რატომ დაიწყო ბოლო დროს „ოცნებამ“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბარი? - პოლიტიკური ბლეფი თუ რეალური საფრთხე მმართველი გუნდისთვის

რატომ დაიწყო ბოლო დროს „ოცნებამ“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბარი? - პოლიტიკური ბლეფი თუ რეალური საფრთხე მმართველი გუნდისთვის

რატომ დაიწყო ხელისუფლებამ ბოლო დღეებში კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნაზე საუბარი? ხომ არ ელიან, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური რელობა შეიცვლება და მათ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევთ, ან კიდევ იძულებულები გახდებიან, რომ კოალიციური მთავრობა ხელოვნურად შექმნან? „ოცნებას“ კოალიციური მთავრობა მხოლოდ უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში დასჭირდება, ვინაიდან მთავრობა ავტომატურად გადაყენებულად ჩაითვლება. უმრავლესობის დაშლის საფრთხეს კი „ოცნებას“ ექსპრემიერი გიორგი გახარია უქმნის. მას ბოლო კვლევების მიხედვით 10%-იანი რეიტინგი აქვს და მესამე ადგილზეა. ეს „ოცნების“ ამომრჩევლის ხმებია, რომელიც გახარიას გადადგომის შემდეგ თან გაჰყვა. ამის პარალელურად, ექსპრემიერი იქადნება, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება, თანაც იმაზე მალე, ვიდრე ამას ვინმე ელის. რისი იმედი აქვს გახარიას? თავად ის ხომ არ იქნება ამ პოლიტიკური რეალობის შექმნის ინსპირატორი და ხომ არა აქვს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდში დიდი რყევებია მოსალოდნელი?

ანალიტიკოსთან ნაწილი ფიქრობს, რომ „ოცნების“ მიერ ბოლო დროს დაწყებული საუბარი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მხოლოდ ბლეფი და პოლიტიკური მანევრია. თუმცა რაში სჭირდება „ოცნებას“ ეს მანევრი, ჯერჯერობით, მათთვის გაუგებარია, თუმცა ეჭვობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა თავად ოპოზიციასაც აღარ აწყობს და ეს მათ ქმედებებში კარგად ჩანს. ამიტომაც გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზე და ვისთან ერთად შექმნაზე შეიძლება 2024 წელს ისინი საუბრობდნენ, მით უმეტეს, პოლიტიკური რელობა როგორ შეიძლება შეიცვალოს, არავინ იცის.

„ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ივარაუდა.

„მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა, ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

ის რეალობა თუ სად შეიძლება ვიყოთ ხვალ და ზეგ ყველა ხვდება და თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის ხალხის არჩევანი. ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასოდეს იქნება“, - განაცხადა კუჭავამ.

„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს. გამოსავალია ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო - კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვინაიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში მუდმივად ერთი პარტიის მმართველობას.

„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, ამდენად სხვა გამოსავალია ის, რომ წინ წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დამოკიდებულია ნებაზე და აუცილებელია ტოლერანტობა - არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლება კოალიციური მთავრობის შექმნის ორ სცენარზე ფიქრობდეს და ამისთვის საზოგადოების აზრის შემზადებას ახდენდეს. თუმცა ანალიტიკოსს უკვირს, რატომ შეიძლება ხელისუფლება კოალიციურ მთავრობაზე ალაპარაკებულიყო, როცა რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს და შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას არ აპირებს? მისი აზრით, შესაძლოა, შიდა კულუარული ინფორმაციები არსებობს, რომლის მიხედვითაც „ოცნების“ დეპუტატების ნაწილი ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან გადასვლას აპირებენ.

ხოლო უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში, არსებული მთავრობა ავტომატურად გადაყენებულად ჩაითვლება. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლება ამ ვერსიას განიხილავდეს და გახარიასთან სწორედ, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავდეს. ან ჰქონდეთ ასევე მეორე სცენარი, რომლის მიხედვითაც იციან, რომ „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ იღებს. ამიტომ, შიდა რყევები დაიწყება და იძულებულები გახდებიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. ასეთ შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ ექსპრემიერთან კოალიცია შექმნან და მასთან ერთად სხვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც დაიმატონ. სხვაგვარად ანალიტიკოსისთვის გაუგებარია რატომ ალაპარაკდა ერთდროულად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კოალიციური მთავრობის შექმნაზე.

