ბიზნესს, ერთი მხრივ, „ლოქდაუნის“ ეშინია, მეორე მხრივ, ვაქცინაციის დაბალი ტემპის. არც ერთი მიმართულებით პირობა მტკიცე და ურყევი არ არის. რეალურად ვერც ვაქცინაციის ტემპის გაზრდა ხერხდება და შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების თავიდან არიდების ასპროცენტიანი გარანტიაც არ არსებობს, მიუხედავად მთავრობის წევრთა არაერთგზის დაპირებისა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, ისინი თავისთავად ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში უკვე იგზავნება ინფორმაცია, ქვეყნიდან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე.
„ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა, შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, იმიტომ, რომ ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული (და უკვე ბევრია ასეთი შემთხვევები, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს), იმ სასტუმროში გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?“ - განაცხადა იმნაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპისთვის არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი არის აცრა და პირბადის ინტენსიური ტარება. ეპიდემიოლოგების მოწოდებებს გადამეტებული მონდომებითაც კი ეხმაურება ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი. მაგალითად, კაფე-ბარმა „ამბავმა“ საგანგებო მიმართვაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მათ ობიექტში დაიშვებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც, მინიმუმ, ერთჯერადად არიან აცრილი.
„გთხოვთ, იქონიოთ ვაქცინაციის, მინიმუმ, პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს და მეორე მხრივ, აჩენს განცდას, რომ ბიზნესი მომხმარებელს დამატებით შეზღუდვებს უწესებს. ეს კი დაძაბულობის ჯაჭვს წარმოშობს. როგორც ეკონომისტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, აკრძალვების გარეშე გააგრძელოს ვაქცინაციის პროცესი, რაც უფრო გაამარტივებს ბიზნესის მუშაობას.
„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა, რომელიც გვქონდა, იყო ვაქცინების რაოდენობა და ეს მეტ-ნაკლებად ამ ეტაპზე გამოსწორებულია. თუ ვაქცინები იქნება, არა მგონია, რომ საზოგადოებას დასჭირდეს ზეგავლენის მექანიზმები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას, ბევრი ქვეყანა სხვადასხვა წახალისების მეთოდს იყენებს აცრის გასაკეთებლად და ეს არ არის იძულება. მაგალითად, ასეთია აცრილებისთვის პირბადის ტარების გაუქმება დახურულ სივრცეში.
აუცილებელი არ არის, წავიდეთ აკრძალვებისკენ, შეგვიძლია, წამახალისებელი მექანიზმებითაც იმავენაირად ავაჩქაროთ და ხელი შევუწყოთ პროცესს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი აკრძალვა ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ჩვენს რეალობაში აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც შეზღუდვების მიმართულებით ვიაროთ“, - აღნიშნა ბაირახტარმა.