თხილის მოსავალიც კარგია და ხარისხიც, ფასი მისაღებია, მაგრამ პერსპექტივა გაურკვეველია

თხილის მოსავალიც კარგია და ხარისხიც, ფასი მისაღებია, მაგრამ პერსპექტივა გაურკვეველია

თხილის ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზეც გაურკვევლობაა. მართალია, მოსავალი ექსპორტიორ ქვეყნებში საკმაოდ კარგია და არც ფასია ურიგო, მაგრამ თურქეთში ჯერ წყალდიდობამ და შემდეგ ხანძრებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფასის ფორმირებაში ეს ქვეყანა მთავარი მოთამაშეა, შესაბამისად, ყველა ჩვენს მეზობელს ელოდება.

თურქეთი მსოფლიოს თხილის მოსავლის 60-70%-ს აწარმოებს და დაახლოებით ამდენივე გააქვს ექსპორტზე. ამიტომ, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის ფორმირებაში ამინდს სწორედ თურქეთი ქმნის. თხილის მწარმოებლები თურქეთიგან ფასების დადგენის შესახებ განცხადებას მიმდინარე კვირაში ელოდნენ, თუმცა ქვეყნის სამხრეთში გამძვინვარებული ხანძრების გამო ეს განცხადება ჯერაც არ გაკეთებულა. შესაბამისად, ბაზარი ინფორმაციის მოლოდინშია.

ამავე დროს, თურქეთი ჯერ კიდევ შარშანდელ თხილს ყიდის, ნაჭუჭიანი თხილის ჩასაბარებელი ფასი 1 კგ-ზე 5 დოლარს შეადგენს. მიმდინარე სეზონზე თურქეთში 700 000 ტ თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 80 000 ტონით აღემატება.

ეს გაურკვევლობა სექტორის ქართულ ბაზარზეც აისახება. თხილის მსხვილი ექსპორტიორები დასავლეთ საქართველოში არ ჩქარობენ პროდუქტის შესყიდვას, თუმცა უკვე ფორმდება ხელშეკრულებები ევროკავშირში თხილის მიწოდებაზე. მამუკა ბერიაშვილის თქმით, რომელიც კომპანია „ნატსგეს“ წარმოადგენს, საერთაშორისო ტენდერები ამ დროს ტარდება და მსხვილი კონტრაქტების ვადიანობა წლის ბოლომდე გრძელდება.

ახლა საქართველოში საექსპორტო თხილის ერთეული პარტიები მზადდება, ვინაიდან ევროპელი ტრეიდერები ჯერ არ აქტიურობენ. საექსპორტო ხარისხის თხილის გულის ფასი, ზღვით მიწოდების პირობით, 1 კგ-ზე 5,7-6 დოლარს შეადგენს.

ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმება 50%-დან 20%-მდე შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა თხილმა ხარიხი გაიუმჯობესა. გაუმჯობესებულ ხარისხთან ერთად, წელს თხილის კარგი მოსავალი იქნება.

ევროკავშირის კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მიერ 2020 წელს გატარებული ღონისძიებები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტურ პოლიტიკაზე მიუთითებს.

2020 წელთან შედარებით, უკეთესი შედეგის დადების მოლოდინი არსებობს წლევანდელ სეზონზე, როგორც მოსავლის მიმართულებით, ისე - ხარისხის მხრივ.

მეთხილეთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი თოდუა აცხადებს, რომ თუკი მსგავსი დადებითი ვითარება გაგრძელდება, 2-3 წელიწადში მოსახლოების 90%-ს უმაღლესი ხარისხის თხილი ექნება.

„რამდენიმე დღეა, მოსავლის აღება დაიწყო, რომელიც, ძირითადად, 15 აგვისტოდან იწყება. თხილს აბინავებენ ისინი, ვინც ეს პროცესი ნაადრევად დაიწყეს. ახლა პროდუქტის ტენიანობა არის დიდი, დაახლოებით, 30%, ანუ თხილი ჯერ სველია. ჯერჯერობით, ხარისხი დადგენილი არ არის, რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, რომ ლაბორატორიულად ხარისხი დაზუსტდეს.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ რა ანალიზიც ჩავატარეთ, უმეტესობა იქნება კარგი და მაღალი ხარისხის მოსავალი და დანარჩენთან ვმუშაობთ. მთლიანობაში, რაოდენობრივად და ხარისხობრივად, უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე 2020 წელს იყო.

ახლა თხილის ფასი, დაახლოებით, ადგილზე 4.00-4.20 ლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ მშრალი თხილის ღირებულება, დაახლოებით, 5.00-5.50-მდეა. ეს თანხა უჯდება ექსპორტიორს დღეს. რაც შეეხება მოსავლის რაოდენობას, მოსალოდნელია, რომ იყოს 60 ათას ტონაზე მეტი“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.