დედაქალაქში ტაქსების დიქტატურა დამყარდა - ასე იცის ტრანსპორტის გაჩერებამ!

დედაქალაქში ტაქსების დიქტატურა დამყარდა - ასე იცის ტრანსპორტის გაჩერებამ!

ბოლო სამი დღის განმავლობაში თბილისში ტაქსით მომსახურეობა, საშუალოდ, 80%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, CNews ავრცელებს. თუმცა, კვლევა რად უნდა იმას, რასაც ახლა ყველა მგზავრი გრძნობს. ტრანსპორტის შეზღუდვამ ხალხი ფინანსურადაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. სატაქსო კომპანიებმა და კერძო ტაქსებმა ყოველგვარ მორალურ ზღვარს გადააჭარბეს და ფასები გააორმაგეს.

როგორც თავად ტაქსის მძღოლები ადასტურებენ, ფასების ზრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ და მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

მაგალითისთვის, ტაქსით მომსახურეობა მარშრუტზე ავლაბარი-დიდუბე თუ 16 აგვისტომდე, მინიმუმ - 6 და მაქსიმუმ - 10 ლარის ფარგლებში იყო, 16 აგვისტოს შემდეგ კომპანიები იმავე მარშრუტზე 12-20 ლარს ითხოვდნენ.

„გაიზრადა მოთხოვნა. ქუჩებში საცობებია. შესაბამისად, გადაადგილების ხანგრძლივობა გაგვეზრდა და ამიტომ კომპანიამ მიიღო ფასების ზრდის გადაწყვეტილება“, – განაცხადა „ბოლტის“ კომპანიის მძღოლმა.

„იანდექს ტაქსის“ მძღლების განმარტებით, მათთან ფასების ზრდა, დაახლოებით, 50-60%-ის ფარგლებშია.

კომპანია „მაქსიმის“ ტაქსიზე ცალკეულ მარშრუტებზე 100-150%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კომპანია 6-ლარიანი ღირებულების მარშრუტზე კლიენტებს მომსახურეობას 15 ლარად სთავაზობდა.

კერძო ტაქსის მძღოლებმა მომსახურეობა 60-70%-ის ფარგლებში გააძვირეს.

იგივე მდგომარეობა ფიქსირდება საქართველოს რეგიონებში, სადაც ტაქსის მომსახურეობაზე ფასების ზრდა 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს.

მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ. იურისტმა ვარლამ ხათრიძემ შემდეგი სახის სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა:

„ვაკიდან დიდუბემდე ტაქსმა 50 ლარი მოითხოვა (დაუჯერებლია, მაგრამ რეალობა). ასე გამოხატავენ ტაქსის კომპანიები და ტაქსის მძღოლები პანდემიის დროს თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციებს. ყოჩაღ, ასეთი საზოგადოება აღმოვჩნდით! 2008 წლის ომის გმირების პარალელურად, პანდემიის „გმირებიც“ გვყავს! სირცხვილი!“

სატაქსო კომპანია „ქართულ ტაქსის“ დამფუძნებელი ედუარდ ლომიძე აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა შეზღუდვებიდანაა გამოწვეული და ეს მდგომარეობა მანამდე შენარჩუნდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამოძრავდება.

„ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა არსებული შეზღუდვები, შემოსავლის გაზრდისთვის გამოიყენეს. გაზრდილი ტარიფები მანამდე შენარჩუნდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამოქმედდება“, - განაცხადა „ქართული ტაქსის“ დამფუძნებელმა და იქვე თავი იმართლა, რომ მას მომსახურების გაძვირება ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო მოუწია.

„დღეს ბაზარზე უმეტესწილად უცხოური კომპანიები ოპერირებენ. მძღოლს შეუძლია ნებისმიერი კომპანიის აპლიკაცია გადმოწეროს და სადაც მაღალი ტარიფია იმ კომპანიის გამოძახებები აიღოს. ყველა უცხოურმა კომპანიამ ტარიფები მნიშვნელოვნად გაზარდა, მძღოლები ჩვენთან ფაქტობრივად, აღარ მუშაობდნენ და მათ დასაბრუნებლად ტარიფი 1-2 ლარით გავზარდეთ.

გვესმის მომხმარებლისაც და ტარიფებს არ გავზრდიდით, თუმცა გამოძახების დროს მძღოლები მაღალი ტარიფით მოქმედი კომპანიის გამოძახების მიღებას ანიჭებენ უპირატესობას. იძულებული ვარ მოვუმატო, რათა მძღოლებმა ჩვენს კომპანიაში შემოსულ გამოძახებაზე მიაკითხონ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ედუარდ ლომიძემ.

აშკარაა, რომ სატრანსპორტო განუკითხაობა მინუმიმ 5 სექტემბრამდე გაგრძელდება და თუკი სამომავლოდ ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა, სატაქსო მომსახურება ალბათ მორიგ ანტირეკორდს დაამყარებს.