„ცალ-ცალკე, ჯამურად გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე მექანიკურ გაერთიანებაში მონაწილეობით, ყოვლად შეუთავსებელი პარტიების ერთად ყოფნა სწორი არაა“

„ცალ-ცალკე, ჯამურად გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე მექანიკურ გაერთიანებაში მონაწილეობით, ყოვლად შეუთავსებელი პარტიების ერთად ყოფნა სწორი არაა“

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, „ლეიბორისტური პარტიისთვისაც“ თვითმმართველობის არჩევნებს სხვა დატვირთვა აქვს - ამ არჩევნებზე ოპოზიციამ 57% უნდა მოიპოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

რატომ არ გაერთიანდა „ლეიბორისტური პარტია“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რატომ დააყენა ცალკე მერობის კანდიდატი და რა იმედებს ამყარებენ თვითმმართველობის არჩევნებზე, for.ge-ის ამ კითხვებს, პარტიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს.

რატომ გადაწყვიტა „ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომ დამოუკიდებლად მიიეღო მონაწილეობა არჩევნებში და მათ შორის მერობის კანდიდატიც დაეყენებინა?

- მე გახლავართ არა მერობის, არამედ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და ლეიბორისტების სიის პირველი ნომერი. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში ეს ემსახურება საერთო, ოპოზიციურ გამარჯვებას „ქართულ ოცნებასა“ და ერთპარტიულობაზე. ცალ-ცალკე, ჯამურად გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე მექანიკურ გაერთიანებაში მონაწილეობით, იდოლოგიური შეუთავსებლობისა და განსხვავებული წარსულის გათვალისწინებით. ყოვლად შეუთავსებელი პარტიების ერთად ყოფნა სწორი არაა. ჩვენ ვიცით, რომ ამ არჩევნების მთავარი ამოცანაა, რომ მოვიპოვოთ შანსი ივანიშვილის რეჟიმის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და მისი მმართველობის დასრულებისთვის. ანუ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მთლიანად უნდა მოიპოვოს ხმების 57%-ზე მეტი. ასეთია იმ კაპიტულანტური შეთანხმების პირობები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დარღვეულია და რომელიც იმ პარტიების დამსახურებაც არის, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ნაადრევად მოაწერეს ხელი.

დედამიწაზე პირველი შემთხვევაა, რეფერენდუმის მსგავსი მოვლენის ამგვარი პირობებით ჩატარებისა, სადაც საკითხი მარტივი უმრავლესობით კი არ წყდება, არამედ უმცირესობის 43%-ის ხმები მეტად ითვლება, ვიდრე უმრავლესობის 56,99 %-ის - ამ შეთანხმებით ასე გამოდის. ამიტომ, ამ შეთანხმებას არც ხელი მოვაწერეთ და არც ნაყალბევ პარლამენტში შევედით. სამწუხაროდ, ერთადერთი პარტია აღმოვჩნდით, ვინც ბოლომდე დაიცვა საკუთარი სიტყვა და ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს არ შევურიგდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ საკუთარი პრინციპების, სიტყვის დამოუკიდებლად და ბოლომდე დაცვას. ასევე ბევრ საკითხში ვართ განსხვავებული, მაგალითად ერთადერთი პარტია ვართ, ვინც დიდი და დამანგრეველი ჰესების აკრძალვას მოითხოვს, არ აქვს მმართველობაში მონაწილეობის მძიმე წარსული და კავშირები მონოპოლისტურ, მსხვილ ბიზნესთან.

როგორ ფიქრობთ, როდესაც ოპოზიცია ცალ-ცალკე დაასახელებთ კანდიდატებს, ხმები არ დაიქსაქსება, რაც მეორე ტურის ალბათობას გაზრდის?

- რა პრობლემაა, დაინიშნოს მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, კვლავ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს და არა ივანიშვილის მოურავ კალაძეს. მეორე ტური არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, პირველ რიგში, მთავარია, არა მერის არჩევნები, არამედ პროპორციული (პარტიული), რადგან იმ დოკუმენტში, რომელზეც არის საუბარი, ხმები ითვლება არა მაჟორიტარებისა და მერების, არამედ სწორედ პროპორციული არჩევნების შედეგებით. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე და საბოლოოდ, ჯამურად, მივიღოთ მაქსიმალურად ბევრი ხმა, რათა გაჩნდეს შანსი იმისა, რომ ივანიშვილი ვაიძულოთ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. აქედან გამომდინარე, იდეოლოგიურად და წარსულით განსხვავებულ პარტიებთან ერთად ბლოკში ყოფნა ჩვენ ხმებს დაგვაკარგვინებს და სავარაუდოდ, მათაც. ჯამში, მთავარია, მეტი ამომრჩეველი მოვიდეს და ცალ-ცალკე მეტი ხმა ავიღოთ, რათა ჯამში 57%-ზე მეტი შეგროვდეს, ამის ალბათობა კი, ასე ბევრად მაღალია.

