბაზრის 10% ეჭირა, წელს უკვე 15%-მდე არის გაზრდილი. თუმცა, როგორც ვიცი ლოჯისტიკა, კომბაინების დეფიციტი წელს პრობლემა იყო ფერმერებისთვის“, - განაცხადა პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ.

გარდა საერთაშორისო ფასებისა, ადგილობრივი ბაზრისთვის სერიოზული პრობლემაა გაზრდილი გადასახადები, რამაც სამეწარმეო ხარჯის სერიოზული ზრდა გამოიწვია.

„არ მესმის წყალი რატომ უნდა ღირდეს ასე ძვირი, წისქვილსითვისაც, მეპურისთვისაც და მოსახლეობისთვისაც უსაშველოდ მაღალი გადასახადია. ამ დროს წყალს მიაქვს ქვეყანა და ასეთი ძვირი არ უნდა ღირდეს. ყველა მსხვილი კომპანია გავიდა ბაზრიდან რეგიონებში, ტარიფებს აარიდეს თავი, ჩვენ კი შეგვრჩა ეს გაზრდილი გადასახადი, რასაც ბზინესი ძლივს უმკლავდება.

იმის მაგივრად, რომ ხალხს პანდემიით გამოწვეული პრობლემა შეუმსუბუქონ, ხარჯი გაგვიზარდეს. შეიძლება, ბევრად მარტივი ურთიერთობაც ჩამოყალიბებულიყო, ბიზნესს ყელში აქვს ხელი წაჭერილი ამხელა გადასახადებით“, - დასძინა მალხაზ დოლიძემ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციციის თავმჯდომარე ლევან სილაგავაც ამბობს, რომ რუსული ხორბლის ფასი კვლავ გაიზრდება, ბაზარზე ეს მომავალი კვირის შემდეგ აისახება. რუსეთი კი საქართველოსთვის მარცვლეულის უმთავრესი მომწოდებელია.

„12 აგვისტოს, გამოქვეყნდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ანგარიში მსოფლიოში ხორბლის ბალანსის შესახებ. სერიოზულად არის შემცირებული რუსეთის, კანადის და ამერიკისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამის შემდეგ, ეს ასახვა მოხდა საფონდო ბირჟებზე. ევროპაში ე.წ. ფსიქოლოგიური 300-დოლარიანი ნიშნული უკვე გადალახულია, რაც სერიოზული თემაა და წლევანდელი ვაჭრობა სავარაუდოდ, დაძაბული იქნება.

ჯერ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მოსავლის აღება არ დასრულებულა და შესაბამისად, ასახვა სრულად არ მომხდარა. ეს ყველაფერი რუსულ ბაზარზე, ალბათ, მომავალი კვირიდან აისახება. მოლოდინიც ასეთია, რომ რუსული ხორბალი გაძვირდება.

ერთადერთი დადებითი ტენდენცია ჩვენთან არის ლარის კურსის სტაბილურობა. მოგეხსენებათ, ხორბლის ფასთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

რაც შეეხება სუბსიდირებას, ჩვენი ასოციაცია ამას არასოდეს ემხრობოდა. პირდაპირ ვამბობ, ჩვენი ასოციაცია წინააღმდეგი იყო ფქვილის სუბსიდირების. ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ბაზრის მომხრე ვიყავით. ახლა, თუ სუბსიდირება მოხდა, ჩვენი შეთავაზება იქნება, პურის წარმოებაში გაკეთდეს სუბსიდირება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სილაგავამ.