„ჯერ გამოძიებას ვაცალოთ და შემდეგ შევქმნათ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია“

„ჯერ გამოძიებას ვაცალოთ და შემდეგ შევქმნათ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია“

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატთა ნაწილი მხარს უჭერს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს 5-6 ივლისის დანაშაულების გამოძიებას, ამიტომ თავად მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ მიზნით, რომ გაირკვეს, ვინ აფინანსებს ძალადობრივ ჯგუფებს.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს სურს, ხელისუფლებასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის კავშირი სწორედ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდეს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ლევან იოსელიანიც ემხრობა. მას აინტერესებს, 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფომ გამოიძია, თუ არ გამოიძია.

როგორც ცნობილია, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუკი ეს კომისია შეიქმნება, საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მოუწევს პრემიერს, შს მინისტრს. კომისიის წევრები აპირებენ, გამოიძიონ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეც და ყველა დეტალი ამოიღონ გამოძიებიდან. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ფოკუსი ექნებათ რუსული კვალისა და გავლენის დადგენაზე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას თუნდაც არ მოჰყვეს შედეგი, ის მაინც უნდა შეიქმნას. მართალია, ამით დრო გაჭიანურდება, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. წვრილფეხობა კი დაიჭირეს, ერთი-ორი ხულიგანი, მაგრამ მათ დიდად არაფერს მიუსჯიან. კომისია მაინც ხმაურია, რეზონანსულია.

პოლიტოლოგის შეფასებით, დიდი არაფერი შეცვალა თავის დროზე აგვისტოს ომთან დაკავშირებულმა საგამოძიებო კომისიამ, შემდეგ უკვე დავით სარალიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ, მაგრამ ამ კომისიას რეზონანსი მაინც მოჰყვა. ხალხმა დაინახა, რომ იქ დაბარებული ჩინოვნიკები ან ენაბლუები იყვნენ, ან გონებაჩლუნგები და მათი ლუსტრაცია მოხდა.

სოსო ცინცაძის აზრით, შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ლგბტ-თა უკან მდგომი ადამიანები მართლმადიდებელთა გრძნობებზე თამაშობდნენ და მორწმუნეებს ყველანაირად იწვევდნენ, მაგრამ იუველირის სასწორზე ვერ ავწონით ყველაფერს, ყოველთვის იქნება გადახრა ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, ამიტომ სჯობს, კრიტიკაში გადავაჭარბოთ, ვიდრე წავუყრუოთ.

„50 ჟურნალისტის ცემა არ მახსოვს პოსტსაბჭოურ სივრცეშიც კი. ბელორუსშიც არ მახსენდება, 50 ჟურნალისტი ლუკაშენკოს ეცემა. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ჟურნალისტები არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს. მაგრამ პროკურორები უყვარს ვინმეს? მოსამართლეები უყვარს ვინმეს? რაც მე მახსოვს, ერთადერთი იყო ცნობილი იტალიელი მოსამართლე ფალკონე, რომელიც მაფიამ ააფეთქა. ფალკონე ყველას უყვარდა, რადგან მაფიას ებრძოდა. პროფესიაა ასეთი, უყვართ თუ არა, ჟურნალისტმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. ევროპელი ჟურნალისტებიც ასე არიან, კარებს დაუკეტავ, ფანჯრიდან შედიან. ყველა უოლტერ ლიპმანი ხომ არ იქნება? გარდა ამისა, ჩვენში არეულია ჟურნალისტის და რეპორტიორის ცნება. ამერიკელი ჟურნალისტები ლიპმანი და ჯეიმს რესტონი არასდროს არ დაიწყებდნენ უოტერგეიტის სკანდალის გამოძიებას. ეს რეპორტიორების საქმე იყო. ვინც ეს საქმე გამოიძია, სწორედ რეპორტიორები იყვნენ, რომლებიც მერე პულიტცერის პრემიის ლაურეატები გახდნენ. ჩვენი ჟურნალისტების ლაპარაკს ვისმენ და ხანდახან წნევის დასაწევს ვსვამ, ისეთი ქართულით მეტყველებენ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგის განმარტებით, მის დროს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 12 სტუდენტს იღებდნენ, რადგან ქვეყანაში გამოდიოდა მხოლოდ ორი გაზეთი-„კომუნისტი“ და „ზარია ვასტოკა“ ქართულად და რუსულად. დანარჩენი იყო კედლის და რაიონული გაზეთები. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, სად უნდა გაზრდილიყვნენ ჟურნალისტები? ასეა თუ ისე, ჟურნალისტი ყველანაირად დაცული უნდა იყოს. მით უმეტეს, ქართველი ჟურნალისტების კოლეგები მდიდრულად ცხოვრობენ ევროპაში. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ერთ-ორ ჟურნალისტს საფრანგეთში სახლშიც ესტუმრა და შედარებაც არაა, ჩვენთან, ალბათ, ასე მინისტრიც არ ცხოვრობს, ქართველი ჟურნალისტები კი კაპიკებზე მუშაობენ და არ გვყავს ჩვენ სხვა ჟურნალისტები.