„ასეთ სიტუაციაში კოალიციაზე საუბარი საჭირო რატომ გახდა არ ვიცი. თუ რიგგარეშე არჩევნებს გეგმავენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ არჩევნებს „ოცნება“ არ ნიშნავს, რა კოალიციაზე საუბრობს მმართველი გუნდი, არ ვიცი. მას 76-ზე მეტი მანდატი აქვს და რატომ კეთდება განცხადებები კოალიციაზე ვერ გავიგე. მაშინ ანალიზი უნდა გავაკეთოთ და ვიმსჯელოთ, რატომ შეიძლება ახლა ხელისუფლება ამ საკითხს ააქტიურებდეს? შესაძლოა, „ოცნებას“ შიდა კვლევები აქვს ჩატარებული ან კიდევ არსებობს შიდა დუღილი და მათ აქვთ შიში, რომ უმრავლესობა დაიშალოს. ამიტომაც თავს იზღვევენ და ამომრჩევლის ამ ფაქტთან შეგუებას ახდენენ. ისინი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას არ აპირებენ. ასევე მტკიცებულებით ფორმაში აცხადებენ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. მაშინ რჩება ასეთი ვარიანტი, რომ უმრავლესობა იშლება და ნაწილი დეპუტატების გახარიასთან გადადის. ამიტომაც მთავრობა ავტომატურად გადაყენებულად ჩაითვლება და ხელახალი ხელისუფლების ფორმირება გახდება საჭირო. ამისთვის კი „ოცნებას“ ოპოზიცია დასჭირდება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ვინც მათთან კოალიციას შექმნის, გახარია იქნება. თუკი დამატება გახდება საჭირო, სხვა პარტიებსაც გამონახავენ. აი, ეს ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. სხვა რაზე შეიძლება იყოს საუბარი, ცოტა გაუგებარია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ექსპრემიერი გახარია, კვლავ მტკიცებულებით ფორმაში ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება და თან ეს ძალიან მალე მოხდება. ამიტომ, თუ ასე მოხდა, ეს ვარიანტი „ოცნებისთვის“ მაინც ყველაზე კარგი გამოსავალია, რადგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უფრო მეტ რისკებს შეიცავს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ კოალიციური მთავრობის რიგგარეშე არჩევნების გარეშე ჩამოყალიბება მოხდა, ეს ფსევდო კოალიცია იქნება. მსგავსი მთავრობები საქართველოს ახსოვს და ასეთი სააკაშვილის დროსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ამიტომ ძაბირაძე ყველაზე მეტად ამ სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს და არც იმას, რომ გახარიასთან მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებაც კი დაიწყოს. მისი აზრით, ექსპრემიერი შესაძლოა „ოცნების“ ერთგვარ დაზღვევადაც კი იქცეს, რათა მან ხელისუფლებაში დარჩენა 2024 წლამდე კიდევ შეძლოს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნაზე საუბარი მხოლოდ რიტორიკა და წყლის ნაყვაა. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნებამ“ ეს პროცესები 2024 -წლამდე გადაწია და იმედი აქვთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი. ამით კი მხოლოდ თავად იხეირებენ. ამიტომ ეს არის შემოდგებული თემა, რატომ და რისთვის, თავადაც არ იციან. თუკი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ აპირებენ, 2024 წლამდე რა მოხდება და პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, წინასწარ რა იციან? მისი აზრით, ამ ფონზე ოპოზიციაც ძალიან ცუდად გამოიყურება. საერთოდ ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ პარლამენტში მოკალათებულ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები აღარაფერში სჭირდება. ამიტომაც ისინიც დიდად თავს არ იწუხებენ და ისევ დასვენების რეჟიმზე არიან გადასულები.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ესაა პოლიტიკური ბლეფი, რომელიც რაში სჭირდებათ, თავადაც არ იციაან. ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნებს არ ვნიშნავთო და კოალიციური იქნება 2024 წელში მთავრობა თუ რა იქნება ეს ჯერ არავინ არ იცის. ამიტომ რაღაცას თვლიან რომ სჭირდებათ და ეს თემაც გამოაგორეს. არ ვიცი, პრეზიდენტი ამაში რატომ ყვება, თუ ის უნებურად ჩაერთო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ ფუჭი საუბრებია. ამ ფონზე ოპოზიციაც კარგ დღეში არაა. ხალხთან ყველანაირი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული. მარტო ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ ხალხს ვერ ეუბნებიან მათზე უკეთესად რას გააკეთებენ. ხალხი კიდევ ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლას აზრი არ აქვს. ერთი ცუდის, მეორე უარესით ჩანაცვლება რაში აწყობთ? ან ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები ახლა რად უნდა, სექტემბერი „ბარხატის“ სეზონია და ოპოზიციას ვურჩევ, ბარემ ეგ თვეც დაისვენონ. პირდაპირ 2 ოქტომბერს არჩევნებზე გამოცხადდნენ. არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი და ესენი წამოწოლილები მარტო გულს ხელისუფლების კრიტიკით იფხანენ. პრაგმატული გაგებით, მცირე პარტიებმა, რომლებმაც პარლამნეტში ფრაქციები შექმნეს, უკეთესის იმედი არ აქვთ. ამიტომ ახლა შეიძლება ფიქრობენ, 5 და 6 კაცი ვართ პარალმენტში და რა გარანტიაა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ისევ ამდენი მოხვდებიან? უარესი შედეგი იქნება“, -ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ კოალიციის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. თუმცა ისმის კითხვა - კოალიცია ვისთან უნდა შექმნან? ამ მცირე პარტიებთნ მათ ამის რესურსი არ აქვთ. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიასთან კოალიცია გამორიცხულია და ექსპრემიერი ამაზე არასდროს წავა. შესაბამისად, ენმ-საც არანაირი პრაქტიკული ინტერესი აღარ აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ისინი პარლამენტში ისედაც საკმაოდ მსხვილად არიან წარმოდგენილები. რიგგარეშე არჩევნები მათ რას მოუტანთ? ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ქმედებაში არჩევნების ინტერესი აღარ ჩანს.