მართალია, რეკორდი აღარ, თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში მაინც დაფიქსირდა. თანაც რეკორდი სხვა მხრივ დამყარდა. წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 13%-ით გაიზრდა და ეს მაშინ, როდესაც იანვარსა და თებერვალში ეკონომიკა არანორმალურად მცირდებოდა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის აზრით, 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის 12.7%-ით ზრდა ამყარებს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება.
„მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ივნისის ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად, ყველა სექტორმა შეიტანა წვლილი.
„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვები 37%-ითაა გაზრდილი და ეს ზრდა ნაწილდება ყველა სექტორზე. უმჯობესდება სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც - მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ექსპორტის მაჩვენებელი, პოზიტიურია დინამიკა გადმორიცხვების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შედარებით მოკრძალებული პროგნოზით კმაყოფილდება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. იგი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, მაგრამ მის კვალდაკვალ გაიზრდება დასაქმება.
„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, მატება გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი“, - აღნიშნა თურნავამ.
მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა დარგში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა.
„ესაა საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი დარგები. მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება“, - განაცხადა თურნავამ.
ფინანსისტი ირაკლი ერაძე მაჩვენებელს ცალსახად დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ სწორედ ამ მაჩვენებელში აისახება შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა.
„კარგი რიცხვია, მაგრამ ფინანსისტები ვამბობთ ხოლმე, რომ მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო და როცა ამას ვამბობთ, არაფერი ჰაერიდან არ მოგვაქვს, საფუძველი აქვს ყველაფერს. ჩვენს ეკონომიკას დიდი პოტენციალი აქვს და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, სწორი კოვიდ-მიმართულებით ბრძოლის შემთხვევაში, მეტის ვარაუდიც შეიძლება იყოს“, - განაცხადა ერაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოქალაქეებზე, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, ერაძე პასუხობს: „ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეს რიცხვი უბრალოდ ამბობს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლების სტადიაშია“.
„აბსოლუტურად მესმის, რომ იქამდე, ვიდრე ეს მაჩვენებელი აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, ბევრი სხვა ფაქტორიც უნდა დალაგდეს, მაგალითად ლარის კურსი. ჩვენ გვახსოვს კურსი როგორი იყო შარშან და როგორია დღეს. გარდა ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია აქციზი საწვავზე. როცა ასეთი ინფლაციური პერიოდი გვაქვს, მთავრობა უნდა ფიქრობდეს აქციზის დაწევაზე, დროებით მაინც. მესმის, რომ პოსტკრიზისული პერიოდია, ბუფერი სჭირდება ბიუჯეტს, მაგრამ ნაკლები წნეხი გარდა იმისა, რომ ეკონომიკას გამოაცოცხლებდა მოკლე ხანში, ეს თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე აისახებოდა, რადგან რამდენიმე თეთრით ნაკლებ ფასად ჩავასხამდით საწვავს“, - განაცხადა გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში ფინანსისტმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს, თუკი ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდა, მათ შორის პოლიტიკური, პროგნოზირება მაინც რთული იქნება. დღევანდელ კრიზისულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები და მათ შორის ნამოხვანჰესის შეჩერებული პროექტიც.