ხელფასების მატების ძლიერმა სურვილმა ქვემოდან ზემოთ ააღწია

ხელფასების მატების ძლიერმა სურვილმა ქვემოდან ზემოთ ააღწია

როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ნიშნები გამოჩნდა, მაშინვე დაიწყო ხელფასების მატებაზე საუბარი. პრემიერი საყოველთაო მოსაზრებას არ ჩამორჩა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა სტიმულირებაზე გააკეთა აქცენტი. გარდა ამისა, კერძო ინიციატივები უკვე წარდგენილია პარლამენტში, რომელიც ანაზღაურების ინდექსაციას ითვალისწნებს.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს საჯარო სექტორში 2022 წლიდან ხელფასები გაიზრდება და ეს ცვლილება მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. მისი აზრით, დღეს საჯარო სექტორი კერძო სექტორთან სახელფასო თვალსაზრისით „კონკურენციას ვერ უძლებს“, ხოლო მოხელეთა მოტივაცია კი დაბალია.

„2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, რადგანაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტა“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა.

ზოგიერთ მენეჯერულ პოსტზე ხელფასები გაორმაგდება, მაგალითად 2-ჯერ გაიზრდება ქალაქების მერების ანაზღაურება.

„გავზრდით ჩვენ მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს ან ბათუმს, რომლებიც უზარმაზარი ქალაქებია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები პრემიერის ინიციატივას პანდემიისა და ეკონომიკური ვითარების ფონზე საზოგადოების დაცინვად აფასებენ.

„იმაზე საუბარი, რომ თითქოს ჩვენი მერები და გამგებლები არიან სოციალურად შეჭირვებულები, არის აბსოლუტური არაადეკვატურობა და საზოგადოების დაცინვა. უნდა მოხდეს ამ ადამიანების ოპტიმიზაცია, ვინც მუშაობს უნდა დარჩეს სამსახურში და გაეზარდოს ხელფასი, და ის, ვინც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის გაფორმებული, მან უნდა სცადოს და სამსახური იპოვოს კერძო სეტორში“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან.

„საჯარო მოხელეები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად იმსახურებენ დაფასებას. ამიტომ მსგავს ინიციატივებს მივესალმები“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაუჯდება გადასახადის გადამხდელებს ქვეყნის ბიუროკრატიული აპარატისთვის ხელფასების მომატება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წელს საჯარო სექტორის ხელფასების მოცულობა სულ 1.66 მილიარდი ლარი უნდა იყოს.

ხელფასების ზრდის შესახებ პრემიერის ინიციატივა ერთადერთი არ არის. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოიცავს და იგი ქვეყანაში მოქმედ სახელფასო პოლიტიკას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა წარადგინა და ბიურომ შემდგომ განსახილველად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს გადაუგზავნა.

საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს ხელფასების ინდექსაცია; ასევე მინიმალური, საათობრივი დაუბეგრავი ხელფასის დაკანონება; 8-საათიანი სამუშაო დრო; ღამის ცვლის დროს გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება; შესვენების დროის ანაზღაურება, რომელიც 8 საათის მუშაობის დროში უნდა შედიოდეს; შრომის კოდექსში მითითებულ უქმე დღეებში ხელფასის გაორმაგებით გაცემა; ნებისმიერ სამსახურში შრომითი ხელშეკრულების დადება, სტაჟირების, ან გამოსაცდელი ვადით აყვანილი თანამშრომლების უხელფასოდ მუშაობის აკრძალვა, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა; ხელფასების ზრდა 6-24 თვეში ერთხელ, ანაზღაურებადი შვებულება და დეკრეტი და ა.შ.

„შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩასწორებები, სადაც ნათლად გაიწერება ყოველი სიტყვა, რომ დამსაქმებლებს და მათთან დასაქმებულ იურისტებს აღარ მიეცეთ შრომის ხელშეკრულებაში, თავის სასარგებლოდ სიტყვებით მანიპულირების საშუალება“, - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.