„ვადამდელ საპარლამეტო არჩევნებზე საუბარი ზედმეტია“

„ვადამდელ საპარლამეტო არჩევნებზე საუბარი ზედმეტია“

წინასაარჩევნოდ ერთმანეთის მიყოლებით IRI-მ, GORBI-მ და NDI-მ კვლევები გამოაქვეყნა. სამივე კვლევა ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება - ერთგან თუ „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორეგან - ოპოზიცია.  

მმართველი გუნდი NDI-ის კვლევებს კვლავაც უნდობლობას უცხადებს. როგორც for.ge-თან უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, NDI ოპოზიციურ პარტიებთან კავშირშია შემჩნეული და მათ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები, არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა.

ქალბატონო ნინო, ბოლო ორი დღეა რეიტინგები აქტუალური თემა გახდა. ყველა გამოკითხვამ სხვადასხვა შედეგი დადო, როგორ შეაფასებდით ამ კვლევებს?

- GORBI-ის რეიტინგებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის, თითქმის, მეტ-ნაკლებად, დასტურდებოდა არჩევნების საბოლოო შედეგებთან მიმართებაში და ამიტომ შემიძლია, ნდობა გამოვხატო. თავისთავად კვლევის სფეციფიკაც იმგვარია, რომ გარკვეულწილად ცდომილებები არის, რასაც საბოლოო ჯამში კონკრეტული არჩევნები ადასტურებს. რა თქმა უნდა, არჩევნების საბოლოო შედეგებია გადამწყვეტი.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პარტიას ყოველი მეორე ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერა აქვს. ეს ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო დასტურდება. კიდევ იმედი მაქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზეც შესაბამის და სათანადო შედეგს ვაჩვენებთ, მით უმეტეს, რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრისას ამ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ამიტომ, როგორც პირადი მოსაზრებით, ასევე კვლევებიც ადასტურებს, რომ ამ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს.

NDI-ის კვლევებით „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს...

- NDI-თან დაკავშირებით ორი შენიშვნა გვაქვს, პირველი - არ ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც საველე სამუშაოს ატარებს და ამაზე არაერთხელ განგვიცხადებია და ასევე, ისინი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კავშირში არიან. ამიტმაც არ ვთვლით, რომ ისინი მიკერძოვებულები არ არიან. მეორე - თავად NDI-ის კვლევაშიც იყო მინიშნება, რომ შსაძლოა, აღნიშნული რეიტინგი შეიცვალოს.

ქალბატონო ნინო, ოპოზიციის წარმოამდგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. რა პასუხს გასცემდით მათ?

- ვადამდელ საპარლამეტო არჩევნებზე საუბარი ზედმეტია. თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, გარკვეული პერიოდი, ოპოზიციას გავყევით ავანტურაში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამ ხერხმა არ გაამართლა. შესაბამისად, შეთანხმებიდან გამოვედით - შეთანხმებიდან, რომელსაც მეორე მხარე საერთოდ არ ჰყავდა და ამ შეთანხმებაში ფაქტობრივად მარტო ვიყავით. ამიტომ, ამ საკითხს არც კი განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ არც ოპოზიცია არ განიხილავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს, მართალაც, სად არის ოპოზიცია?! მე ვერ ვხედავ ოპოზიციას ვერც რეგიონებში, ვერც ველზე, ვერც ამომრჩეველთან ვერ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიის ეკრანებთან და ერთადერთი აქტივობა მხოლოდ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის წარდგენა იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან თვალნათელია, რომ მათი დეორგანიზებული მოქმედება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მათ არანაირი იმედი არ აქვთ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების.

თავად ახსენეთ, რომ მხოლოდ თბილისში წარადგინეს მერობის კანდიდატი. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ასახელებენ რეგიონებში, რადგან არჩევნებამდე მცრე დროა დარჩენილი?

- ოპოზიციის პასიურობას წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ორი ახსნა ჰქონდეს - 1. მათ არანაირი იმედი არ აქვთ ამ არჩევნებში გამარჯვების, რადგან მოსახლეობის განწყობა იციან. 2. ისინი შიგნითვე ძალიან არეულები არიან. შესაბამისად, შიდა კვოტების გადანაწილებაზე ვერ თანხმდებიან და ვერც კოალიციურ წყობაზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციას თვითმმართველობის კანდიდატები არ ჰყავს.

ახალი საარჩევნო რეფორმის ფონზე, ოპოზიცია მაინც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს...

- ოპოზიცია უკვე რამდენიმე წელია აცხადებს თეთრზე, რომ შავია. მგონი ძველ ხალხურ ზღაპარს დაემსგავსა ეს ყველაფერი, რომ მათი ამ განცხადებების აღარავის სჯერა, მით უმეტეს, რომ 2020 წელს ყველა მხრივ ვნახეთ, არჩევნები როგორ გამოაცხადეს გაყალბებულად. თუ მათ შეგრძნებებზეა საუბარი, შეუძლიათ, თავიან შეგრძნებებში მოიხარშონ.

ასევე, ქვეყანაში შექმნილ ეპიდმგომარეობაზეც მინდა გკითხოთ. ასეთი რეკორდული კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, მაგრამ ეს საკმარისია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ჩაწყნარდეს?

- ეპიდმოცმულობა ნამდვილად არასასურველია. მძიმეა, თითოეული ადამიანის გარდაცვალებას როდესაც გებულობ. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად ცდილობს, რომ მძიმე ზეწოლას გაუძლოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთეთ, მათ შორის ვაქცინაციის ფართო არჩევანი რომელიც დღეს არსებობს, ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას, ამ რთული მოცემულობიდან ერთადერთი გამოსავალია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ აუცილებლად აიცრან, რათა საკუთარი სიცოცხლე დაიცვან. აქ საუბარი მხოლოდ ინფიცირებაზე არაა, რადგან ვაქცინაციის შედეგად შეიძლება დაინფიცირდე, მაგრამ ეს არ იქნება მძიმე ფორმებით და ლეტალური არ იქნება.

საარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, ჩვენ უკვე განაცხადი გავაკეთეთ იმის თაობაზე, რომ ჩვენი მხრიდან რეგულაციები მაქსიმალურად იქნება დაცული. რაც მთავარია, ვაქცინაციას დაექვემდებარებიან საარჩევნო კომისიაში ჩვენი წარმომადგენლები.

ჯანდაცვის სისტემა რამდენად გაუძლებს? საწოლთა რაოდენობაც უკვე საკმარისი აღარ არის და საუბარი საველე ჰოსპიტალების მოწყობაზეა.

- ყველაზე განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რომელიც შეიძლება პანდემიას მოჰყვებოდეს. შესაბამისად, ეს ქვეყნებიც გარკვეულ რეგულაციებსა და შეზღუდვებს აწასებენ. ჩვენც რაღაც პერიოდი შეზღუდვები გვქონდა, ახლა გვინდა, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა ჩავანაცვლოთ ვაქცინირებული ადამიანებით და ძალიან მსუბუქი რეგულაციებით. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის რესურსი შეუზღუდავი არ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინფექციის ჯაჭვი რომ გაწყდეს, ამის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. ასევე, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე იზრუნოს.

trampi ეს ოცნების ვერულაშვილია
2 წლის უკან