„ეს ჟურნალისტები გვყავს, ამიტომ ყველას წავართვათ მიკროფონები? თუ საუბარი არ გინდა ჟურნალისტთან, უბრალოდ, ნუ უპასუხებ. ჩემთვის უფრო მისაღები იყო, ღარიბაშვილი ჟურნალისტს რომ შეეკითხა, თქვენ როდის გადადგებითო? ჯერ ერთი, რა კითხვაა, როდის გადადგებით? ცოტა სხვანაირად მაინც ჰკითხონ, აპირებთ თუ არა გადადგომას, ან ხომ არ ფიქრობთ გადადგომას? ჟურნალისტი ასე ხისტად არ უნდა ეკითხებოდეს რესპონდენტს. თავის დროზე მაო ძედუნის დროინდელმა ჩინეთის ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა ჯოუ ენლაიმ თქვა, ჟურნალისტებმა თავი მომაბეზრეს, ყველა მეკითხება, რამდენი ჩინელი ხართო. იმ პერიოდში მოსახლეობის აღწერა ჩატარებული არ იყო და ყველას აინტერესებდა, რამდენი მილიარდი ჩინელი ცხოვრობდა ჩინეთში. ჯოუ ენლაიმ კი კისინჯერს გაუმხილა, მე გამოვნახე მეთოდი, როგორც ჟურნალისტი მოვა ჩემთან კითხვით, თავად ვეუბნები, ჯერ მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან, როგორ ფიქრობთ, რამდენი ვართ ჩინელები? ჩუმდებიან და მეტი კითხვა არ აქვთო. ასეთ იუმორში უნდა გაატარონ ჟურნალისტების არასასურველი კითხვები ჩვენმა პოლიტიკოსებმაც“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციასამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ჯერ უნდა დაველოდოთ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ გამოძიებას და, თუ გამოძიების შედეგების შემდეგ ან ოპოზიციას, ან საზოგადოებას დარჩება შეკითხვები, მერე შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„ხორავას ქუჩის საქმე გავიხსენოთ და სხვა ასეთი საქმეები, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა დადგა და, მერე მათი მუშაობიდან გამომდინარე, შედეგიც მივიღეთ. ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ თუ შესაბამისი ხმები მოგროვდება, კომისია უნდა შეიქმნას“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ for.ge-სთან საუბრისას.

 

 

Katana . სოსო ცინცაძე:
„50 ჟურნალისტის ცემა არ მახსოვს პოსტსაბჭოურ სივრცეშიც კი. ბელორუსშიც არ მახსენდება, 50 ჟურნალისტი ლუკაშენკოს ეცემა."
?
ესე იგი, 50 ჟურნალისტი ღარიბაშვილმა აცემინა?!.

კიდევ ერთხელ დასტურდება სამწუხარო ჭეშმარიტება, რომ ჭკუა ასაკთან ერთად არ ემატება ადამიანს!..
2 წლის უკან