„მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამო უპირისპირდებოდა „ოცნებას“, ზურაბიშვილი კი  დასავლეთის პოლიტიკური წრეების გამო და ამას აქვს მნიშვნელობა“

„მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამო უპირისპირდებოდა „ოცნებას“, ზურაბიშვილი კი  დასავლეთის პოლიტიკური წრეების გამო და ამას აქვს მნიშვნელობა“

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს და ამბობს, რომ დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა. პრეზიდენტისთვის გაუგებარია პოსტ–ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რაღაცები დათმო, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის და მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილის განცხადებას დაბალანსება აკლდა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს საკუთარ ვალდებულებას ახსენებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ვალდებულებაა ყველა ძალისხმევა მიმართოს იქითკენ, რომ შეთანხმება ოდესმე მიღწეულ იქნას. თუმცა იციან, რომ ეს რთული და შეუსრულებელი მისიაა, რადგან კონკრეტულ სუბიექტებს ამის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ.

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს და არ ფიქრობს, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ოპოზიცია მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა გადაწყვეტილება მიღებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. მისი თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს.

„პრეზიდენტს მოვლენების შეფასებების გარკვეული გარემოებები მხედველობაში უნდა მიეღო. არ მგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის განსაკუთრებით ის გარემოება, რაც ითქვა, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდა, კონსტრუქციულად მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რეალურად, ეს ასე არ არის.

ზოგადად, მისი მხრიდან გულის დაწყვეტა გასაგებია, რადგან დოკუმენტის თავდაპირველი ფუნქცია ყველასგან მისალმებული იყო და კარგი ინიციატივა იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ მოგვიანებით რა ფორმაც მიიღო, როგორი იყო ცალკეული პარტიების დამოკიდებულება, სრულიად განსხვავდებოდა იმ პათოსისგან, რასაც ეფუძნებოდა შეთანხმება და ბუნებრივია, ამას მხედველობაში მიღება სჭირდებოდა. მგონია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაძლებლობები ამოწურულია,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სარჯველაძემ.

ტრადიციულად, პრეზიდენტის განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში. ნაწილი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ქვეყანას შეასუსტებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ჩემი აზრი არ შემიცვლია. გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს. ეს ნიშანდობლივია, მეტი ეს არაფერს ნიშნავს. ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და მოვლენებზე პასუხისმგებლობა არც არასდროს აუღია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

განსხვავებული პოზიცია აქვს „მოქალაქეებს“. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, როცა ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე ისაუბრა, მეორე მხრივ, აღნიშნა „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ქმედება.

„პრეზიდენტმა ადეკვატური და სწორი განცხადება გააკეთა, როდესაც ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე ისაუბრა, რამაც გაუხსნა „ქართულ ოცნებას“ ხელი, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულიყო და მეორე მხრივ, ისაუბრა „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ქმედებაზე, როცა უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები, პოლიტიკოსები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მის შესრულებაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დოკუმენტის მთავარი შემსრულებელი მმართველი პარტიაა. ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა – პარლამენტში შევიდა. დანარჩენი პუნქტები მმართველ პარტიას უნდა შეესრულებინა და რეფორმებზე მსჯელობა უნდა დაგვეწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე უარი თქვეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იოსელიანმა.

იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის და ყველა უნდა ეცადოს „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას.

„ჩემი აზრით, მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი და ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ბევრი იქნება. არსებობდა მანამდე დროის გარკვეული მონაკვეთები, როცა „ქართული ოცნება“ ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა ამ დოკუმენტის მიმართ და ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო კანონპროექტისთვის, რომელიც იყო ამ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგო, მაშინ ეს არ მოხდა და ზოგადად, ისეთი ფაქტები, რომ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, გუნდის შიგნით არავინ არაფერზე ზღუდავს, იწვევს ამას. ამიტომ აქამდე არ უნდა მივიდეთ ხოლმე, მე ამას ვურჩევდი ქალბატონ პრეზიდენტს.

ჩვენ ხშირად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად და თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და ქალბატონი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას. „ქართული ოცნება“ ახლა არის იმ სიტუაციაში, როცა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ილაპარაკებს, სიტყვებს გამოსცემენ შინაარსის გარეშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან, რომელიც უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება მმართველი გუნდისთვისაც და, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათოა ქვეყნის მომავლისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. ეს აჩვენებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიკრიფოს ნებისყოფა და კიდევ ერთხელ, შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადების სისწორეს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ზურაბიშვილის სიტყვა იყო ძალიან შთამბეჭდავი, კარგად აგებული და გამიზნული იმისათვის, რომ ეჩვენებინა სულხან–საბადან დაწყებული საქართველო ევროპისკენ მიდის, ევროპული გზა უალტერნატივოა. ამდენად, მისი თქმით, ევროპული გზის დამცველი ადამიანი სახელმწიფოს მომავალს იცავს.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზურაბიშვილი განსხვავებული პასუხიმგებლობის მქონე პიროვნებაა. მას გარკვეული მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს თავის დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან და მათთან პირნათლად ყოფნა, მისთვის უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსებისთვის.

„ჩვენ ვიცით ევროპული გზის დაცავში როგორ ეჯიბრება ყველა ერთმანეთს და ისიც ვიცით, ევროპულობას რომ იძახიან და ამ დროს პოლიტიკური ცხოვრების წესი ევროპული არ აქვთ, უფრო რუსული აქვთ. ასეთი პარტიებიც არიან და ხშირად, ამიტომ ამბობენ კიდეც, რომ ევროპა გეოგრაფია არ არის. ევროპა ცხოვრების, აზროვნების წესის ნაკრებიაო.

სწორედ, მაგ კუთხიდანაც გასცა პასუხი ზურაბიშვილმა, რომ სიტყვის გატეხვა არ არის ევროპული წესი. ხელი რომ მოეწერება, ეს უკვე პირობაა და პირობა უნდა შესრულდეს. ამაზე გააკეთა აქცენტი სალომე ზურაბიშვილმა. ამდენად, ერთი მხრივ ეს არის ისტორიული მხარე, რომ ევროპისკენ უნდა ვიაროთ და მეორე მხრივ, რომ ევროპულობა გეოპოლიტიკა არ არის მხოლოდ, ეს პოლიტიკური ცხოვრების წესია. ამაზე აქცენტით ზურაბიშვილმა სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი მაგალითი აჩვენა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განსხვავებული პოზიცია, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდის ოპოზიციაში გადავიდა, როგორც ეს გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ გამიჯვნას უფრო ფართე მასშტაბი მიეცეს.

„სხვა დროს არსად არ ეტყობოდა პრეზიდენტს ასეთი დაპირისპირების სურვილი. თან, სიმართლე გითხრათ, ზურაბიშვილის ამ ნაბიჯს ახლავს ის, რაც არ ახლდა მარგველაშვილის ამა, თუ იმ ნაბიჯს. ვგულისხმობ მხარდაჭერას და ეს არ არის მარტო ოპოზიციის მხარდაჭერა, რასაც ხაზს უსვამს მმართველი პარტია და ოპოზიცია. იმათთვის მარტო ურთიერთობას აქვს მნიშვნელობა. გავიხსენოთ, რომ ზურაბიშვილის პოზიციას მხარს უჭერს ევროპელი პოლიტიკოსების პრაქტიკულად უმრავლესობა.

ასე რომ, ზურაბიშვილის პოზიციას ძალიან ფართე ევროპული მხარდაჭერა აქვს და ეს არის ერთ–ერთი საკვანძო ამ საკითხში და არა ის, მმართველ პარტიას უპირისპირდება თუ არა ზურაბიშვილი. ვინ დგას მის მხარეს, ანუ ვისი ხათრით უპირისპირდება, ამას აქვს მნიშვნელობა. მარგველაშვილი ვის ინტერესსაც იცავდა და უპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. ზურაბიშვილის შემთხვევაში ის, ვის გამოც ამ შემთხვევაში უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, არის დასავლეთის პოლიტიკური წრეები. მე, მგონია, რომ განსხვავება არის“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

tngh პრეზიდენტ ქ-ნი სალომეს განცხადება ფრიად ზომიერი და კორექტული იყო... ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე... ღრმად პატივცემული გ. მარგველაშვილის ყველა გამოჩენა კი "ნაცური" ბოღმით არის სავსე და სრული დემაგოგიაა...
2 წლის უკან
tngh პრეზიდენტ ქ-ნი სალომეს განცხადება ფრიად ზომიერი და კორექტული იყო... ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე... ღრმად პატივცემული გ. მარგველაშვილის ყველა გამოჩენა კი "ნაცური" ბოღმით არის სავსე და სრული დემაგოგიაა...
2 წლის უკან
tngh პრეზიდენტ ქ-ნი სალომეს განცხადება ფრიად ზომიერი და კორექტული იყო... ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე... ღრმად პატივცემული გ. მარგველაშვილის ყველა გამოჩენა კი "ნაცური" ბოღმით არის სავსე და სრული დემაგოგიაა...
2 წლის უკან
tngh პრეზიდენტ ქ-ნი სალომეს განცხადება ფრიად ზომიერი და კორექტული იყო... ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე... ღრმად პატივცემული გ. მარგველაშვილის ყველა გამოჩენა კი "ნაცური" ბოღმით არის სავსე და სრული დემაგოგიაა...
2 წლის უკან
tngh პრეზიდენტ ქ-ნი სალომეს განცხადება ფრიად ზომიერი და კორექტული იყო... ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე... ღრმად პატივცემული გ. მარგველაშვილის ყველა გამოჩენა კი "ნაცური" ბოღმით არის სავსე და სრული დემაგოგიაა...
2 წლის უკან