ოთხი განსხვავებული კვლევის ერთი საერთო ხაზი - „ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს  

ოთხი განსხვავებული კვლევის ერთი საერთო ხაზი - „ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს  

რა განწყობით უახლოვდება ქვეყანა ადგილობრივ არჩევნებს და რას ნიშნავს აგვისტოში გამოქვეყნებული სამი ორგანიზაციის და „ქართული ოცნების“ შიდა კვლევები? აგვისტოში უკვე მესამე სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩევლებში არსებული განწყობების სავარაუდო სურათს ქმნის. 2 აგვისტოს „აირაის“, 10 აგვისტოს „გორბის“ და 12 აგვისტოს „ენდიაის“ კვლევები გამოქვეყნდა. 13 აგვისტოს კი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას პარტიის მიერ ჩატარებული შიდა კვლევები გააცნო. ყველა კვლევაში ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია იკვეთება, რომ „ოცნებას“ „ნაციოანლურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს.

მეორე ტენდენცია კი, ისევ მზარდია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა. არჩევნებაამდე თვენახევრით ადრე, გამოკითხულთა თითქმის 50%-ზე მეტს კვლავ არა აქვს გადაწყვეტილი ხმა ვის მისცეს. კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ მოსახლეობა ოპოზიციის და საერთოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმაზე მეტი აიღო, ვიდრე ამას სოციოლოგები პროგნოზირებდნენ, ახლა მისი რეიტინგი საკამოდ დაწეულია.

ისიმის კითხვა - რატომ დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველი, სად წავა და ვისზე გადანაწილდება ეს ელექტორატი? ასევე, რა კატეგორიის ამომრჩეველმა თქვა ამ პარტიაზე უარი?

ანალიტიკოსები for.ge-სთან რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველ რიგში, ისინი ამბობენ, რომ პარტიის მიერ გაუთვალისწინებელმა 7-თვიანმა არასწორმა პოლიტიკურმა მანევრმა, რომელიც შემდეგ თავადვე უარყვეს, მის ამომრჩეველში სკეპტიციზმი გააჩინა. ასევე ენმ ბოლო დროს საკუთარი აგრესიული რიტორიკის მძევალი გახდა, რომელიც საზოგადოებას მობეზრდა. ხოლო პარტიის ე.წ. სექტანტური სტილის ამომრჩეველი, რომელიც მუდმივად სააკაშვილზეა ჩამოკიდებული, მისმა ტყუილებმა სამშობლოში დაბრუნების შესახებ, დაღალა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალები“ ხელისუფლებასთან წააგებენ, მაშინ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და არ გამორიცხავენ, რომ საერთოდ პარტია დაიშალოს. ამის კონტურები კი, უკვე იკვეთება. კერძოდ, მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე გავრცელებული ხმები თუ რეალობაა, მაშინ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიაში დიდი რყევები მოხდება. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილმა ელექტორატმა თავშესაფარი გახარიასთან ჰპოვოს. თუმცა, მათი დაკვირვებით, ასეთი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იღებს.

სამივე კვლევაში მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას“. „აირაისა“ და „გორბის“ შემთხვევაში „ოცნებას“ დაახლოებით 2-ჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაცმოძრაობას“, „ენდიაის“ შემთხვევაში კი, ეს უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სამივე კვლევა ივლისში, ან აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა. თუმცა რეალურ სურათს მაინც სექტემბერში ჩატარებული კვლევები აჩვენებს.

2 აგვისტოს „საერთაშრისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ („აირაი“) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 26%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 14%; „საქართველოსთვის“ (გიორგი გახარიას პარტია) - 9%; ლეიბორისტული პარტია - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოქალაქეები“ - 2-2%; „ერი“ (ლევან ვასაძე), „ევროპული საქართველო“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „დროა“ (ელენე ხოშტარია) და „გირჩი“ - 1-1%; სხვები - 1%; არ იცის/უარი პასუხზე - 27%“.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო ორგანიზაცია „გორბი“-მ 10 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 8,7%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა. ხუთშაბათს, 12 აგვისტოს კი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ („ენდიაი“) კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - პასუხები ასე განაწილდა: არც ერთი - 51%; „ქართული ოცნება“ - 18%; არ ვიცი - 10%; უარი პასუხზე - 9%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 6%; სხვა პარტიები - 6%. აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

ასევე გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, კახა კალაძე 66,2%-ს მიიღებდა, ხოლო ნიკა მელია- 33,8%-ს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ პარტიას ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის აღება შეუძლია. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს არჩევნებზე, პაპუაშვილი ამბობს, რომ კვლევის შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 46.3% , „ნაციონალური მოძრაობა“ – 23.3%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5.3%, „საქართველოსთვის“ – 5.2%, „მოქალაქეები“ – 3.3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.3%, „ლელო“ – 2.3%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.1%, „ევროპული საქართველო“ – 1.4%, „გირჩი“ – 1.2%, „ლეიბორისტული პარტია“ – 0.9%, „ერთიანი სქართველო“ – 0.8%, სხვა პარტიები – 5.6%

