საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზღუდვების აღდგენაზე უკვე ალაპარაკდა, თუმცა პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. ბიზნესი მაინც შფოთავს, რადგან არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ჯანდაცვის სექტორი უმწვავეს ფაზას გაუძლებს და ქვეყანა „ლოქდაუნის“ გარეშე გამოძვრება პიკიდან.
სწორედ ასეთ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ მკაცრი შეზღუდვებს ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გაუძლებენ. ფიტნეს სექტორში მოქმედი კომპანია „ასპრიას“ დირექტორი ოთარ თავყელიშვილი იზიარებს პრემიერის აზრს და ამბობს, რომ მესამე „ლოქდაუნი“ ბიზნესისთვის დამანგრეველი იქნება.
„ახალი შეზღუდვები ფიტნეს ინდუსტრიას დაანგრევს. ჩვენ ვიხდით იჯარას, ლიზინგს, სესხებს. ყველგან დაქირავებული გვაქვს მაღალჭერიანი, დიდი კვადრატულობის მქონე ფართი, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული, ასეთი უძრავი ქონების ფასი კი ძალიან მაღალია. შესაბმისად, ახალ შეზღუდვებს ვერ მოვერევით, ჩვენი ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მომხმარებელთა როდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია“, - აცხადებს ოთარ თავყელიშვილი.
ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ შეზღუდვები არ დაწესდება და სიტუაცია ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვლება.
„ოპტიმისტები ვართ, ვიცით, რომ მალე ეს ყველაფერი დამთავრდება. მჯერა, რომ ხალხი ვარჯიშს შეუდგება და ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ყოველდღიურობა გახდება. სწორედ ამიტომ გეგმები არ შეგვიცვლია, დასახულ მიზანს მივყვებით.
ინვესტიციები გაგრძელდება, თუმცა ამას უკუკავშირი უნდა მოჰყვეს. ჩვენ რომ ბიზნესში ფინანსური რესურსი ჩავდოთ და შემდეგ მუშაობის შესაძლებლობა არ მოგვეცეს, ეს კომპანიას კრახს მოუტანს, თანაც არა მარტო ჩვენ, არამედ სრულიად სექტორს. ამ საშიშროებას ვხედავთ, მაგრამ იმედია მდგომარეობა გამოსწორდება, მოხდება ვაქცინაცია, შეზღუდვები არ იქნება დაწესებული და ჩვენი ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში ამუშავდება“, - განაცხადა თავყელიშვილმა.
დაძაბული და სახიფათო ვითარებაა სტუმარმასპინძლობის სექტორშიც. კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა ისედაც შეთხელებლია და ამას მეოთხე ტალღის პიკი და შიში ემატება. ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ საკურორტო სეზონზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ამიტომ აუცლებელია, ძველი შეცდომები კიდევ ერთხელ არ გავიმეოროთ.
„იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები დაწესდება, მნიშვნელოვანია, რა სახის იქნება ის. ტურისტულ სეზონზე ისედაც ბევრი რამ მოქმედებს უარყოფითად და მათ შორის, გართულებული ეპიდსიტუაციაც. არათანმიმდევრული პოლიტიკა შეზღუდვებთან მიმართებით თავიდანვე შეცდომა იყო და საინტერესოა, ახლა რამდენად გავითვალისწინებთ ამ შეცდომებს და რამდენად რელევანტური რეგულაციები იქნება.
სამწუხაროდ, მივდივართ იმ გზით, რომ შეზღუდვები აუცილებელია, არადა, ვაქცინაცია უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული. დღეს კიდევ ვიმეორებთ აჭარაში დაშვებულ შარშანდელ შეცდომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგულაციებს არავინ ასრულებს, რის გამოც ეპიდმდგომარეობა რთულდება.
რესტორნების ან სასტუმროების მორიგი დაკეტვა შეცდომა იქნება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. თუ რამე ახალი რეგულაცია დაემატება, უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად გატარებული, რომ ისევ ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეთ“, - განაცხადა სიდამონიძემ.