ეს დაპირისპირება დიმიტრი ლორთქიფანიძის იმ მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საგამომძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
ეს საკითხი ლორთქიფანიძემ მას შემდეგ დააყენა, რაც უკანონოდ შეწყალებულმა პატიმარმა ორი პოლიციელი დაჭრა და ერთი მოკლა. ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რასაც პასუხი ჯერ არ გასცემია და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ლორთქიფანიძის ამ მოთხოვნას მთელი საპარალამენტო ოპოზიცია იზიარებს, ბაღათურიას გარდა. მართალია, ამ იდეას უმრავლესობა არ იზიარებს, მაგრამ ხელისუფლების პოზიციის დაცვა ბაღათურიამ სცადა და თანაც თავი ისე გამოიდო, რომ უმრავლესობის ლიდერებსაც კი შეშურდებოდათ.
ბაღათურიამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულანტობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის გააქტიურებით იმას მიაღწევს, რომ ხელისუფლება პატიმართა შეწყალებაზე საერთოდ უარს იტყვის და იგი ოპოზიციას გონიერებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, მან ოპოზიცია ხელისუფლების საქმის კეთებაშიც კი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი "ასეთი უაზრო თავგამოდების" გამო, პირადად მას თავის ამომრჩევლებთან მისასვლელი პირი აღარ ექნებოდა.
ამის შემდეგ სესიაზე ლორთქიფანიძემ ბაღათურიას საცემად გაიწია, თუმცა, მას ხელი თარგამაძე-ცაგარეიშვილმა და მანდატურებმა შეუშალეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტს უფრო მწვავე ფორმები არ მიუღია, საპარლამენტო ოპოზიცია ბაღათურიას პოზიციას გაუგებრად მიიჩნევს და გუშინ ცაგარეიშვილმა ისიც კი განაცხადა, "ამის შემდეგ ბაღათურიას არც ერთ ინიციატივას, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს, მხარს აღარ დავუჭერო."
ცაგარეიშვილის ამ განცხადების შემდეგ კი ბაღათურია უკვე ოპოზიციის ფარულ გეგმებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღების მიქცევის მიზნით ადამიანს აირჩევენ და მერე ცდილობენ ამ ადამიანთან "პინ-პონკის" თამაშს. თუმცა, იგი ყველას "ჭკუით ყოფნას და ენისთვის კბილის დაჭერას" ურჩევს.
"მაგის საქმეა ასეა - "გააქეზეს მურია, შეაჭამეს დათვსო", მაგრამ მგელმაც კი იცის, სანადიროდ რომ მიდის, თავისზე ძლიერს არ დაუწყოს ბრძოლა და ამიტომ ვურჩევ, ჭკუით იყვნენ და ენას კბილი დააჭირონ," - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
იგი ამ ანდაზის გაშიფვრისგან თავის იკავებს. მაგრამ, რაც მთავარია, იმაზე დაიწყო საუბარი, რომ პარლამენტს შიგნით ელენე თევდორაძის სკამის დასაკავებლად ბრძოლაა დაწყებული და ოპოზიციის ეს აქტიურობაც ამ ბრძოლას და "სკამის ხელში ჩაგდების სურვილს" უკავშირდება.
მაგრამ იგი არც იმას აკონკრეტებს, ვინ იბრძვის თევდორაძის სკამისთვის და რა კავშირშია ეს ბრძოლა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ დებატებთან.
მაგრამ, თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ საკითხი ლორთქიფანიძემ დააყენა და ბაღათურიას განცხადებების შემდეგ განსაკუთრებით კრიტიკული ცაგარეიშვილი აღმოჩნდა, ლოგიკურად შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ "თევდორაძის სკამისთვის" ლორთქიფანიძე იბრძვის, მანვე გააქეზა "მურია", ანუ ცაგარეიშვილი. მაგრამ მგელი ვინ აღმოჩნდება - ბაღათურია თუ ხელისუფლება, ეს კიდევ გასარკვევია.
მაგრამ, ოპოზიცია უკვე იმაზე საუბრობს, რომ ბაღათურია "ხელისუფლებისთვის ცდილობს ნამუსის მოწმენდას" და მათთვის სწორედ ეს პოზიციაა მიუღებელი.
"იგავებზე და ანდაზებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამგებმა გაიგოს. მე კიდევ იმას გავიმეორებ, რომ ამიერიდან იგი ვეღარ ეღირსება ჩემს მხარდაჭერას ვერც ერთ მის ინიციატივაზე, რაც არ უნდა კეთილშობილური იდეა ჰქონდეს, რადგან მე მის ქმედებაში სულ სხვა რამ დავინახე.
ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიციის წევრი რატომ უნდა გამოესარჩლო პროკურატურას, მით უმეტეს, ასეთ მძიმე დანაშაულში. ჩვენ მარტო იმის გარკვევა გვინდა, თუ მკვლელებს და ნაძირალებს ვინ და რატომ აფარებს ხელს და მეტი არაფერი. ნაძირალობად მიმაჩნია ასეთი გარიგებები, რომ რაღაცის სანაცვლოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს სრულიად უკანონოდ გამოუშვებ და იმათ, ვისაც მართლა ეკუთვნის შეღავათები, სულს ამოხდი. ბაღათურია კი ამას უჭერს მხარს და როგორ შეიძლება, ეს მისაღები იყოს?" - კითხულობს ცაგარეიშვილი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი უკვე ღიად აცხადებს, რომ ბაღათურია "ხელისუფლების მიერ მართვადი რაკეტაა“.
"ჯონდის სამარცხვინო გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთებას საერთოდ აღარ ვაპირებ. მან მთლიანად მოახდინა თავისი პიროვნული ლუსტრაცია, როდესაც გადაეფარა პროკურატურას აქ განხორციელებული ბინძური კამპანიის გამო, რაც უკავშირდება მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს და რისი ნათელი მაგალითიც იყო 2008 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს მიერ წარდგენილ სიებთან ერთად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალება, რომელთა შორის იყვნენ გირგვლიანის მკვლელები და რომელთა შორის იყო რატი რეხვიაშვილიც და კიდევ ვინ, ჯერ არ ვიცით.
უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ ანტიკრიზისული საბჭოს წევრი გახლავთ თავად ბაღათურია და არ იქნება ურიგო, თუ გაიხსენებს აღნიშნული ქმედებები რა ვითარებაში ხდებოდა. მაგრამ, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველაფერი იქნება გახსენებული და არავინ და არაფერი არ იქნება დავიწყებელი," - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ბაღათურიას ქმედებები მას უკვე ააშკარავებს.
"იგი გახლავთ ხელისუფლების ხელში მართვადი რაკეტა და რაც ახლოვდება არჩევნები, ასეთი რაკეტები მით უფრო გამოიკვეთებიან. მადლობა ღმერთს, ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდება წყალგამყოფი და ყველას ეცოდინება, ვინ ვინ არის. ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მისგან არ ველოდი ასე ღიად და მშვიდად თუ გადაეფარებოდა პროკურატურას და გახდებოდა მათი უფასო ადვოკატი. მე აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან იგი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას და ეს ყველამ კარგად დაინახა," - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება ბაღათურიას ბრალდებას ელენე თევდორაძის სკამის დაკავებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ამას არასერიოზულად აფასებს.
"შესაძლოა, ეს სკამი თავად ბაღათურიას ენატრებოდეს, მაგრამ მას დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ მე უფრო მეტი ამბიციები მაქვს, ვიდრე თევდორაძის ადგილის დაკავება. ჩემი ამბიცია ამ ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებაა და უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თუ მან ამ ინიციატივიდან ეს ამოიკითხა, მას ძალიან დიდი პრობლემები ჰქონია აღქმასთან დაკავშირებით და სამწუხაროა, რომ ეს ასე ხდება. ოპოზიციას სოლიდარობის გრძნობა მაინც უნდა გააჩნდეს და ასე არ უნდა იქცეოდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, მას სოლიდარობა პროკურატურის მიმართ ამოძრავებს," - აცხადებს ცაგარეიშვილი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი იმას აცხადებს, რომ "ამაზე თავად არ იტყოდა უარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიაში სახარბიელო ნამდვილად არაფერი არ არის, რადგან ამ კომისიაში არის მოქმედი ხელისუფლება, უმრავლესობა და აქ ვინც არ უნდა იყოს, არაფერი არ შეიცვლება. ასე რომ, თუ ამაზე საუბრობს, პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობს. ჩემთვის პრიორიტეტი არის და იქნება იმ გაუბედურებული ადამიანების შველა, ვინც არიან ციხეებში მძიმე მდგომარეობაში. საზოგადოება კი უკეთ მიხვდება, ვინ ვინ არის და ვინ რისთვის იბრძვის", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.