საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი, შეადგინა.
„ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. ივლისის მონაცემებით იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.4 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (7.2 პროცენტი). ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე რიგი კვების პროდუქტების ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს,“ - ეს არის, ეროვნული ბანკის მიერ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება. აღნიშნული წერილი, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება. წერილიში კიდევ მრავლად არის ციფრები და სპეციფიური ტერმონოლოგიებით მანიპულირება, რაც ამ სფეროში ჩაუხედავი მკითხველისთვის ბევრი არაფრის მომცემია. განცხადების დასასრულს, ეროვნული ბანკი გვაიმედებს, რომ ის მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ფასების სტაბილურობისთვის, მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
რა ხდება რეალურად, რა იმალება იმ უამრავ ციფრებსა და ტერმინებს შორის და რა არის სიმართლე, ამის გარკვევას for.ge ეკონომიკის ექსპერტ, ლია ელიავასთან შეეცადა.
ქალბატონო ლია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 10%-ით განისაზღვრა, მიზეზად კი დასახელდა ინფლაცია, და ის, რომ თურმე, ფასების ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა. რას ნიშნავს რეალურად გაზრდილი განაკვეთი მოსახლეობისთვის და ამ გადაწყვეტილების მიზეზი რამდენად თავსებადია რეალობასთან?
- ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას მიმართავს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს ინფლაცია. რაში მდგომარეობს ამ ყველაფრის არსი? ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ეროვნული ბანკი, კომერციულ ბანკებს აძლევს ე.წ. რეფინანსირების სესხს. შესაბამისად, კომერციული ბანკები, როდესაც გასცემენ სესხს, აბამენ აი, ამ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მსესხებლის საპროცენტო განაკვეთში არის ჩადებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, როდესაც იზრდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი, იზრდება სესხის მომსახურების პროცენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსესხებელი, იძულებულია გადაიხადოს იმაზე უფრო მეტი თანხა, ვიდრე მას თავდაპირველად გარკვეული პირობით ჰქონდა აღებული კომერციული ბანკიდან. მონეტარული განაკვეთის ზემოქმედება მოსახლეობაზე განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობის ჯიბიდან ამოდის უფრო მეტი ფული და ილექება კომერციულ ბანკებში. ანუ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ვარდება და შესაბამისად, ვარდება მოთხოვნა, ანუ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი.
ბიზნესისთვის ფაქტობრივად იგივეს ნიშნავს. თუ ბიზნესს აქვს სესხი მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, მისთვის ხარჯი იზრდება და იძულებულია გაზარდოს თავისი მომსახურებისა და პროდუქციის ღირებულება. რა ხდება ამ დროს ქვეყანაში - წარმოიდგინეთ, მოსახლეობას უკვე ნაკლები ფული აქვს, ბიზნესი იძულებულია გაზარდოს თავისი პროდუქციის ღირებულება, რომ აინაზღაუროს ხარჯები და არ გაკოტრდეს. ფაქტობრივად, ვერც ბიზნესი ვერ ყიდის იმ მოცულობით თავის პროდუქციას, როგორც ადრე და ვერც მოსახლეობა ვერ ყიდულობს. ანუ, ქვეყანა ვარდება ეკონომიკურ კრიზისში, ძალიან სერიოზულ სტაგნაციაში და ამას უკეთებს ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკას.
რა შეეხება ეროვნული ბანკის გათვლებს - ის ფიქრობს, რომ თუ ქვეყანაში მოხდება სტაგნაცია, ანუ შემცირდება საერთო მოთხოვნა, ბიზნესი იძულებული იქნება დაწიოს ფასები და ამით ფასების საერთო დონე დაიწევს და ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს. მას უნდა ინფლაციის მაჩვენებლის დაწევა, ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის შედეგად. ვიცით, რომ საქართველოში ინფლაცია არ არის გამოწვეული მონეტარული მიზეზებით, ანუ, ინფლაცია იმიტომ კი არ არის, რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ფული, ინფლაცია იმიტომ არის, რომ სისტემატური სავალუტო რყევები იწვევს პროდუქციის მყისიერ გაძვირებას და შემდგომ უკვე მუშაობას იწყებს ინფლაციური მოლოდინები, შესაბამისად, ბიზნესი იჭერს თადარიგს და ზრდის თავისი პროდუქციის ფასს. საუბედუროდ, ეროვნული ბანკი ინფლაციას ებრძვის მონეტარული მეთოდებით, ისედაც ლარნაკლულ ეკონომიკას, კიდევ უფრო მეტ ლარს აცლის.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციის განმსაზღვრელი ფაქტორები მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. ბევრ მიზეზს შორის დასახელდა საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები, მაგალითად ნავთობპროდუქტებზე ფასების მყისიერი ზრდა, და ასევე ითქვა, რომ ფასების ზრდის მაჩვენებელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რამდენად მჭიდროდაა მიბმული ეს საგარეო და საშინაო ფაქტორები და, აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მოქმედება ერთმანეთთან?
- ეს არის ძალიან უმნიშვნელო გავლენა. ძირითადად, მუშაობს შიდა ფაქტორი და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ლარის კურსის სტაბილურობა. დღეს არავის არ სჯერა, რომ ლარი დიდი ხნის განმავლობაში იქნება სტაბილური და ყველა იჭერს თადარიგს, ემზადებიან ლარის მომავალი ვარდნისთვის, ეს არის ინფლაციური მოლოდინი. ამას კი, ქმნის ეროვნული ბანკი, იმითი, რომ არ ახორციელებს ლარის მხარდაჭერას, მისი სტაბილურობის შენარჩუნებას და ამის შედეგად მთელ ეკონომიკას აზანზარებს. ჩვენ გვახსოვს მათი არაერთი განცხადება, რომ ისინი ვალდებულნი არ არიან სავალუტო კურსის მართვაზე პასუხისმგებლობა აიღონ. სამაგიეროდ, ისინი ორგანული კანონით ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ფასების სტაბილურობა, მაგრამ როგორ გააკეთონ ეს, ან იციან და არ აკეთებენ, ან არ იციან და ვერ აკეთებენ. როდესაც არის საყვედურები მთავრობის მიმართ, რომ მთავრობა არის დამნაშავე სავალუტო კურსის რყევის და ეკონომიკური ჩავარდნებით, ქვეყნის ეკონომიკას მართავს ფული და ეს ფული არის ეროვნული ბანკის ხელში. მთავრობას არ შეუძლია იმდენი, რაც პოტენციურად შეუძლია ეროვნულ ბანკს და არ აკეთებს. მოსახლეობა სამწუხაროდ ვერ ხვდება, რომ მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ლომის წილი, მოდის სწორედ ეროვნული ბანკის არაადეკვატურ მონეტარულ პოლიტიკაზე.
თუკი ეკომიკური ზრდის მაჩვენებელი ზევით იწევს პროცესებში რატომ არის აცდენა?
- ეს არის საბაზო ეფექტი. ანუ, როდესაც შენ მინუს 16-დან გაქვს გარკვეული ზრდა, უკვე ჩანს, რომ რაღაც სასწაული მოხდა. არავითარი, ეს არის ციფრებით მანიპულირება, ეკონომიკური ზრდა კი არანაირად არ არის დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე. არც ერთ ქვეყანაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ ასახავს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ეს არის ცნობილი ფაქტი. მაგრამ, ვინაიდან ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას, ეროვნულ ბანკს, სხვა არგუმენტი არ გააჩნია, იმიტომაც ყურით მოთრეული ციფრებით მანიპულირებენ და ცდილობენ მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარონ. მოსახლეობის კეთილდღეობაზე სულ სხვა ფაქტორები მოქმედებს.