გიორგი გამსახურდიას პოლიციელები ცემაში ადანაშაულებენ

გიორგი გამსახურდიას პოლიციელები ცემაში ადანაშაულებენ

(იბეჭდება შემოკლებით)

მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია ახალ სკანდალში გაეხვია.

ყოფილი პოლიციელი, მოქალაქე ხვიჩა კიკნაძე აცხადებს, რომ 5 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გიორგი გამსახურდიამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა სასტიკად სცემეს როგორც კიკნაძე, ასევე მისი მეგობარი გურამ ჯავახიშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის კადრების განყოფილებაში მუშაობს.

ნიშანდობლივია, რომ გიორგი გამსახურდიას გვარ-სახელი მსგავს სკანდალში პირველად არ ფიგურირებს.

კიკნაძეს და ჯავახიშვილს ცემის დროს დაუზიანეს მობილური ტელეფონი, საათი და ა.შ. დაზარალებულების მხრიდან ჟურნალისტების ხსენებას ნივთების დაბრუნება მოჰყვა.

დაზარალებულებმა სარჩელი შეიტანეს მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურაში. გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ კიკნაძე და ჯავახიშვილი ავანტიურისტები ან სულაც კარიერისტები არიან.

„რეზონანსი“ დაზარალებულს, ხვიჩა კიკნაძეს ესაუბრა.

ხვიჩა კიკნაძე: „5 ოქტომბერს, ღამის 12 საათი იქნებოდა, მე და ჩემი მეგობარი გურამ ჯავახიშვილი პუშკინის ქუჩის გადაკვეთასთან ვიყავით. მანქანიდან დავინახეთ, სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ხეს შეჯახებოდა. ამის შედეგად მძღოლი უგონოდ იმყოფებოდა და ძირს ეგდო. გავაჩერეთ მანქანა. ღამე იყო. ხალხიც კანტი-კუნტად მოძრაობდა. სასწრაფო მოვიდა და მივეხმარეთ. საკაცეზე დავაწვინეთ უგონოდ მყოფი მძღოლი. მაშინ ვთქვი: „რაიმე თანხა თუ აქვს, საბუთებთან ერთად ჯიბეში ჩავუდოთ, საავადმყოფოში თანხაა საჭირო-მეთქი“. თანხის ხსენებაზე წამში გამოცვივდნენ იქვე მდგარი პოლიციელები გიორგი გამსახურდიას თაოსნობით. ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. მომვარდნენ, ხელი მკრეს და დამიწყეს ცემა. ვინ გეკითხებაო, მიყვიროდნენ.

თქვენ იცოდით, რომ მათ შორის გიორგი გამსახურდიაც იმყოფებოდა?

- მან თვითონ თქვა, გიორგი გამსახურდია ვარო. ამ დროს ჩემი მეგობარი ეუბნება, პოლიციის თანამშრომელი ვარო. მიიყვანა მანქანასთან, აჩვენა საბუთი. ამ დროს ხელი გამარტყეს. როდესაც პროტესტი გამოვთქვი, იარაღი ამოიღეს. გასროლა არ მომხდარა. იარაღი ვინ ამოიღო, იმის სახელი არ მახსოვს. ჩემმა მეგობარმა ეს სცენა რომ დაინახა, გადამეფარა და იყვირა, რას აკეთებთო.

გამსახურდიამ გადარეკა თავის განყოფილებაში. მოვიდა მისი ხალხი, დაახლოებით 15-20 კაცი. დაგვიწყეს ცემა, ძალით ჩაგვტენეს მანქანაში. მიგვიყვანეს განყოფილებაში, ცალ-ცალკე ოთახებში შეგვიყვანეს. გურამს სასტიკად სცემდნენ. ხან ერთმა წამომარტყა, ხან - მეორემ. ერთ-ერთი პირი შემოვარდა, ყელში მეცა და მახრჩობდა. სასტიკად მცემეს. გამსახურდია გურამს სცემდა.

მიზეზი რომ ჰკითხეთ, რა გიპასუხათ?

- მიზეზი დღემდე არ უთქვამთ. პოლიციაში რომ მიგვიყვანეს, ჟურნალში არ გაუტარებივართ. დაფიქსირებული არსად არაფერია. თუ ხულიგნური ქმედება იყო, უნდა დაეფიქსირებინათ, პირდაპირ ჩვენს ცემაზე გადავიდნენ. ტელეფონები მოგვპარეს, მანქანის მინა ჩაამტვრიეს, კარები დაჭეჭყეს წიხლებით.

ჟურნალისტები რომ ვახსენეთ, „კოკა-კოლები“ ამოგვიტანეს. რაიმე ხომ არ გეწყინათო, გვითხრეს, ქართველები არ ვართო? რა, მანამ ჩეჩნები ვიყავით? მოკლედ, „ანტიკრიმინალური ოპერაცია“ ჩაატარეს. ექსპერტიზა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა.