გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა და უკან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საქართველოს მთავრობას უჩივლეს

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა და უკან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საქართველოს მთავრობას უჩივლეს

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათ უფლებს „გაერთიანებული პროფკავშირები“ იცავს. საქმე საკმაოდ ხმაურიანი იქნება, რადგან არც ერთი უკან დაბრუნებული მოქალაქე კმაყოფილი არ არის. ისინი პასუხს მთავრობას სთხოვენ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა უმეტესობა პროგრამით უკმაყოფილოა, თუმცა ამ ეტაპზე 11 მოსარჩელეა, რომლებსაც პროფკავშირები საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.

„სასამართლოში შევიდა სარჩელი, დაზარალებულებს ჩვენი ადვოკატი ემსახურება. ეს ხალხი დარჩა მოტყუებული, გასწია ხარჯი და არ შეუსრულდათ ის დანაპირები, რაც სამინისტროს, უშუალოდ დასაქმების სააგენტოს მხრიდან იყო შეთავაზებული. გერმანულმა მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები უხეშად დაარღვია.

ჩვენ გვყავს ამ ეტაპზე 11 მოსარჩელე, რომელთა უფლებებსაც დავიცავთ. სეზონურ სამუშაოზე წასული მოქალაქეების დიდი ნაწილი სარგებლის ნაცვლად, ფინანსურად და მორალურადაც დაზარალდა. შავით თეთრზე წერია ხელშეკრულებაში, რა პირობებში უნდა ეცხოვრათ, როგორ უნდა ემუშავათ, რაც ვერ მიიღო ამ ხალხმა, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო, ობიექტურ შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - განუცხადა „კომერსანტს“ პეტრიაშვილმა.

პროფესორი ბადრი რამიშვილი კი საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, ქვეყანამ ვერ უპატრონა საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში მონურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და მოლოდინი გაუცრუვდათ.

„უშუალოდ გერმანიაში რა მოხდა, ვერ ვიმსჯელებ, რა თქმა უნდა, პანდემიაც იქონია გავლენა. ყველგან მუშახელის სიჭარბეა და ამ მხრივ დასაქმების მსურველებს გერმანიაშიც უჭირთ. მიწოდება მეტია, ვიდრე შრომის ბაზარი ამის საშუალებას იძლევა. ეკონომიკის მთელი რიგი დარგები გაჩერდა ევროპაში, უმეტესად ის სფეროები, სადაც შავი მუშის საჭიროება არსებოდა.

ყველა მთავრობა თვითონ არის საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებელი, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებაც. მერე რა, რომ გერმანია წესრიგის მქონე სახელმწიფოდ მიიჩნევა! წესრიგი არის თავისი მოქალაქეებისთვის. თუ დაინახეს, რომ ხარ მონა, პატრონიც არავინ გყავს, შესაბამისად მოგექცევიან.

პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. სამუშაო არის, ირანელებსა და ჩინელებსაც კი ვასაქმებთ და ჩვენი ხალხი სხვა ქვეყანაში ეძებს სამსახურს. დღეს თავისუფლად შეიძლება დღეში 50-60 ლარი გამოიმუშაონ და მაინც სხვა ქვეყანაში გარბიან“, - აღნიშნა რამიშვილმა.

გერმანიიდან დაბრუნებული ჯაბა ჩაჩანიძე კი ყვება იმ უმძიმესი პირობების შესახებ, როგორშიც ქართველები ევროპის მოწინავე ქვეყანაში აღმოჩნდნენ. მისი აზრით, ეს იყო მონური მდგომარეობა, რის გამოც ვადაზე ადრე, ოჯახიდან გაგზავნილი ფულით დაბრუნდა სამშობლოში.

„მაქსიმალურად ვიყავით ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. ჩაგვიტარდა ტრენინგები, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე წავედით. მონურ პირობებში გვაცხოვრეს და გვამუშავეს. დამსაქმებელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ჰყავთ ძალიან იაფად მომუშავე რუმინელთა ჯგუფი და ჩვენც ასე უნდა გვემუშავა. არ გვასარგებლეს ხელშეკრულების პირობებით, წვიმაში ჩექმებისა და საწვიმარის გარეშე ვიმუშავეთ მარწყვის პლანტაციაში, ჯოჯოხეთი იყო.

