სოსო ცისკარიშვილი: „უმრავლესობა დაჭერილია, ახლა საკუთარ თავს მიხედეთ, რომელია თქვენში დასაჭერი“

სოსო ცისკარიშვილი: „უმრავლესობა დაჭერილია, ახლა საკუთარ თავს მიხედეთ, რომელია თქვენში დასაჭერი“

კიდევ ერთხელ - ხელისუფლების მხრიდან, მედიის გაკონტროლების მცდელობაზე, კიდევ ერთხელ - ბოლო დროს, ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაპირისპირების შესახებ და კიდევ ერთხელ, დასმული კითხვა – ვინ წყვეტს საქართველოს მომავალს, პრესაგე.ტვ–ის კითხვებს პასუხობს „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

 

იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ პირობას უყენებს დემოკრატიის გასავითარებლად, სააკაშვილი სულ უფრო და უფრო ცდილობს მედიის გაკონტროლებას. ეს გამოწვევაა, თუ ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაშია?

– შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც კი უცხოელი დიპლომატები თვალს მოეფარებიან, ჰგონია, რომ ისინი უკან არ დაბრუნდებიან საშობაო თუ საზაფხულო არდადეგებიდან. ამ დროს ხდება ყველა მათი ოცნების განხორციელებისკენ სწრაფვა და სწორედ ის შემთხვევა, რაც presa.ge–ს და itv.ge–ს ირგვლივ ხდება ამის დამადასტურებელი გახლავთ. სწორედ, დეკემბრის ბოლოს მოინდომეს ამ პოპულარული და ავტორიტეტული გაერთიანების ხელყოფა, რაც ცხადი გახდა იმ წუთიდან, რაც იქ მივიდა ახალი დირექტორი, მისი ვინაობიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

 

presa.ge–ს მიმართ უფრო ადრეც იგრძნობოდა საფრთხე, როდესაც საქართველოს დატოვება მოუწია „კავკასუს ონლაინის“ მფლობელს. ამიტომ, მედიაზე ზეწოლის ფორმებში სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ელექტრონული მედიის გაკონტროლების მცდელობა. დიახ, ეს დამოუკიდებელი ჯგუფი ჟურნალისტების უნდა მოხვედრილიყვნენ არსებული მალული ცენზურის კონტროლის ქვეშ, რაც მათ, როგორც ღირსეულმა მოქალაქეებმა, არ იკადრეს და გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ presa.ge–ს ადგილმონაცვლე. ახალ მისამართს ადვილად მიაგნებს დაინტერესებული მკითხველი, რადგან ძალდატანებით ამ საიტზე არავინ შედიოდა, მის მიმართ ყოველთვის იყო ინტერესი და ეს ინტერესი ყოველთვის კმაყოფლდებოდა მაღალი პროფესიონალიზმით.

 

საუბარი ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი იღწვიან მედიის განვითარებისთვის, თუნდაც ამ ფაქტით, დასრულებულია. ეს გახლავთ საკმარისი თვითლუსტრაცია, „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“ – კი არა, მოსატყუებელი უკვე აღარავინ გყავთ, ბატონებო, აქაც, შორსაც! ამიტომ, ახალს ვერაფერს შესთავაზებს ხელისუფლება საზოგადოებას გარდა იმისა, რაც მათ მოსდგამთ გენეტიკურად, დღიდან მოსვლისა ხელისუფლებაში.

 

ჩვენ პირველივე დღიდანვე გავაფრთხილეთკავკასუს ონლაინისხელმძღვანელობა, რომ ყველა ჟურნალისტი დატოვებდა საიტს, ამის მიუხედავად, მაინც არ დაგვითმეს დომენი და ახლა ხელში შერჩათ მხოლოდ 7 ასო–სიმბოლო. როგორ ფიქრობთ, რა იყო მოტივი – ბრენდის ხელში ჩაგდება თუ ჩვენი გაჩუმება?

– თქვენ ნუ ჩათვლით, რომ ეს აქცია მიმართულია მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ, ეს არის სრულიად მკაფიო გზავნილი ყველა იმ ელექტრონული მედიის წარმომადგენლისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული არსებული ცენზურის მიმართ მორჩილება. ეს მათთვის იმდენად მატერიალური ინტერესი არ იყო, რამდენადაც სურვილი ცნობილი ბრენდის გამოყენებისა საკუთარი ინეტერესებისთვის. მე მივესალმებოდი ხელისუფლების ნაბიჯს, როცა ისინი ქმნიდნენ ჟურნალ „ტაბულას“, რადგან ჟურნალ „ლიბერალში“ დღევანდელი რედაქტორის ნაცვლად რომ მიეყვანათ „ტაბულას“ რედაქტორი, მიიღებდნენ ისეთ სურათს, როგორც presa.ge–ს შემთხვევაში მოხდა.

