„გოგაშვილი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც საშიშია, ინფორმაციის ფლობა დიდი იარაღია და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია“

„გოგაშვილი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც საშიშია, ინფორმაციის ფლობა დიდი იარაღია და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია“

რა არის სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში წასვლის რეალური მიზანი - თავდაცვა თუ შურისძიება? ერთ-ერთი ვერსიით, გოგაშვილი, თავდაცვის მიზნით, პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს, მეორე ვერსიით, „ქართულ ოცნებაზე“ შურისძიება ამოძრავებს. ვერსიები მას შემდეგ აჩნდა, რაც გოგაშვილმა არ გამორიცხა, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ჩაბმა. „ოცნების“ ყოფილი გავლენიანი ფიგურა მედიასთან მმართველ პარტიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსშია.

„ძალიან ხშირად გაუკეთებიათ ნაციონალების საწინააღმდეგო განცხადებები, რაც შემდეგ მოქმედებებში არ გადადის. თუ არქმევ კრიმინალურ ძალას და თუ იძახი, რომ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, მაშინ უზრუნველყავი საკანონმდებლო საფუძვლებით მისი შეჩერება, გაუქმება და ა.შ.

ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებსაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა არ მინდა, რომ ამაზე ვისაუბრო. იმას ეშინოდეს, ვისაც რამე კანონი აქვს დარღვეული, ვისაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აქვს ჩადენილი, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და ვინც მოღალატეა. დღევანდელი ხელისუფლების განხილვაზე დროს არ დავკარგავ, ისინი როგორც იმოქმედებენ, ჩემი მხრიდან, იმის ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმევა“, - ამბობს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილმა პოლიტიკური განაცხადი გუშინ გააკეთა და მამუკა გიორგაძის „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.

„საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს, ყველას აქვს უფლება, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ შექმნათ პარტია“, - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, თუ როგორ შეაფასებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებას, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი სერგო ჩიხლაძე გოგაშვილის პოლიტიკაში წასვლას სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„სოსო გოგაშვილზე საერთოდ სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებდი. მე ვერ ვხედავ მას საერთოდ ქართულ პოლიტიკაში. ამისთვის მას არც სათანადო რეპუტაცია აქვს, არც სათანადო ინტელექტი და არც სათანადო შესაძლებლობები“, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ გოგაშვილი ბიძინა ივანიშილის ისეთივე სათადარიგო პროექტია, როგორიც ექსპრემიერი გიორგი გახარია.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ახალი წარმოქმნილი პარტია, იქნება ეს ყოფილი პრემიერის, ყოფილი უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები, არის ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი. ის კარგად ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი არ აქვს და ცდილობს ამ ხრიკებით გარკვეული დაბნეულობა შემოიტანოს ქართველ ამომრჩეველში“, - ამბობს კირკიტაძე.

სპეცოპერაციის დროს პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილს დაავიწყდა უსაფრთხოების სამსახურიდან და „ქართული ოცნებიდან“ რატომ გააგდეს. For.ge-სთან მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პანკისში მისი შვილის მკვლლეობაში ბრალდებული პირადად გოგაშვილია, რომელიც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.

„ამ კაცს ძალიან ბევრი ცუდი საქმე აქვს ჩადენილი. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების დამცველი ადამიანი. ესაა ტერორისტების შემომყვანი და მფარველი კაცი, რომელმაც ჩატაევი ჯერ თბილისში შემოიყვანა, მერე კიდევ სცენა გაითამაშა, ვითომ არაფერი იცოდა და სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩემი შვილის დახვრეტაში დამნაშავეა, ამიტომაც ახლა საკუთარი თავის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. ზუსტად დღევანდელი საქართველო ამნაირების ღირსები ვართ. ამნაირ ადამიანს ყველაფერს ვუთმენთ, დადიან დაეხეტებიან და უფრო მეტიც - პრეტენზია პოლიტიკოსობაზე აქვს.

ამ კაცს იმდენი სისხლი აქვს დაღვრილი, რომ ციხეში უნდა იჯდეს. ეს კიდევ აქეთ პრეტენზიებს აცხადებს. მთელს კახეთში და ქიზიყში მიწები აქვს მიტაცებული. თბილისში 12 ბინა და ვილები აქვს. საიდან ამხელა ქონება, როცა კაცი სოციალურად დაუცველი იყო! მე ვფიქრობ, მაგას დაკავების ეშინია და პოლიტიკაში წასვლით თავს იზღვევს“, - ამბობს მაჩალიკაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ სოსო გოგაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ნულოვანი იქნება, ვინაიდან პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში, აქტივის სახით რაც შეიძლება ჰქონდეს, ინფორმაციაა, რომელიც მას სუს-იდან აქვს წამოღებული. ამიტომ მისი ფიგურა მხოლოდ ამით შეიძლება იყოს საინტერესო, სხვაგვარად ამ ადამაინს, არც ინტელექტუალური რესურსი ად არც პოლიტიკური არ გააჩნია იმისთვის, რომ ვინმე დააინტერესოს. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ის პოლიტიკაში თავდაცვის მიზნით შემოდიოდეს, რათა ინფორმაციით ივაჭროს და, გარკვეულწილად, მისი შესაძლო პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, ხელისუფლებას გარიგებაც კი შესთავაზოს.

„გოგაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გააჟღეროს, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიური იქნება. ამით ის მხოლოდ შეძლებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. სხვა მხრივ, ის როგორც პოლიტიკური ფიგურა და ავტორიტეტი ნულია. მას არანაირი სხვა რესურსი არა აქვს, რომ საზოგადოება დააინტერესოს. ვფიქრობ, რომ „ოცნებაზე“ გაბრაზებულია და არც იმას გამოვრიცხავ, დაკავებას ელოდება. ამიტომ პოლიტიკაში მოსვლით თავის დაცვა უნდა. შესაძლოა, რაღაცა ინფორმაციები აქვს და ამით თავს იცავს, ვიღაცას აფრთხილებს. ფაქტი ერთია, რომ მას რაღაცა მოტივაცია აქვს. ეს კაცი ყველა პოლიტიკოსისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საშიშია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. მას შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციით ივაჭროს. ინფორმაციის ფლობა ძალიან დიდი იარაღია. მას პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან კარგად შეუძლია“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ენმ-ის საუბარი იმაზე, რომ სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილის შემოყვანილია და მას კონკრეტული დავალება აქვს, აბსურდია, რადგანაც ლოგიკას თუ გავყვებით, გოგაშვილი ექსპრემიერს არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს. თუ მისი ინფორმაციები უნდა, ამას ისედაც პოლიტიკაში მისი შეყვანის გარეშე გამოიყენებდა. რაში უნდა სჭირდებოდეს პოლიტიკურად ნული ფიგურა, როცა მას საზოგადოების თვალში არანაირი ღირებულება არა აქვს. ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია კომპრომატების ბრძოლა იქნება და არ გამორიცხავს ამაში დიდი წვლილი გოგაშვილმაც შეიტანოს.

Katana . ბედნიერია არა ის, ვინც ბევრი ფული იშოვა და მაგრად იგულავა, არამედ , ვინც ისე იცხოვრა, რომ არც იმის შიში აქვს, რაიმე ვიდეოს გამომიქვეყნებენო, არც იმის, შუაღამისას კარებზე დამიკაკუნებენ და ხელბორკილს დამადებენო!
2 წლის უკან
Maverick Katana, მეგობარო, გეთანხმები!
შენი ნებართვით, თუ არ გეწყინება, დავუმატებ - და ,,უკან მოხედვის ვისაც არ ეშინია!"
2 წლის უკან