ქართული პოლიტიკის ურაბოროსები

ქართული პოლიტიკის ურაბოროსები

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილით მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ცდილობს იპოვოს ბერკეტი, რის შედეგადაც ხელისუფლებას უკან მიშელის დოკუმენტის პასუხისმგებლობის ჩარჩოში დააბრუნებს. თუმცა რა შანსები და შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ ხელისუფლება უკან დააბრუნოს, უცნობია. მათი აზრით, დოკუმენტი მაინც მოქმედებს და თუკი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის 43%-ზე ნაკლებს აიღებს და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, დასავლეთი ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ქვეშ დააყენებს. ოპოზიციის მთავარი იმედი ისევ საერთაშორისო პარტნიორები არიან, რომლებიც ჯერჯერობით შეშფოთების მეტს ვერაფერს ახერხებენ. უფრო მეტიც, ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მკაფიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სანქციების თემა არ განიხილება. სასოწარკვეთილი ოპოზიციის ნაწილი კი, ნუგეშის მისაღებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაემართა, თუმცა პირველი, ვისაც სალომე ზურაბიშვილი შეხვდა, „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო. შემდეგ ეტაპზე ქვეყნის პრეზიდენტი ესაუბრა პარტია „გირჩი“-ის წარმომადგენელს ვახტანგ მეგრელიშვილს. შეხვედრა შედგა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთანაც. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარს ამბობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმება, თუ სალომე ზურაბიშვილი მკაფიო და კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არც ერთი კრიტიკული განცხადება ამ დღეების განმავლობაში არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ, ამის მერე შევხვდეთ. ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, როცა ილუზია შექმნა, ვითომ ოპოზიციასთან კონსულტაცია გამართა, შემდეგ კი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში. ქალბატონო სალომე, თუ გინდათ რეალურად ესაუბროთ ოპოზიციას, გადადგით ქმედითი ნაბიჯები და არა ის, რომ უბრალოდ შექმნათ ანტურაჟი, თითქოს თქვენ რეალურად გაღელვებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი საქართველოში.

ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას და, რომ მან დაარღვია ყველა საერთაშორისო პირობა ოპოზიციასთან. არაფერზე საუბარი და მერე კიდევ არაფრის გაკეთება, ეს არის ძალიან ცუდი. თუ ის რეალურ ნაბიჯს გადადგამს, მერე მზად ვარ შევხვდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

„იმედი მაქვს, რომ ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, მას ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმისათვის, რომ კომუნიკაცია გააგრძელოს პრეზიდენტ მიშელთან. როგორც ვიცი, ამას ისევ აპირებს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილის და მიშელის დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ „იმედგაცრუება და ერთგვარი შოკი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა და მიშელმა გაიგეს, რომ „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან“.

„ჩემთვის არ არის ცნობილი, როდის გააკეთებს განცხადებას ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადება იქნება სიტუაციის ადეკვატურად შეფასება და მკაცრი გზავნილები. მე ამის მოლოდინი მაქვს.

პირველ რიგში, რაც ჩემთვის საინტერესო იყო, ეს იყო პრეზიდენტ მიშელის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია. დადასტურდა, რომ მიშელს ინფორმაცია არ ჰქონდა „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების, რადიკალური ნაბიჯის თაობაზე, რომ ის უარს ეტყოდა ევროპას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და გავიდოდა ხელშეკრულებიდან.

რა თქმა უნდა, ხელშეკრულებიდან გასვლის საბაბად „ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენების საკითხზეც ვისაუბრეთ. „ქართული ოცნება“ ძირითადად სხვისკენ იშვერს ხელს, როდესაც კრიზისი აქვს ქვეყანაში და ძირითადად, მისი გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი არის შიში. შიში, რომ ვერ მიიღებს 43%-ს, შიში, რომ არ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შიში, რომ ამ ქვეყანაში ყოველდღიურად კარგავს ნდობას. დიდი საფრთხეა ასევე ის, რომ „ქართული ოცნება“ თავად იქცა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, თუ თავად აწარმოებს უკვე ამ ომს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამაზეც ვისაუბრეთ ქალბატონ პრეზიდენტთან“, - აცხადებს სამნიძე.

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამორიცხულია მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტს ხელი მომავალში მოაწეროს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვეყანაში.

„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, - განაცხადა კობახიძემ.

რას შეძლებს ოპოზიცია და რეალურად მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნების“ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნებას, უცნობია, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამისთვის ძალას არ დაიშურებენ და, რა თქმა უნდა, დახმარებას დასავლეთისგანაც ელიან. ჯერჯერობით დასავლეთი კი მხოლოდ გაოგნებით, შეშფოთებით და გულისტკივილით შემოიფარგლება. ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, მართალია, გააკრიტიკა „ოცნების“ გადაწყვეტილება და მიშელის დოკუმენტიდან გასვლა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ძალიან კარგი ცვლილებები მოხდა.

