„ნაცები კოალიციას არ შექმნიან, შექმნიან თავის მთავრობას და  თავიდან ბოლომდე იქნება სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ნება - ვინც ამას ვერ ხედავს, ბრმაა“

„ნაცები კოალიციას არ შექმნიან, შექმნიან თავის მთავრობას და  თავიდან ბოლომდე იქნება სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ნება - ვინც ამას ვერ ხედავს, ბრმაა“

თუ ოპოზიციურ პარტიებს შეეძლებათ სუბიექტური და ხშირად მავნე ინტერესების გვერდით გადადება, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კოალიციურ მმართველობაზე დაფიქრდება. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაიმეორებს. მეორე ტური იქნება თუ არა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამას საზოგადოება გადაწყვეტს. ამ პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, როგორც კალაძეს არ ჰყავს კონკურენტი, ასევე „ქართული ოცნების“ სიას არ ეყოლება კონკურენტი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცადებით, 19 აპრილის ანულირების დოკუმენტზე ხელის მოწერისას იცოდნენ, რომ თავისუფლად გადალახავდნენ 43%–იან ბარიერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ამხელა რისკის წინაშე ქვეყანას ვერ დააყენებდნენ. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნებისთვის“ რამდენად რთული იქნება 43% ბარიერის გადალახვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერი არ არსებობს?

დავით ზარდიაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერი ყველა მუნიციპალიტეტში იმისდა მიხედვით არის, რამდენი მანდატია. 43% იმ თავითვე წინააღმდეგობრივი იყო კონსტიტუციასთან. აქიდან გამომდინარე, მისი შესრულება მაინცდამაინც არ არის სასურველი, თუნდაც რომ, პოლიტიკური ვითარება იყოს სტაბილური. თეორიულად დავუშვათ და ვერ გადაელახათ 43%, შეიქმნებოდა კონსტიტუციური კაზუსი.

იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციით გათვალისწინებული არ არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და გამომდინარე აქედან რაღაცა უნდა მოეფიქრებინა „ქართულ ოცნებას“ და თავისი დაპირება შეესრულებინა. ხელოვნურად თვითონ უნდა შეექმნა პოლიტიკური კრიზისი, რადგან ჩვენი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური კრიზისის დროს ინიშნება. ცხადია, რომ ასეთი შეთანხმებები აღარ დაიდება და ძალიან კარგი. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ვითარება, როდესაც დაიდო ეს შეთანხმება -  ეს იყო პოლიტიკური შანტაჟის პირობებში და სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ არსებობდა.

რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები აჩვენებენ, რომ შეუძლიათ სუბიექტური და ხშირად მავნე ინტერესების გადადება, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იფიქრებენ კოალიციურ მმართველობაზე...

– ამ შემთხვევაში მთავარია არა ის, რა უნდათ პოლიტიკურ ძალებს, გადაწყვეტილებას არჩევნებზე იღებს ქართველი ამომრჩეველი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტიას არ ექნება გადამწყვეტი მხარდაჭერა, ამომრჩეველი თავის ხმებს გადაანაწილებს რამდენიმე პარტიას შორის და ასეთი პარტია ორზე მეტი უნდა იყოს, აი, მაშინ დადგება დღის წესრგში კოალიციის საკითხი და ეს იქნება ქართველი ხალხის ნება. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების ნებაზე არ არის დამოკიდებული, ხალხის ნებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, თუკი პოლიტიკური კულტურა გაიზრდება იმ თვალსაზრისით, რომ პარტიები ერთმანეთს კი არ დაჭამენ, ასეთი პოლარიზებული გარემო კი არ იქნება, არამედ იქნება არა მარტო ჯანსაღი კონკურენცია, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პარტიებს შორის, პარტნიორობა. აი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება „ოცნებამ“ იფიქროს და რომელიმე პარტია თავისი ნებით შეიყვანოს კოალიციურ მმართველობაში და რომელიმე მინისტრის სავარძელი დაუთმოს კიდეც, იმისდა მიუხედავად, რომ ეს არჩევნების დროს გამოხატული ნება არ იქნება.

ასეთი პარტია, რომელიც მზად იქნებოდა თანამშრომლობისთვის არსებობს საქართველოს სინამდვილეში?

– ასეთი პარტია, პრაქტიკულად, არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს ნაცების ბანაკი, ეს არის პატრონკლიენტერული სისტემა, იქ დომინანტი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენები არიან მისი კლიენტელები, რომლებიც იმის მოლოდინში არიან, ნაცებმა მოიპოვონ ძალა–უფლება და იქნება რამე მიუგდონ. ასეთ ვითარებაში არავითარი კოალიცია არ შედგება. ეს იმთავითვე თეორიულად და პრაქტიკულად გამორიცხულია. კოალიციების შექმნა-არშექმნა დამოკიდებული არის არა პარტიებზე, არამედ ამომრჩეველზე და მის ნებაზე.

დღეს ქართველ ამომრჩეველში არის კოალიცური მთავრობის შექმნის მოთხოვნილება?

– ცალსახად არ არის. „ქართულ ოცნებას“ აქვს 90 მანდატი, ყავს მყარი უმრავლესობა, შეუძლია მთავრობის დაკომპლეტება, ასევე მარაგში აქვს მანდატები და რა კოალიციაზე შეიძლება ლაპარაკი?! ქართველმა ხალხმა მართვის მანდატი ერთპიროვნულად მისცა „ქართულ ოცნებას“. ახლა რა უნდათ, ძალით შეცვალონ ქართველი ხალხის ნება?! გინდა, თუ არა კოალიცია გვინდა, ეს არის აკვიატება და დაჟინება. ვინც კიდევ ტოლობის ნიშანს სვამს, უნდა გავახსენო, ყოველთვის როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა, ამას კოალიცია აკეთებდა და მერე ის კოალიცია თავის მხრივ ყალიბდებოდა ძალიან მკაცრად და ხისტად დარაზმულ ერთპარტიულ კონგლომერატად. ასე მოხდა როდესაც „მრგვალმა მაგიდამ“ მოუგო კომუნისტებს. იცით, რომ „მრგვალი მაგიდა“ თავიდან კოალიცია იყო. ასე მოხდა 2003 წელს.

თეორიულად დავუშვათ, რომ ამომრჩეველს შეიძლება გაუჩნდეს კოალიციური მთავრობის მოთხოვნილება, ვისთან ერთად წარმოგიდგენიათ იგი?

– კოალიცია არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ არის ქართული პოლიტიკური სისტემა არის უკიდურესად პოლარიზებული. არსებობს ორი ბანაკი – „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. ორივე არის დომინანტი პოლიტიკური ძალა და იქ რაიმე კოალიცია გამორიცხულია. ეს არის სატყუარა, რომელსაც ხალხს უგდებენ ნაცები. მათი კოალიციურობა თავიდან ბოლომდე არის ბლეფი. არავითარი კოალიცია ნაცების ხელში არ შედგება. „ნაცმოძრაობას“ ეს წვრილ–წვრილი პარტიები სჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად იგივე სტრატეგიით მოუგოს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ როგორც ეს ბიძინამ გააკეთა - ყველა ერთის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის მოჩვენებას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არის ერთის – „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

თუკი „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობა, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნის კოალიციურ მთავრობას?

– რასაკვირველია, ნაცები კოალიციას არ შექმნიან. შექმნიან თავის მთავრობას და შეიძლება მოსაჩვენებლად ერთი–ორი ადგილი რომელიმე პარტიას მისცენ მთავრობაში. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ თვალის ასახვევად, ანტურაჟი. სინამდვილეში არა თუ ერთპარტიული იქნება მათი მთავრობა, არამედ ერთპიროვნული, სააკაშვილი იქნება თავიდან ბოლომდე და მისი პოლიტიკური ნება იქნება დომინანტი. ეს იმდენად აშკარაა, რომ ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმა არის, ან თავს იბრმავებს.

ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე რამდენად იქონიებს გავლენას 5–6 ივლისის მოვლენები და ამ შედეგებზე რამდენად იქნება დამოკიდებული ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

– რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, მორჩა ამ საკითხზე ლაპარაკი. არსებობდა პოლიტიკური პარტიების შეთანხმება, სადაც იყო რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა. მაგრამ არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ შემთხვევაში ტარდება – როცა ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი. ანუ, მთავრობამ პარლამენტში დაკარგა ნდობა, პარლამენტის უმრავლეობა მხარს არ უჭერს მთავრობას და ამავდროულად, არ არსებობს ისეთი უმრავლესობა პარლამენტში, რომელსაც შეუძლია ახალი მთავრობა მოიყვანოს.