პაპუაშვილის განმარტებით, სოციოლოგიური კვლევა თბილისში 2-8 აგვისტოს პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში ჩატარდა და 3 446 გამოკითხულიდან ფავორიტი პარტია 2 728-მ (საერთო რაოდენობის 79.2%-მა) დაასახელა. კვლევის ცდომილება, მისი ინფორმაციით, 2.2 პროცენტს შეადგენს და გამოკითხვა პარტიაში 2020 წლიდან მოქმედმა სოციალური კვლევების ჯგუფმა ჩაატარა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის პროგნოზი თითქოს „ოცნების“ შიდა კვლევებით პარტიას რეიტინგი დააუვარდა, მცდარი აღმოჩნდა. ეს კი აგვისტოში გამოქვეყნებულმა ყველა კვლევამ აჩვენა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნება“ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. შესაძლოა, მოსახლეობის უმრავლესობას მმართველი გუნდი არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ ისევ არჩევანს ხელისუფლებაზე აკეთებენ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაცოპოზიცია და მისი გამხმოვანებლები მუდმივად ამბობდნენ, რომ შიდა კვლევებით, „ოცნებას“ რეიტინგი დაუვარდა და შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ამიტომ გადაწყვიტეს. თუმცა არ ამბობდნენ ეს შიდა კვლევები როდის ჩატარდა, რა მეთოლოგიით და ა.შ. ეს იყო ნაცოპოზიციიდან მორიგი ტყული, რაც აგვისტოში გამოქვეყნებული არაერთი კვლევით დასტურდება. რაც შეეხება კვლევის ტენდეციებს და „ნაციონალების“ რეიტინგის კლებას, ლოგიკური და გარდაუვალი იყო. თუკი ბოლო წლების ვითარებას შევხედავთ, საზოგადოებას მიუხედავად ხელისუფლების მიმართ დაგროვილი პრეტენზიისა, ოპოზიციაში მის შემცვლელს ვერ ხედავს, რაც 7 თვის მანძილზე ოპოზიციის მიერ დაწყებულმა წარმოუდგენელმა კამპანიამ დაანახა. ოპოზიციის ფლანგზე მუდმივად ტოკსიკური გარემოა, რომლებიც საზოგადოებას დეზინფორმაციით კვებავს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია შინაარსობრივად და საგნობრივად აკრიტიკებდეს, ბოროტი ტყუილების და ფეიკნიუსების გარდა არაფერს აკეთებენ, რასაც მოსახლოება კარგად ხედავს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება ენმ-ს და მისი რეიტინგის კლებას. აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველ რიგში, მოსახლეობა ქუჩის აქციებით და დესტრუქციული დღის წესრიგით დაიღალა. მეორეც ყელში ამოუვიდათ „ნაციონალების“ რიტორიკა, რომელიც მხოლოდ ბაქიბუქობასა და ტყუილებზე არის დაფუძნებული. ამ პარტიამ საკუთარი თავი დესტრუქციული რიტორიკის ტყვეობაში თავად მოაქცია და იქიდან გამოსავალს ვეღარ პოულობს. საზოგადოება მათ ქუჩაში არ გაჰყვება და არც მათი უკან ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. ე.წ. სექტანტური ამომრჩეველი კი, რომელიც მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული, ბელადის ტყუილებმა დაღალა. მუდმივი დაპირება ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ, მათში ნიჰილიზმს აღვივებს და პარტიის მიმართ კრიტიკულად განაწყობს.

„ენმ-ის ის ამომრჩეველი გაიქცა, რომელიც ერთი „ოცნების“ წინააღმდეგია და უნდა, რომ უპირატესობა ოპოზიციას მიანიჭოს. თუმცა ხედავს, რომ ეს პატარა პარტიებიც ისევ ნაციოანლების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და მათ მიმართაც გულგატეხილები არიან. დაინახეს, რომ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ნაციონალების ორბიტას ვერ მოშორდნენ და მათი ზეგავლენის ქვეშ დიდი ხანი იყვნენ.

 7-თვიანი უსაგნო ბოიკოტი ოპოზიციის მხარდამჭერებმა ვერ გაიგეს, რაც მათ რეიტინგზეც კარგად აისახა. არ მინდა პირდაპირ პროგნოზი გავაკეთო ეს ელექტორატი წავა თუ არა გიორგი გახარიასთან, რადგანაც ასეთი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იღებს. რეალური სურათი უფრო სექტემბრისთვის გვექნება. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ის ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან დიდ ცვლილებებს მოიტანს. დიდი გადაადგილებები და მოძრაობა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ენმ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაღვივდეს და მისი გაყოფა მოხდეს. მცირე პარტიების ნაწილი კი საერთოდ პოლიტიკურად გაბანკროტების წინაშე აღმოჩნდეს“,-ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

სოციოლოგი და თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი კი, ფიქრობს, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული კვლევების მიუხედავად, ყველა მათგანში ის სურათი გავქვს, რაც რელურად ქვეყანაში და პოლიტიკურ სპექტრში ჩანს. კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ კარგი რაც არის ისაა, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და არჩევნებზე წასვლას აპირებს.