თქვენი არგუმენტები გასაგებია, თუმცა ამ არჩევნებში ოპოზიციის ცალ-ცალკე გასვლის მიზეზი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის დაქსაქსვა ხომ არ გახდა? უმრავლესობა პარლამენტშიც შევიდა... წარსულის მწარე გამოცდილებამ ხომ არ გაფიქრებინათ, რომ ერთიანობა კვლავ არ იქნებოდა?

- ორი მიზეზია, პირველი - კიდევ გავიმეორებ, რომ ცალ-ცალკე და საბოლოდ, ჯამურად, მეტ ხმას ავიღებთ ოპოზიცია. მეორე - ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არა მარტო წარსულის პრობლემები გააჩნია ოპოზიციის დიდ ნაწილს, არამედ აწყმოშიც ვიხილეთ მათი ქმედება, როდესაც ზოგმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ზოგმა ცდუნებას და საბოლოოდ, ივანიშვილის რეჟიმი გაამყარეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ნაადრევად ხელმოწერით და პარლამენტში შესვლით. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ოპოზიციის ისეთი ნაწილიც, რომელიც გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობდა, თუმცა შემდეგ ღიად გადათქვა კიდეც. ზოგმა არ გადათქვა, მაგრამ ივანიშვილს მისცა საშუალება გაეძლიერებინა რეჟიმი და ხალხთან, ქვეყანასთან ბრძოლა.

არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და როგორ ფიქრობთ ოპოზიცის ნაწილი მერობის კანდიდატებს რატომ არ ასახელებს?

- ზოგმა დაასახელა, ზოგმა არა, ეს მათი საქმეა. მთავარია, რომ თუ პარტიულ (პროპორციულ) არჩევნებში ზღვარს 57%-ზე წარმოადგენს, მერის შემთხვევაში უკეთესი ვითარებაა - ოპოზიციის კანდიდატებმა ჯამურად 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღონ, რათა დაინიშნოს მეორე ტური. მეორე ტურში კი, ბუნებრივია, ოპოზიციამ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ.

თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ თუკი გიორგი გახარია არჩილ არველაძის კანდიდატურას დააყენებს, დაინიშნება მეორე ტური და მეორე ტურში არველაძის ხმები კალაძესთან წავა და ის გაიმარჯვებს...

- გეთანხმებით გახარიას ფაქტორი მართლაც საეჭვოა და იგი საბოლოიდ ივანიშვილის სატელიტია, თუმცა არანაირად მგონია, რომ გახარიას კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდეს, რადგან ექს-პრემიერს ამის შანსი არ აქვს. მას მხოლოდ ის შეუძლია „ქართული ოცნების“ გარკვეული ხმები წაართვას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გახარიას არ აპატიებს ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას და ბევრ სხვა დანაშაულს.

„გორბის“ კვლევები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მერობის კანდიდატებიდან კალაძე ლიდერობს, ხოლო პარტიეიდან „ქართული ოცნება“. თქვენ რამდენად ენდობით ამ კვლევებს?

- სამარცხვინო კვლევაა. ასეთი კვლევის შედეგების გამოცხადება, ალბათ თავად უუტიფრეს კობახიძესაც კი მოერიდებოდა, რაც „გორბმა“ იკადრა. თუმცა, „გორბი“ ცნობილია არასერიოზული, არასანდო, ანგარებით სავსე წარსულითა და აწმყოთი. აქედან გამომდინარე, „გორბის“ კვლევაზე საუბარი ზედმეტია. „გორბმა“ „ქართული ოცნების“ ოცნება გააჟღერა. 46% კი არა, ამის ნახევარიც არ აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს და გაყალბებითაც კი ამხელა პროცენტის მიღწევა წარმოუდგენლად მიმაჩნია.