კონსტიტუციონალისტი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ შარლ მიშელს დოკუმენტი ანულირებულია, შესაბამისად არ არსებობს არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ მას უკან დაუბრუნდეს. თუმცა დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს და ასრულებს, გარდა 43%-იანი ჩამკეტისა. ამიტომაც პრეზიდენტთან შეხვედრები და დასავლეთისთვის საშველად მოწოდება ოპოზიციას ვერაფერს ვეღარ უშველის. დოკუმენტის შესრულება მხოლოდ ცალმხრივად არ გამოვიდოდა და ხელისუფლებამ მისი ანულირების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

„არ მგონია, რომ ხელსიუფლება ამ დოკუმენტს უკან დაუბრუნდება. მისი იძულების არც არანაირი მექანიზმი არ არსებობს. თუმცა ანულირებული დოკუმენტის მიუხედავად „ოცნება“ ვალდებულებებს გარდა 43%-იანი ჩამკეტისა მაინც შეასრულებს. უბრალოდ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სავალდებულო აღარ იქნება, თუ კი 43%-ზე მეტი ვერ აიღო. თუმცა აქაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუკი პოლიტიკური პროცესები ისე წარიმართება, რომ არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა საჭირო გახდა, „ოცნება“ ამ არჩევნებს დანიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაწყნარებულიყო და პოლიტიკოსებს საქმე ეკეთებინათ, ამის მაგივრად დესტრუქციულ ქმედებებს აგრძელებდნენ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ 3 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მთვარი მიზანი იგივე სცენარის გაგრძელება იქნებოდა, რაც 2020 წლის არჩევნებზე 7 თვის განმავლობაში ვიხილეთ. ბუნებრივია, ეს ინდიკატორები უკვე ცესკოს თავმჯდომარის და მისი ადმინისტრაციის წევრების არჩევის დროს იგრძნობოდა. ოპოზიციამ თითი არ გაატოკა იმისთვის, რომ ცესკოს საკუთარი კანდიდატურა წარედგინა ან კიდევ მისთვის მხარი დაეჭირა. ამიტომაც ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რათა ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გაგრძელება არ მოხდეს და პროცესები ჩვეულ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ბოჟაძე ამბობს, რომ ოპოზიცია აქაც მოტყუვდა და აღმოჩნდა, რომ დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს თანაბრად აკისრებენ. შესაბამისად, მათაც კარგად დაინახეს და დარწმუნდნენ იმაში, რომ პარლამეტში ოპოზიცია საქმის საკეთებლად კი არა დესტრუქციის და დებოშის მოსაწყობად იყო შესული. ამიტომაც მათი რეაქციაც არის შესაბამისი და დოკუმენტის შესრულებას მხოლოდ ცალმხრივად ხელისუფლებას ვერ მოსთხოვენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ისევ არსებობს, რადგან მას ხელისუფლების გარდა ხელს ოპოზიციის ნაწილი აწერს. ამიტომაც შარლ მიშელის დოკუმენტი არის, მაგრამ ხელისუფლება ოპოზიციამ როგორ უნდა აიძულოს, რომ 43%-იანი ჩამკეტი აამოქმედოს, ეს არის გაუგებარი. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მცდარია ოპოზიციის წარმოდგენა, როცა მას ჰგონია, რომ დასავლეთს აქვს რამე ბერკეტი რითაც ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს, რადგანაც მოსახლეობის რეაქციას უყურებენ. ჩვენი ხალხი კი ჯერჯერობით არ ფიქრობს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა საჭიროა. ამიტომაც ოპოზიციამ ხალხთან უნდა იმუშაოს და არა ამერიკელ სენატორებთან, რომლებიც თავადვე ამბობენ, რომ ქართველი ხალხის გარდა სხვას არავის შესწევს ძალა, ერთ პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლება წაართვას და მეორეს გადასცეს.

„კი ბატონო, მესმის რომ ოპოზიცია თავისას ცდილობს და პრეზიდენტს შეხვდა და ასე შემდეგ. თუმცა კითხვა მაქვს, ამით რა მერე? პრეზიდენტს კონსტიტუციით არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ პრემიერს და „ოცნებას“ რამის გაკეთება აიძულოს ან მოსთხოვოს. მეორეც, ოპოზიციამ შეცდომები თავად დაუშვა, რაც „ოცნებამ“ ძალიან კარგად გამოიყენა. მიდის და დასავლეთში ამბობს, რომ ოპოზიცია მიშელის დოკუმენტს არ ასრულებდა და მისი შესრულება ცალმხრივად უწევდათ. რატომ მისცა „ნაციოანლურმა მოძრაბამ“ ხელისუფლებას იმის თქმის საბაბი, რომ მათ ხელი არ მოაწერეს? ამიტომ ხელისუფლებას სხვა ოპოზიცია არ აინტერესებს. რატომ თამაშობენ ხელისუფლების თამაშს? მერე დასავლეთში გარბიან და გონიათ, რომ იქიდან ვიღაცა „ოცნებას“ ხელისუფლებას წაართმევს და ამათ გადასცემს.

ხალხთან უნდა იმუშაონ, ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ვერ ახდენს, ვერც გაერთიანებას. ამის მიზეზი კი „ნაციონალების“ მიმართ განსაკუთრებული შიშია. ხალხს მომავლის ეშინია, რადგან არ იციან, მათი დაბრუნების შემთხვევაში რა იქნება. რაც ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე კომბინაციას ვხედავთ, ისევ ენმ-ის უკან დაბრუნების პერსპექტივაა. კი ბატონო, მოლაყლაყდა „ოცნება“ მაგრამ ხელის მკვრელი არავინ არ ჰყავს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.