ვიოლა ფონ კრამონი: გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს

ვიოლა ფონ კრამონი: გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს

გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს ამ დოკუმენტს, ეს ასევე დაგვეხმარება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება დადებულია, რათა ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულება.

„ალბათ, წაიკითხეთ ევროპარლამენტის განცხადება, რომელიც გაკეთებულია მარინა კალიურანდის მიერ. ის არის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი. იგი არის მუდმივი მომხსენებელი საქართველოსი და მე ვარ ჯგუფის წამყვანი წევრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს ამ დოკუმენტს, ეს ასევე დაგვეხმარება ჩვენ. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გადადგან შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ იმაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში პირველად მიღწეულიყო მრავალპარტიული შეთანხმება და შვიდგვერდიანი დოკუმენტის თვალსაზრისით, აქ მოცემულია უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც სჭირდება არა ევროკავშირს, ევროპარლამენტს, არამედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობას. ეს შეთანხმება დადებულია, რათა ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულება და მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდეს აღნიშნულ ხელშეკრულებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტივობებისა საქართველოს პარლამენტში.

„შეთანხმების გაუქმება არღვევს ნდობას და „ქართულ ოცნებას“ ხდის ისეთ სუბიექტად, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის კარგი დემონსტრაცია ზემოთ თქმულისა. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.