ამ დროს მთავრობამ უნდა კითხოს ხალხს – ვისი იქნება მთავრობა? - ეს არის რიგგარეშე არჩევნები. რასაკვირველია, დღეს ასეთი მდგომარეობა არ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვს პარლამენტში და არავითარი საფრთხე, რომ მთავრობა ნდობას დაკარგავს, არ არსებობს. რა რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშოს? რიგგარეშე არჩევნებს გჩრიან თვალში და სინამდვილეში მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციის გვერდის ავლით. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, როცა ამის საფუძველი არ არსებობს, არაკონსტიტუციურია, რაც ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა გახლავთ, მეტი არაფერი.

მაშინ რატომ მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი ასეთ შეთანხმებას, რომელიც კონსტიტუციასთან იყო წინააღმდეგობაში?

– ხელი მოაწერა ერთადერთი მიზნით, შეწყვეტილიყო პარლამენტის საბოტაჟი, დამთავრებულიყო ეს საბოტაჟი, რასაც ეწოდნენ ექსტრემისტული პოლიტიკური ძალები და თანაც გარანტია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა არ შეექმნებოდა, იმიტომ, რომ 43%–იან ბარიერს გადალახავდა და არც ლაპარაკი არ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნებზე და საერთოდ, ეს შეთანხმება დარჩებოდა აუმუშავებელი, ეს იყო ლოგიკა.

მაგრამ ნახეთ რა ხდება? პოლარიზაცია კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა და შეიქმნა საფრთხე. კერძოდ, 43% კი არა, 53% რომ აიღოს „ოცნებამ“, ეს ექსტრემისტები დაიწყებენ ყვირილს, იგივეს გააკეთებენ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ხელოვნური კრიზისის შექმნა უნდათ, რაც თავიდან აირიდა „ოცნებამ“ და გამოვიდა შეთანხმებიდან და თქვა – მთავარია კონსტიტუცია, არავითარი სხვა შეთანხმება არ მაინტერესებს. ახლა იხტუნაონ და იყვნენ. როგორც კი გამოვიდა „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან, მათი დღის წესრიგი დაინგრა, ახლა საერთოდ აზრზე არ არიან რა აკეთონ.

როგორ იქნება თვითმმართველობის შედეგები?

– როგორც კალაძეს არ ჰყავს კონკურენტი, ასევე „ქართული ოცნების“ სიას არ ეყოლება კონკურენტი და ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ყველა მუნიციპალიტეტში უმრავლესობით წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნება“.

რაც პოლიტიკური ვითარებისთვის კარგი არ არის...

– პოლიტიკური ვითარებისთვის კარგია, თუკი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება კონსტრუქციული ალტერნატივა.

კონსტრუქციულ ალტერნატივა არის გიორგი გახარია?

– გახარია როგორ არის კონსტრუქციული? – გახარია არის მოღალატე! კარგად შეაფასა ეს ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ მტერთანაც კი შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ მოღალატესთან რა თანამშრომლობა უნდა შედგესო?! - ვეთანხები.

ირაკლი კობახიძეს ზეპირი განცხადება საკმარისია თქვათ, რომ გახარია მოღალატეა?

– გახარია მოღალატე არის! საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თავის პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე თქვა უარი, დაუპირისპირდა საკუთარ თავს და გუნდს. გახარია პოლიტიკურად არის მოღალატე და არა სამართლებრივად. შეიძლება ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ იყოს უკიდურესი ნაძირალა.

 ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად კინწურაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაბლოკა გია იაკობაშვილი, ის სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის, მაგრამ არის უნაძირალესი ადამიანი, მედია ჯალათია. ასევე არის გახარია. რასაკვირველია, ის არაა სისხლის სამართლის დამნაშავე, მაგრამ პოლიტიკურად არის კეთროვანი, ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც პოლიტიკაში არ პატიობენ. თავის საკუთარ გუნდს, სამეგობროს და ხალხს უღალატა.

ზაზა ყლეო, ერთხელ კიხევ თქვი "ბერა შვილო" და კიხევ დსგნიშნავენ სადმე ან სალაფავს დაგიმატებენ.
2 წლის უკან