ვადაზე ადრე გამოვექეცი. 1100 ევრო დამიჯდა გამგზავრება და დაბრუნება, 1 თეთრი არ ჩამომიტანია იქიდან, სამაგიეროდ, დიდი სტრესი მივიღე“, - აღნიშნა ჯაბა ჩაჩანიძემ.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამა უკვე დასრულდა და იქ მხოლოდ 180 კაცი გაემგზავრა, არადა 5000 ადგილი იყო გამოყოფილი.

trampi დემოკრატია ეგაა ძმაო,....... აბა სხვა რა გგონიათ??
მეორეცააა და რატომ დაუჯერეთ მაგ ზღაპრებს?? არ იცოდიით რომ მუქთა ყველი მხოლოხ სათაგურშიაააა???
მესმის გაჭირვება და ეგეთი რაღაცეეები, ვიცი კაი ცხოვრების გამო არ წასულხართ,....... მაგრამ მაინც ....
და ბოლოს ბოდიში ....თქვენი განსჯისთვის
3 წლის უკან
ლაზი ამ პროგრამის მიმართ თავიდანვე გამოვხატე სკეპტიკური დამოკიდებულება. ვინმეს ჰგონია, სხვები, იტალიაში, საბერძნეთსა ესპანეთში ან ამერიკაში მონურად არ მუშაობენ? ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ადამიანი უმუშევარია, ემიგრანტს მონური სამუშაოს გარდა რას მისცემენ? იოლი ფული ამქვეყნად არ არსებობს, მით უმეტეს კანონიერად.
საკუთარი ძროხის მოვლას, უცხო მოხუცის მოვლა რომ ურჩევნია, ის ადამიანი მონაზე უარესია.
არ არის დღეს საქართველოში ისეთი მგომარეობა, შრომით თავის რჩენა რომ არ შეიძლებოდეს, მაგრამ შრომას გადააჩვია ხალხი, სწორედ საზღვარგარეთ წასულებმა. მათი ოჯახის წევრების უმეტესობა უსაქმურად სხედან და გზავნილების ლოდინში ათენებენ და აღამებენ. არაფრის გაკეთება არ იციან და როცა გზავნილები წყდება ისინიც საზღვარგარეთ გარბიან, მაგრამ შრომას მიუჩვევლები უბადრუკ მდგომარეობაში ვარდებიან.
დიდი შეცდომა იყო ამ პროგრამის სახელმწიფო რანგში აყვანა. ცრუ იმედები გაუჩინა ხალხს. ზოგიერთებმა სამუშაო მიატოვა და შინაური პირუტყვის გაყიდვა დაიწყეს, საზღვაგარეთ მივდივართო.
საბერძნეთში მოხუცის მომვლელად მოსამსახურეობა და გერმანიაში პლანტაციაში მუშაობა სხვადასხვა რამეა. კაცი საკუთარ მამულში რომ სარჩო სიმინდი ვერ მოიყვანს, გარმანული შრომისათვის ივარგებს? ქართული ანდაზაა: ძაღლი ეზოს მაყეფრად არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.
მიუხედავად ყველაფრისა, ცოდვა ეს ხალხი. კაცი ამბობს "ვადაზე ადრე გამოვექეცი. 1100 ევრო დამიჯდა გამგზავრება და დაბრუნება, 1 თეთრი არ ჩამომიტანია იქიდან"-ო. სახელმწიფო მათ წინაშე არ არის მართალი და გარკვეული კომპენსაციაც უნდა გადაუხადოთ, რაც რეალურად ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება. სამომავლოდ სახელმწიფომ ამ პროექტზე ხელი უნდა აიღოს. ეს მრავალმხრივ ნეგატიური პროცესია.
თუ ვინმე დამოუკიდებლად წავა, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
3 წლის უკან