კატასტროფა: ინფლაცია უკვე ორნიშნაა და ყოველთვე 2%-ზე მეტით იზრდება

კატასტროფა: ინფლაცია უკვე ორნიშნაა და ყოველთვე 2%-ზე მეტით იზრდება

ათწლიანი რეკორდი მოხსნილია - ინფლაცია ისეთ ნიშნულამდე მივიდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვეღარ ხერხდება ვრაფრის კონტროლი. ფასები შეუჩერებლად მაღლა მიიწევს. დამაიმედებელ პროგნოზებს ვეღარავინ აკეთებს, ხოლო უშუალო პასუხისმგებელი, ეროვნული ბანკი სამარცხვინოდ დუმს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ივლისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად - 48.0 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 35.4 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 18.1 პროცენტით არის ფასები მომატებული ტკბილეულზე. ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 15.4 პროცენტით გაძვირდა.

პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 12.4 პროცენტით მოიმატა, ხოლო თევზეულზე - 11.5 პროცენტით. 5.3 პროცენტითაა გაძვირებული ხორცი და ხორცპროდუქტები.

მაისში წლიური ინფლაცია 7.7 პროცენტი იყო, ივნისში 9.9 პროცენტამდე გაიზარდა. ივლისში კი, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 11.9 პროცენტი შეადგინა.

„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა, უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში.

„ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება, ეს არის პურის სუბსიდირების დასრულება, რომელის ფასიც 12.5%-ით გაიზარდა. პურპროდუქტებზე ფასების ზრდამ დამატებითი გავლენა მოახდინა ინფლაციაზე.

ასეთ მაღალ ინფლაციას უნდა ველოდოთ 2022 წლის პირველ კვარტალშიც, ხოლო მეორე კვარტლიდან დაიწყება შემცირების ტემპი. მთლიანობაში, 2022 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაღალი იქნება და ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 4.1%-ს მიაღწევს“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

„ვფიქრობ, წინა სხდომებზე, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ქონდა უფრო თამამად განეხორციელებინა გადაწყვეტილებები, რომელიც დადებითად იმოქმედებდა ეროვნულ ვალუტასა და ფასებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი კურსი იმისათვის, რომ ამ ფაქტორების ერთობლივი გავლენა იყოს გარკვეულწილად განეიტრალებული“, - განაცხადა ქავთარაძემ.

ეკონომიკის დოქტორს, ირაკლი მაკალათიას კი ეჭვი ეპერება, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდეს და ინფლაციამ შემცირება თუნდაც 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყოს.

„არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთლიანად სახელმწიფო სექტორი ყოველთვის პოზიტიურ პროგნოზებს დებენ და რადგანაც მომავალ წლამდე სებ-ი ინფლაციის შემცირებას არ ელოდება, ძალიან მინიმალურია იმის შანსი, რომ ამ პერიოდში მონაცემები შემცირდეს. ისიც საკითხავია, სებ-ის მიერ დასახელებული დროიდან (2022 წლის მარტი) რამდენად დაიწყებს ინფლაცია შემცირებას. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი უკვე წლებია 3%-ზე გვაქვს და ეს უბრალოდ ქაღალდზე დაწერილია ციფრია, რომლის შესრულებაც ვერ ხდება და 2-ჯერ და უფრო მეტჯერაც კი ხდება აცილება.

ეროვნული ბანკი ერთი ხელით ბეჭდავს ბევრ ფულს, იწვევს ინფლაციას და მეორე ხელიდან თავისივე მოჭრილი ზემდეტი ფულის ამოღებას ცდილობს რეფინანსირების განაკვეთის ზრდით და აქ საერთოდ სად არის ლოგიკა? ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის გამოშვება უნდა აკონტროლოს“, - განაცხადა მაკალათიამ და დასძინა, რომ რადგანაც ეროვნული ბანკი მის უშაულო მოვალებას ვერ ასრულებს, ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს.