აცრილთა წახალისებასა და აუცრელთათვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი უკვე ყოველდღე ძლიერდება. მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ამას დიდი წინააღმდეგობა ახლავს. როგორც გაგრძელდება მოვლენები დამოკიდებული იქნება დაძაბულობისა და დაპირსიპირების მასშტაბებზე.
მარკეტინგულმა სააგენტო echolize-მა სოციალური პროექტი www.atsrili.ge შექმნა. ვებ-გვერდი, რომელიც მოქმედებაში გუშინ ჩაეშვა, უკვე ვაქცინირებულ მოქალაქეებს ატყობინებს, თუ რომელი კომპანია რა ფასდაკლებას სთავაზობს.
echolize-ის მარკეტინგის მენეჯერი, ლიკა სადრაძე ამბობს, რომ კომპანიებს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.
„საქართველოში უკვე არაერთი ბრენდი და კომპანიაა, რომელიც ვაქცინირებულ მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობს, თუმცა მათ შესახებ ინფორმაციების მოპოვება მხოლოდ შემთხვევით, სოციალური ქსელების მეშეობით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთიანი პლატფორმა, სადაც ვაქცინირებული ადამიანები სრულად ნახავენ ინფორმაციას, თუ რა აქციას სთავაზობს ესა თუ ის კომპანია“, - აღნიშნა „ბიემთან“ სადრაძემ.
პლატფორმას აქტიური კომუნიკაცია აქვს კომპანიებთან, რომ აქციების შემთხვევაში ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსდეს. მენეჯერი მიიჩნევს, რომ სოციალური პროექტი კომპანიებს მეტად აქტიურებს გახდის ამ კუთხით, ხოლო ადამიანებს ვაქცინაციისთვის მცირე მოტივაციას მაინც გაუჩენს.
მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც მიდის სხვადასხვა მეთოდების დამუშავება, რომ აცრილი ადამიანები წახალისებულნი იყვნენ, ხოლო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებისათვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. ამას ევროპაში უკვე მოჰყვა ვნებათაღელვა და როგორც ჩანს, მსგავსი დაპირისპირების საშიშროება არსებობს საქართველოშიც.
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ აუცრელებისთვის შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ქვეყანაში დისკრიმინაციაზე ისაუბრებენ.
„ვირუსის დასაძლევად გვაქვს ორი გზა, პირველი არის - ისევ შემოვიღოთ შეზღუდვები. ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება, თუ შეზღუდვებს შემოვიღებთ აუცრელებისთვის, თუმცა მაშინვე წავა ლაპარაკი დისკრიმინაციაზე. საფრანგეთში სცადეს ეს და აქციები გაიმართა, რომ აუცრელთა უფლებები ილახებოდა.
მეორე გზა არის, რომ გავაგრძელოთ ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის, მკაცრი შეზღუდვების გარეშე და ძირითადი დარტყმა აიღოს ჯანდაცვის სექტორმა, მაგრამ ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, რაც ახლა არის, როცა არც ერთი რეგულაცია არ სრულდება. არსებული რეგულაციები უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
აუცრელთათვის შეზღუდვების შესაძლო დაწესებას ეწინააღმდეგება ბიზნესიც. რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებლის, კოტე გაბრიჩიძის თქმით, ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია, რადგან მსგავსი ფაქტი არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და საქართველო პირველი ვერ იქნება.
„ადამიანები განიხილავენ ათას რაღაცას და ლაპარაკობენ, მაგრამ სანამ ეს არ იქნება დაზუსტებული, ჩაითვლება ვარაუდად და ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. ჯერ მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულნი არ არიან, დაწესებულებებში არ შეუშვან. ვფიქრობ, არც ჩვენთან მოხდება ასეთი რამ. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ხომ არ ვიქნებით ასეთი ხისტი გადაწყვეტილების კუთხით?“ - აღნიშნა გაბრიჩიძემ.