მთავრობა, ბიზნესი, მოსახლეობა ურთიერთბრალდების ახალ საფეხურზე ავიდნენ

მთავრობა, ბიზნესი, მოსახლეობა ურთიერთბრალდების ახალ საფეხურზე ავიდნენ

შეზღუდვების შემოღება კი არა, მთავარია მისი მკაცრი კონტროლი. ამ აზრამდე მივიდნენ მთავრობის წევრებიც და ბიზნესის წარმომადგენლებიც კი. ბოლო თვეებში მოსახლეობა და კერძო სექტორს ყველა ჯარიმა აპატიეს, ხოლო დაწესებული რეგულაციების მონიტორინგი არსად ხორციელდებოდა. შედეგი სახეზეა. ახლა ყველა ერთხმად სიმკაცრეს ითხოვს, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება დაგვიანებული რეაქცია მეოთხე ტალღის განეიტრალებისთვის, ძნელი სათქმელია.

უკვე ცნობილია, რომ ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება. ეს სანქცია აქამდეც მოქმედებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა ამ კონტროლს პრაქტიკულად არ ახორციელებდა, შესაბამისად, ჯარიმის არავის ეშინოდა. ამიერიდან კი მკაცრი კონტროლი დაიწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, მხოლოდ ჯარიმის დაკისრებით ბიზნესის გაკონტროლება ვერ ხერხდებოდა. რესტორნები აკრძალულ სოციალურ ღონისძიებებს მაინც ატარებდნენ და დაკისრებულ ჯარიმებსაც კი იხდიდნენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მეორედ რეგულაციების დარღევევის გამო ობიექტი აღარ დაჯარიმებდება, თუმცა შეუწყდება საქმიანობა.

„კვების ობიექტების მუშაობის ხანგრძლივობა დღესაც შეზღუდულია, თუმცა როცა ქორწილი ან რაიმე დიდი ღონისძიება ტარდება ამ ტიპის დაწებულებაში, ისინი იხდიან ჯარიმას და მაინც აგრძელებენ რეგულაციების დარღვევას, რაც არ გვეხმარება ეპიდემიის კონტროლის კუთხით. ცვლილებება ითვალისწინებს იმას, რომ პირველი ჯარიმის გადახდის შემდეგ მეორე სანქცია არა ჯარიმა, არამედ ობიექტის დახურვა იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თუკი მთავრობის წევრები მასობრივი კვების ობიექტებისკენ იშვერენ ხელს, რესტორნებისა და ბარების მფლობელები, პირიქით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ დაგვიანებულ მოქმედებაში. იქვე იმასაც ადასუტერბენ, რომ ინფიცირების ძირითადი წყარო დიდი შეკრებებია, მაგრამ ამაში დამნაშავე მოსახლეობაა და არა ის სტუმარმასპინძლობის სექტორი.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებამ, აგრეთვე დიდმა თავშეყრებმა -ფესტივალებმა, ქორწილებმა და სხვა ღონისძიებებმა გამოიწვია. ამის მაპროვოცირებელი არის ისიც, რომ მთავრობამ რეგულაციების დამრღვევების მიმართ ამნისტია გამოაცხადა. რეალურად ქვეყანაში რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულების ადმინისტრირება არ ხდება.

„შეზღუდვები, რაც არსებობს, მისი აღსრულება უნდა გამკაცრდეს. კანონდამრღვევები რეალურად არსებობდნენ, თანაც ბევრი და არ ხდებოდა მათი გამოვლენა. დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი ქორწილი, ქელეხი, ივენთები, ფესტივალები და ა.შ. ხუმრობენ კიდეც, რომ დელტა შტამი ყურებითაც გადადის. როდესაც ასეთ ძლიერ შტამთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება ეს 300 და 500 კაცში არ გავრცელდეს?!

მაპროვოცირებელი იყო გამოცხადებული ამნისტიაც, რის გამოც, საზოგადოებაში იყო აღქმა, რომ ყველაფერი უკვე თავისუფალია. ჩემს კოლეგებთან მისული დამკვეთი უმტკიცებდა, რომ ქორწილის გადახდა ნებადართულია. ამ დისკუსიაში შედიოდნენ და ასეთი ვითარება იყო, როდესაც ქორწილის ან სხვა ივენთის დაკვეთა უნდოდათ“, - აღნიშნა „ბიზნეს-პარტნიორთან“ ბურჯანაძემ.