ისევ ჩაიფსი მიხეილ?!

ისევ ჩაიფსი მიხეილ?!

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება; „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხრიდან პარლამენტის დატოვება ან ენმ-ის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, რათა ხელისუფლებისთვის დოკუმენტიდან გასვლის საბაბი ხელიდან გამოეცალა? - ეს ყველაფერი მხოლოდ ფუჭი მოლოდინი აღმოჩნდა, რადგან ჩამოთვლილთაგან ოპოზიციამ და ენმ-მა არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღეს. საზოგადოებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტი და დეპუტატის მანდატი დატოვა. თუმცა პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ახლა მოაწერონ. რა შანსები და შესაძლებლობა დარჩა ოპოზიციას იმისთვის, რომ საწადელ მიზანს მიაღწიოს და „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნები დაანიშნინონ? ან მათი გადაწყვეტილება რით არის განპირობებული, თუკი ცესკოს ახალ თავმჯდომარესაც არ ენდობიან, რომელიც „ოცნებამ“ სწორედ ოპოზიციის მხრიდან მიშელის შეთანხმების დარღვევის გამო 6 თვით აირჩია.

აღარ არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტი, შესაბამისად ლოგიკას თუ გავყვებით, ოპოზიციას, რომელიც ამის გამო პარლამენტში შევიდა, ახლა უნდა დაეტოვებინა. თუმცა 7-თვიანმა ერთი და იგივე წრეზე სიარულმა ყველას კარგად აჩვენა, რომ ქუჩაში ხალხი არ გადის, არ სურს რევოლუცია და პოლიტიკოსებით იმდენად არის დაღლილი, რომ ისინი ერთს მხარეს არიან, ხალხი კი მეორე მხარეს. თანაც მოლოდინი, რომ დასავლეთიდან რეაქცია მკაცრი იქნებოდა და თავად შარლ მიშელის განცხადება კრიტიკული, არ გამართლდა. ამიტომაც ოპოზიცია მიხვდა, რომ მხადაჭერის გარეშე შევარდნა-გავარდნით არაფერი გამოვა და პოლიტიკურ მომავალს დაიზიანებენ. ყველა მაინც საკუთარ თავზე ფიქრობს და ოპოზიციამაც მიშელის დოკუმენტის გარეშე პარლამენტში დარჩენა გადაწყვიტა, თანაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მით უმეტეს, ცესკოს იმ თავმჯდომარის დირიჟორობით, რომელსაც „ოცნების“ „მხარდამჭერს“ უწოდებენ.

მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას არჩევნების დღეს სთავაზობს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატის მომზადებული შეთანხმებიდან გამოსვლა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მოთხოვნაც იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს.

„დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც შედგა აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში, მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ შესვლასთან ერთად ხელმოწერის გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებები პარტიაში მიიღება უმრავლესობით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას არ განიხილავს.

„ახლა არ არის დრო, რომ ბოიკოტზე ვიფიქროთ. ეს სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სცენარი იყო დაწერილი, რომ პარტიების რაღაც ნაწილს ბოიკოტი გამოეცხადებინა პარლამენტისთვის და მთლიანად მოესუფთავებინა გზა „ქართულ ოცნების“ და მისი სატელიტური პარტიებისთვის. მაგრამ, ამის საშუალება ახლა არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“. პირიქით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად აღიარა საკუთარი მარცხი, აღიარა ის, რომ ის ვერ იღებს 43%-ს და ამიტომაც, უარს ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და შესაბამისად, ახლა პირიქით, დამატებითი ფანჯარა გაუხსნა ოპოზიციას იმისათვის, რომ ჩვენ ძალები გავაერთიანოთ და ერთიანი ძალებით შევიდეთ ამ ბრძოლაში.

ყველა კვლევა ადასტურებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“, რომ 30%-ს ქვევით არის „ქართული ოცნება“. გაყალბებითაც კი ვერ ადის 40%-მდე და სწორედ ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ ანულირება გაუკეთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. პრაქტიკულად მარცხისთვის არის განწირული ხელისუფლება და ახლა ცდილობს, რომ სხვა მეთოდებით ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერის ნიკა მელიას ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება მხოლოდ რეალური ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ხდება. მელია თავმჯომარედ სწორედ იმიტომ დააყენა, რომ ის ციხეში წასულიყო. ამიტომ მას არაერთხელ ათქმევინა ერთი და მეორე გააკეთებინა -პარლამენტში შესვლაზე, გირაოს გადახდაზე, მერე ციხიდან გამოსვლაზე და მერობის კანდიდატად დაყენებაზე. ამიტომ მისი ნებისმიერ განცხადება უკვე სახუმარო თემა ხდება.