გაყალბება ახსენეთ და ახალი საარჩევნო რეფორმა სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ გაყალბება მინიმუმადე იყოს დაყვანილი და თქვენ რამდენად მომხრე ხართ ახალი საარჩევნო რეფორმის?

- რბილად, რომ ვთქვათ, საარჩევნო კოდექსი ძალიან შორსაა იმ „წიკწიკისაგან“, რომელზეც ელისაშვილი სამაცხვინოდ საუბრობდა. სამწუხაროდ, დღეს, ელისაშვილი ბევრ „ოცნებელზე“ მეტად მეოცნებე გახდა. ეს საარჩევნო კოდექსი ძალიან ბევრ პრობლემას ტოვებს. თითქმის არანაირი გაუმჯობესება არა არის. მით უმეტეს, ჩვენ ვნახეთ, რომ კაბიანი ჟვანიას ნაცვლად, შარვლიანი ჟვანია დაინიშნა დროებით ცესკოს თავჯდომარედ, რომელსაც ხელი შეუწყო სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. ასე რომ, არც ცესკოს თავმჯდომარე გვყავს უკეთესი, არც კოდექსი გვაქვს დიდად განსხვავებული. ამასთან, ეპიდვითარებაც უმძიმესია. პლუსია ის, რომ დასავლეთში ჩვენგან განსხვავებით, საკუთარ მოქალაქეებს არ ებრძვიან და ვირუსით არ ხოცავენ და მასიურად ცრიან. ასე რომ, დასავლეთიდან არჩევნებზე დამკვირვებლების გაცილებით მეტ რაოდენობას ველით. მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა ავიცრათ, რადგან სხვა გადარჩენის გზა არ გვაქვს. ივანიშვილს აცრების საარჩევნო რევოლუცია უნდა მოვუწყოთ. არჩევნებზე მივიდეთ აცრილები, პირბადით და დავიცვათ დისტანცია. არჩევნებზე რაც მეტი ადამიანი მივა, მით მეტია გადარჩენის შანსი. რაც ქვეყანაში ხდება, კოვიდტრაგედია, შარშან წინასაარჩევნოდ გამოიყენეს ბათუმის არჩაკეტვის გზა და ვირუსი მიუშვეს, რათა არჩევნებზე, ხოლო შემდეგ აქციებზე ნაკლები ხალხი მისულიყო. იგივე გაიმეორეს, უბრალოდ, უფრო ფართო მასშტაბით ახლაც, ვაქცინაციის პროცესის შეგნებული ჩაგდებით! საბოლოო ჯამში, მარტო კოვიდ-განწირულთა ჯამით, ივანიშვილმა სისხლიანობის ისეთ ნიშნულს მიაღწია, რაც საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის შემდეგ არ ყოფილა. სამწუხაროდ, სისხლი არც ერთ ხელისუფლებას არ აკლდა, მაგრამ მარტო პოლიტიკური კოვიდ-გენოციდის მსხვერპლით ოდენობით, მან ყველას გადააჭარბა. სამწუხაროდ, საქართველოში ვაქცინაციის კამპანია პრაქტიკულად არ განხორციელებულა. ჩვენთან ვაქცინა ყველაზე გვიან არის შემოტანილი და ევროპაში ვაქცინაციის ნიშნულით ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ! ეს არა ხელისუფლების უუნარობის, არამედ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი პოლიტიკის ბრალია, არც ვაქცინაციის მეტნაკლებად საგრძნობი რეკლამირება ხორციელდება, არც გონივრული რეგულაციების დაცვაზე ზედამხედველობა და არც ადეკვატური მედიკამენტების შეძენა. აღნიშნული სისხლიანი მიდგომის მიზანი კი, მასშტაბური კორონა-მსხვერპლშეწირვის ხარჯზე ძალაუფლების მიტაცება-შენარჩუბაა, მოსახლეობის დაშინების გზით არჩევნებზე და სავარაუდო პოსტსაარჩევნო გამოსვლებზე საზოგადოების აქტივობის მინიმუმამდე დაყვანის მეშვეობით.

 

trampi ამ დაქნეულს რაც მიშამ ურტყა და თანაც რამდენჯერ ................დააავიწყდააა?? . კიდე ნაცებს როგორ უბამს მხააარს??
თურმე მაზოხისტია ..... თურმე ცემა მოსწონდა და ეხლა უკვე ცემა მოენატრა
ვირს სახრე მოენატრაო................ ისეა ამის საქმე
2 წლის უკან