 

იმ დღეს, როცა presa.ge–ს ჟურნალისტებმა საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მხედველობაში მაქვს ბურჯანაძე–გაჩეჩილაძის დაპირისპირება. დღეს, როცა ოპოზიციას ყველაზე მეტად სჭირდება ერთად დგომა, არ მახსოვს ასეთი ბინძური მეთოდებით ოპოზიცია ადრე დაპირისპირებოდა ერთმანეთს. სწორედ ახლა, რის მომასწავებელია ეს დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის?

– ჩემი აზრით, ღირებულებათა აღრევის ფაქტის წინაშე ვდგავართ და ურთიერთბრალდებით არსებობა ოპოზიცურ სპექტრში ლამის წესად იქცა, თანაც - ბრალდებით, რომ ერთი პარტიის მხრიდან მეორე პარტიის მიმართ კრიტიკა არის ხელისუფლების დაკვეთა. ხოლო თუ მეორე პარტია აკრიტიკებს პირველს, ეს არის პატრიოტიზმი. რადგან მყარდება განცდა, რომ ურთიერთკრიტიკა არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა, მოდით ამ კუთხით შევაფასოთ ფაქტი ყველამ და დავსვათ კითხვა – რატომ ახლა?

 

თუ რაიმე ფაქტები და სამხილი არსებობდა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია და ამაზე დუმს ვინმე, ეს დანაშაულია და დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. როდესაც ქუთაისში წვრილ მოვაჭრეებს აპატიმრებენ იმისთვის, რომ 50 ლარი მიუცია სახელმწიფო მოხელისთვის საკუთარი ინტერესების გასატარებლად, მაშინ თუ ვინმე მართლა მილიონებს აძლევდა სხვას საკუთარი ინტერესების დასაცავად, ის ადამიანები რატომ არ არიან დაპატიმრებულები? ანუ, ძვირფასო ხელისუფლებავ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გაქვთ – უმრავლესობა დაჭერილია, ახალა საკუთარ თავს მიხედეთ, რომელია თქვენში დასაჭერი.

 

ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აწყობს ოპოზიციის მსგავსი პოზა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შიდაკონკურენციას ხომ არ სცდება და დაპირისპირების მიზეზი გარეთ ხომ არ უნდა ვეძებოთ?

– არ მგონია, შიდა და გარე პოლიტიკასთან ადგილი ჰქონდეს ისეთ ბრალდებებს და იმ ფაქტების გამომზეურების მცდელობას, რომელიც ადვილად დასაჯერებელი არ არის. ამას უფრო ღრმა კვლევა სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური ძალას, ვინც დაკავდება სხვისი დისკრედიტაციის მცდელობით, თავად ვეღარ ექნება პრეტენზია რაიმე წარმატებისა. კომპრომატებით ერთმანეთის რბევა იწვევს ერთმანეთის ჩაძირვას. ვის ინტერესებში შედის ეს, ამას, ალბათ, მოასწრებენ პოლიტიკოსები და ჩაძირვის წინ იტყვიან.

 

ბურჯანაძეც და „ახალი პარტიაც“ რუსული ნიშის ასათვისებლად იბრძვიან, მითუმეტეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ  დასავლური ღირებულებების აბსოლუტური დისკრედიტაცია მოახდინა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ბურჯანაძის მხრიდან კრემლში თავის მოწონების შემთხვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

– რასაც თქვენ ბრძანებთ, ესეც ერთ–ერთი მეტნაკლებად დამაჯერებელი ვერსიაა, პასუხად კითხვაზე – რატომ ახლა? სხვა ახსნის მოძებნა ძნელია, რადგან ჩემთვის ცნობილია, რომ განვლილი წლების განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა თანამშრომლობის მცდელობა  დღეს დაპირისპირებულ ძალებს შორის. თანამშრომლობა არ შედგა, მაგრამ არ მსმენია, რომ ამის მიზეზი რომელიმე მხარისთვისადრე გადადგმული ნაბიჯის მიუღებლობა ყოფილიყოს.

 

შესაძლებელია, იყოს ასეთი მცდელობები მიმართული რუსული პოლიტიკური ბაზრის უკეთ მორგებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ხერხები, რომელიც არსებობს პოლიტიკაში, შესაძლოა, სხვას აშავებს, მაგრამ თავად მის გამომყენებელს ფინალში თეთრად ვერ დატოვებს.

