ამოუხსნელი ამოცანა: რატომ არ აიაფებენ საწვავს საქართველოში?

ამოუხსნელი ამოცანა: რატომ არ აიაფებენ საწვავს საქართველოში?

კარგა ხანია მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 69-71 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საგრძნობი შემცირებაა. უახლოეს მომავალში მისი კლება კიდევ მოსალოდნელია. დადებითი პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია, თუმცა საქართველოში შიგნით არანაირი ძვრა არ შეინიშნება.

რატომ არ რეაგირებს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ტენდენციებზე? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცის საგანგაშოდ მიაჩნია, რომ იმპორტიორებზე არ მოქმედებს არც გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო, არც გამყარებული ლარი და არც საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები.

„მსოფლიო ბაზარზე, გასულ 3 თვეში, ნედლი ნავთობის ფასი საშუალოდ, 7.6%-ით გაიზარდა. ყველაზე ოპტიმალური და მოკრძალებული გათვლით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი ამ დროს საქართველოში გაძვირდა 7.5%-ით. ამავე პერიოდში, თითქმის 11%-ით გამყარდა ეროვნული ვალუტა (ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი), რასაც ლოგიკურად უნდა გაებათილებინა ნავთობის გლობალური გაძვირება და შეეჩერებინა საწვავის ფასის ზრდა. მეტიც, კურსის ასეთ გამყარებას შეეძლო საწვავის ფასის გაიაფებაც კი. თუმცა, ამის ნაცვლად, ზემოთ ხსენებულ პერიოდში, ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა ფასები საშუალოდ 5-ჯერ გაზარდეს, საბოლოო ჯამში, 19-22 თეთრით.

რაც შეეხება მიმდინარე რეალობას და არსებულ ტენდენციებს. დღეს, საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მაღალი ფასები კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.

მიმდინარე პერიოდში, ნავთობის ფასი სწრაფად იკლებს და ის უკვე ჩამოსცდა 69 დოლარს ბარელზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტენდენციებს ქართულ ბაზარზე ასახვისთვის დრო სჭირდება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოლო ერთი თვის ტრენდი, რომლის მიხედვითაც, ამერიკული მსუბუქი ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ 10 დოლარით არის შემცირებული, რასაც ემატება, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტის თითქმის 3 პუნქტით გამყარება. ამის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი არ მცირდება და ის 3.20-ლარიან ნიშნულს აჭარბებს ერთ ლიტრზე, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

ზემოთ ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებული ფასები საგანგაშოა, ის არ ასახავს საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას და აცდენილია ქვეყნის შიგნით არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებს“, - ნათქვამია აფბა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუ ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი არ ექნება, ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. ასეთი მოსაზრებისაა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასების კლება უდავოდ პოზიტიური მომენტია, თუმცა ამას სტაბილური ხასიათი უნდა მიეცეს, რომ ფასებმა საქართველოშიც დაიკლოს.

„ბოლო პერიოდში, რამდენიმედღიანი კლება ფიქსირდება ნავთობპროდუქტებზე, რაც ცალსახად კარგია. თუმცა, მანამდე ფასები იყო ძალიან მაღალი. ბოლო პერიოდში, ტრენდი ძირითადად მაინც მაღალ ნიშნულებზეა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კლების პერიოდები. რამდენიმე დღეა მსოფლიო ბაზარზე ფასი იკლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფასის კლების მოლოდინი შეგვექმნას. მოგეხსენებათ, ბაზარზე ფასების დაწევას მატება მოჰყვება ხოლმე. მოცემულობა რთულია, მიუხედავად ბოლო დღეების დადებითი ტენდენციისაა, მაგრამ უნდა მოხდეს ამ დაბალი ფასის შენარჩუნება სტაბილურად. თუ გადავხედავთ, ფასის წინა კლების დროს, შემდეგ რამდენიმე დღეშივე ბრუნდებოდა მაღალ ნიშნულებზე.

დღეს რეალურად ასეთი მოცემულობაა, მიმდინარე ეტაპზე ნავთობზე და მათ შორის, პლატცის მიხედვითაც ნავთობპროდუქტებზე ფასი შემცირებულია, თუმცა მთელი წინა პერიოდი ფასი ნავთობზე იზრდებოდა. სწორედ ამან განაპირობა ჩვენთან ფასის მატება. ზოგადად, ნავთობის ფასის რამდენიმედღიანი კორექტირება, ფასების ცვლილებას ვერ განაპირობებს, თუ ამან შეუქცევადი ხასიათი არ მიიღო. მერწმუნეთ, არავის სურს ფასის დაწევა უფრო მეტად, ვიდრე ნავთობპროდუქტების ბაზარზე მყოფ სუბიექტებს“, - განაცხადა მთვრალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

trampi გააიაფონ რა.................... გიჟები არიააან ??
2 წლის უკან
DDDzia რა არის ამაში ამოუხსნელი?
გადამრევთ, რა!
2 წლის უკან
kolxi patroni hyavs qveyanas?
2 წლის უკან