„სააკაშვილმა დღეს იმის თქმაც კი იკადრა, რომ მართალია, მიშელის შეთანხმებაზე ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ყველაფერი შევასრულეთ, რაც დოკუმენტში პირობები იქნა მოცემულიო. ჩამოთვალოს რომელ საკანონმდებლო ცვლილებაში მიიღეს მონაწილოება. სრულიად შეუძლებელია პოლიტკური ანალიზით ენმ-ის ნებისმიერი ქმედება აიხსნას. ისევ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპრომიტირების გზას ადგებიან და ამბობენ, რომ იქ მხოლოდ გამყალბებელი ხალხია. ასეთი ბრალდებების ფონზე კი, როცა ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მაინც იღებენ, ისევ 2020 წლის სცენარის გათამაშება უნდათ - დაიწყებენ ყვირილს, რომ არჩევნები კვლავ ცესკომ გააყალბა. ეს მოძველებული ფირფიტა აღარც ქართველი ხალხისთვის არის საინტერესო და აღაც ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, მცირე პარტიები საბოლოო ჯამში მიხვდნენ, რომ დესტრუქციას აზრი არა აქვს და „ნაციოანული მოძრაობის“ ორბიტაზე მოხვედრა მათ ყველაზე მეტად აზიანებთ. რაც შეეხება „ლელოს“ აბაშიძე ამბობს, რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი კი მოაწერეს, მაგრამ მის აღსრულბაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რითაც აჩვენეს, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გამხმოვანებლები არიან. თავს მესამე ძალად მოიაზრებდნენ და ენმ-ის ნავში აღმოჩნდნენ. ანალიტიკოსს იმედი აქვს, რომ პარლამენტში ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „მოქალაქეები“ და „გირჩი“ განაგრძობენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტი არ დატოვონ, სწორია, რადგან მსგავსი არასერიოზული ქცევა აზიანებს, როგორც მათ, ასევე სახელმწიფოს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია პარლამნეტის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაშინ მათ ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც უნდა გამოეცხადებინათ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ შესაძლოა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ, ძაბირაძე ამბობს, რომ დაგვიანებულია და ეს რადიკალურად ბევრს არაფერს შეცვლის.

„ენმ-მა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი რომც მოაწეროს, ეს, აწი რას შეცვლის? მაშინ უნდა მოსთხოვონ „ოცნებასაც“, რომ დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნდნენ და იქ ჩაწერილი პირობები შეასრულონ. სხვაგვარად ამ დოკუმენტზე ხელმოწერას რა აზრი აქვს?! ალბათ, ამას დასავლეთის საჩვენებლად თუ გააკეთებენ, თორემ ისე სხვა ფასი მათ ხელმოწერას უკვე აღარ აქვს. ეს არც ამომრჩევლის გადანაწილებაში შეცვლის რამეს. „ოცნება“, როგორც ჩანს, დასავლეთს ეუბნება, რომ როცა თანაბრად მომთხოვნი იქნებით პირობების შესრულებაზე ჩვენთანაც და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ დოკუმენტის პირობებს მაშინ შევასრულებთო.

ესეც ლოგიკას მოკლებული არგუმენტი არაა. ამიტომ ახლა რას შეცვლის ენმ-ის დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ ვხდები. რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებაზე, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი და პლიტიკურად მცდარი განცხადება იყო, რომელსაც მიხვდნენ და შეცვალეს. პარლამენტის დატოვებაც დიდი სისულელა. რომც დატოვონ, მერე რა ხდება? ბოიკოტი ხომ ჰქონდათ გამოცხადებული, რა მიიღეს? ასე, მოდი, იმას დავტოვებ, მერე აქ შევალ და ასე აქეთ-იქით სირბილით ხალხის თვალში არასერიოზულები ხდებიან. მაშინ, თუ პარლამენტს ტოვებ, ქუჩაში მიდიხარ, მაგრამ ხალხი არ მოგყვება და გეუბნება, დარჩი მანდ სადაც ხარო, სხვა რა უნდა გააკეთონ?“ - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.