ჯორჯ ბუშის მემუარებმა გაამართლა

ჯორჯ ბუშის მემუარებმა გაამართლა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ-უმცროსის მემუარებმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა. გამომცემლობა Crown Publishing Group-მა, რომელმაც ბუშის წიგნი გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ გაყიდვაში ნოემბრის დასაწყისში ჩაშვებული მემუარები 2 მლნ-იანი ტირაჟით გაიყიდა. ელექტრონული წიგნების სახით კი, ბუშის მემუარები 200 ათასჯერ გაიყიდა. თავიდან ბუშის წიგნი "Decision Points" ("გადაწყვეტილების მიღების მომენტები“) 1,5 მლნ ეგზემპლარი დაიბეჭდა, თუმცა ექსპრეზიდენტის მეუმარების მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გამომცემლობამ ტირაჟი გაზარდა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის მემუარები 14 თავისგან შედგება. ერთ-ერთ თავში აღწერილია რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა: - “როცა პრეზიდენტი გავხდი და პუტინი პირველად ვნახე, თვალებში ჩავხედე და მისი სული ამოვიცანი, თუმცა შემდეგ წლებში მან ჩემი შეხედულებების გადახედვის შანსი ბევრჯერ მომცა.

 

ერთ-ერთი ბოლო შანსი 2008 წელი იყო, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა... ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს პუტინს ვუთხარი მიხეილ სააკაშვილზე - ცხელსისხლიანია-მეთქი. მიპასუხა, - მე უფრო ცხელსისხლიანი ვარო, რაზეც მივუგე - არა ვლადიმირ, შენ ცივსისხლიანი ხარ“.