არჩევნები ახლოვდება, ოპოზიცია კი კანდიდატების წარდგენის ნაცვლად, ახალი ფანჩატურის ესკიზს ამუშავებს

არჩევნები ახლოვდება, ოპოზიცია კი კანდიდატების წარდგენის ნაცვლად, ახალი ფანჩატურის ესკიზს ამუშავებს

2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მერობის კანდიდატების წარადგენას არ ჩქარობს. სანამ ოპოზიცია ამომრჩეველს საკუთარ კანდიდატს წარუდგენს, კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ თბილისის მერობისთვის ბრძოლა უკვე დაიწყეს. მერობის კანდიდატი ეყოლება პარტია „საქართველოსთვის“, თუმცა მერობის კანდიდატის წარდგენას არც გიორგი გახარია ჩქარობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა „ლეიბორისტულმა პარტიამ“. მშრომელების სახელით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „მწვანე“ აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილია. ნეიტრალიტეტს ირჩევს ალეკო ელისაშვილი. პარტია „მოქალაქეებს“ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

მმართველ გუნდში ოპოზიციის სიჩუმეს იმით ხსნიან, რომ მმართველი პარტიის ოპონენტები არჩევნებისთვის მზად არ არიან. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ თუ ოპოზიცია უახლოეს დღეებში კანდიდატებს ვერ დაასახელებს, ეს პირველ რიგში, სწორედ ოპოზიციური პარტიების რეიტინგზე იმოქმედებს.

გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების გაჭიანურებას იმით ხსნის, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებში ყოველთვის წარმმართველი ძალა იყო და მათი წინასაარჩევნო მუშაობაც სწორედ აქედან გამომდინარე იქნება. სატელიტ პოლიტიკურ პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩამოკიდებული გამარჯვებისა და რაღაც ადგილების მოპოვების სურვილი არ გაქრობიათ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ცალკე დამოუკიდებელი კამპანიის ჩატარებას გეგმავს თბილისში „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. პარტია უახლოეს დღეებში მათ ამომრჩევლებს საკუთარ სტრატეგიულ გეგმას, დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს.

„ასე ღიად არც ერთ კანდიდატს არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ ახლა ვატარებთ კვლევას და შევეცდებით, რომ გვყავდეს ჩვენი კანდიდატი. რაც შეეხება რეგიონებს, ბევრ ადგილას უკვე ვიცით ვინც იქნება ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი და შევეცდებით მიზიდულობის, საარჩევნო გრავიტაციის ცენტრები შევქმნათ ამ კანდიდატების ირგვლივ“, – აცხადებს „სტრატეგის აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე.

„ლელომ“ ამ დრომდე არ იცის, ვის წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატად. პარტია ამ დრომდე კონსულტაციების რეჟიმშია.

„ეს არის რთული და კომპლექსური პროცესი და ამ გადაწყვეტილების მიღებას, ბუნებრივია, სჭირდება დრო და ზუსტად ამიტომაც, ჩვენ ძალიან მალე ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ საზოგადოებას გავაცნობთ“, – ამბობს პარტიის წევრი საბა ბუაძე.

მაშ ასე, უახლოეს დღეებში გადაწყდება კონკრეტული კანდიდატების საკითხი და ამის შემდეგ ოპოზიცია, ალბათ, სრული დატვირთვით ჩაერთვება არჩევნებში. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას თბილისში კონკურენტუნარიანი კანდიდატი არ ჰყავს და ამით შეიძლება ავხსნათ ოპოზიციის სიჩუმე.

„უკვე აქტიური არ არის 43%. ამიტომ ვფიქრობ, რომ სადღაც უნდა გადაეწყონ და კონცენტრირდნენ ადგილობრივ პრობლემებზე, მოსახლეობას შესთავაზონ ადგილობრივი ხელისუფლების ალტერნატივა. რამდენად მოხერხებენ ამის გაკეთებას ასეთ მცირე დროში, როცა მათი დღის წესრიგი დაკავშირებული იყო ეროვნულ დონეზე რიგგარეშე არჩევნების მიღწევასთან, ვერ გეტყვით. ამიტომ, ამ ვითარებაში ახალი დღის წესრიგის დამუშავება უჭირთ.

ისევ ცდილობენ, როგორმე გადაარჩინონ თავიანთი დღის წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ანულირებულად გამოაცხადა, მაინც ამტკიცებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტში აღებული ვალდებულების შესრულება. ოპოზიციის დევიზი იგივე იქნება – „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, რაც, ცხადია, განწირულია, აქტუალური აღარ არის. ამიტომ, ძალიან ძნელი იქნება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გული მოიგონ“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, შესაძლებელია, ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა ბევრი ოპოზიციური პარტია გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან.

„ზოგიერთ პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითო–ოროლა კაცი გაიყვანოს, პროგნიზის გაკეთება რთულია, დაველოდოთ ოქტომბერს. მაგრამ ფაქტი არის ერთი – პოლიტიკური დღის წესრიგი რაც შემოგვთავაზეს, რომ თითქოს ეს ადგილობრივი არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, დამატებითი ლეგიტიმაცია უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნულ დონეზე, ეს არ იმუშავებს.

ვნახოთ, შეიძლება გახარიასგან იყოს კონკურენციის მსგავსი, მაგრამ წინასწარ ძნელი სათქმელია. გახარიაც კეკლუცობს, დღეს თქვა, რომ მე არავის მოღალატე არ ვარო. ქურდს, ქუდი ეწვისო ის ვითარებაა. როგორც ჩანს, აწუხებს თავის მიერ გადადგმული ნაბიჯი და ამ ნაბიჯის შეფასება, როგორც არასწორი და მოღალატეობრივი საქციელისა. ვნახოთ, ველოდები, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს „ოცნება“ ამ არჩევნებში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.