 

შეიძლება ითქვას, დღეს ნდობის ნატამალიც კი არ შერჩათ ოპოზიციურ ლიდერებს, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდის ყოფილა ოპოზიცია ასე იმიჯშელახული?

– ეს გახლავთ ბუნებრივი შედეგი მდგომარეობისა, რომელსაც ჰქვია სასოწარკვეთილება. არა იმიტომ, რომ დღევანდელ ოპოზიციას ან ნიჭი არ გააჩნია, ან – ინტელექტი... ავტორიტარიზმთან ბრძოლის შინაგანი მზაობა არ აღმოჩნდა იმ დონის, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ, მოსახლეობა დაერწმუნებინა სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობაში. როდესაც პროფესიად ირჩევ პოლიტიკოსობას და ვერ ხვდები, როგორ უნდა გამოხვიდე ჩიხიდან, ასეთ ვითარებაში, ცხადია, ხერხები, რომლის გამოყენებაც გიწევს, სულ უფრო ნაკლებადაექვატურია. ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მიგვანიშნებს ერთზე – რაც შეიძლება მალე, აუცილებლად მოიძებნოს ერთიანი საზოგადოებრივი მუხტი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების დინება იყოს შესაფერისი იმ ძალადობისა, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოება განიცდის.

 

ფიქრობთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციაში რესურსი კიდევ დარჩა?

– რესურსი არსებობს, და თუ მისი მობილიზება, ინსტიტუციონალიზაცია ვერ მოხერხდა მაშინ, განწირული იქნება ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ვშიშობ, რომ - საზოგადოების ნაწილიც, რადგან ხელისუფლების შეცვლის არაცივილიზებულ ფორმებს გადავყავართ საუკუნეების წინანდელ ისტორიაში, სადაც ტერმინი ”დემოკრატია” საერთოდ არ აღიქმებოდა რაიმე ფასეულობის მატარებლად და წარმატების სიღრმე იზომებოდა დაღვრილი სისხლის რაოდენობით. მგონი, არავის ინტერესში არ შედის ქვეყნის განვითარების ასეთი სცენარი, გარდა ქვეყნის მტრებისა და ამიტომ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მხოლოდ ურთიერთობების ფორმების დახვეწაში შეიძლება ხედავდნენ ერთიანად გადარჩენის გზას.

 

ამ ფონზე, რამდენად საიმედოდ გამოიყურება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ „რვიანს“ შორის მოლაპარაკებების პროცესი?

– თავად ხელისუფლებასთან დიალოგში ჩართული ოპოზიცური ძალები არ არიან ოპტიმისტურად განწყობილნი ამ მოლაპარაკებების მიმართ და მითუმეტეს, მე ვერ გავიზიარებ რაიმე ოპტიმიზმს. საარჩევნო პროცესების დასარეგულირებლად ამ 8 პარტიის მიერ წარდგენილი სქემაც ჩემთვის არაერთ უპასუხო კითხვას შეიცავს.

 

რას გულისხმობთ?

– არსებობს კითხვები, რომლებსაც ისინი საჯაროდ ვერ გასცემენ პასუხს. თუნდაც - ცესკო–ს დაკომპლექსების წესს. რატომ სთავაზობს 8 პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას პრაქტიკულად იგივეს, რაც დღეს არის ცესკოში? 

 

იმის თქმა გინდათ, რომ ეს მოლაპარაკებები ფარსია?

– არა, ფარსი არ არის. ეს არის სიტუაციის გამოსწორების გულწრფელი მცდელობა, მაგრამ წინასწარ დასათმობი თემების გაჟღერება, არ არის მოლაპარაკების ტექნიკის მახასიათებელი, ეს არის „ბიძია დამეხმარე“–ს თემა და ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ ამ საკითხში აპირებდეს რამის დათმობას.

 

ჩვენ ვემზადებით 2013 წლის შემდეგ, როცა ახალი პრემიერ–მინისტრი გვეყოლება, ჩვენი ფავორიტი და მხარდამჭერი აღარ იყოს შეერთებული შტატები. იმ დროისთვის ჩვენ თურქეთთან, რუსეთთან, ირანთან, სინგაპურთან და ა.შ. დავარეგულირებთ ისეთ ურთიერთობებს, რომ არ ვიყოთ ცალსახად ამერიკაზე დამოკიდებული და გავინავარდოთ ჩვენი კავკასიური თვითშეგნებით.