დიდუბე-ჩუხურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მერაბ რატიანის ადვოკატებმა უკანონოდ მიიჩნიეს და საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს.
530 ათასი დოლარის მითვისებაში სასამართლომ რატიანი გაამართლა, სხვა ეპიზოდებში კი დამნაშავედ ცნო და პირობით ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა შეუფარდა.
არადა, ხომ ფაქტია, რომ რაც რატიანმა „თი-ბი-სი“ ბანკიდან სესხი აიღო, დიღმის საწვრთნელ ბაზას გაყიდვის რეალური საფრთხე დაემუქრა!
საფეხბურთო კლუბ „ალანიაში“ დემეტრაძის გადასვლასთან დაკავშირებული ხელშეკრულებაც ბურუსით არის მოცული. საერთოდ, უზარმაზარი თანხებისა თუ გადარიცხვების ბედი გაურკვეველია. ყველა თავისას ამტკიცებს, მაგრამ... თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დიდუბე-ჩუხურეთის სასამართლოს განაჩენი რატიანის მიმართ გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადასცა.
საბრალდებო დასკვნით, შალიკაშვილს, ჟორდანიასა და მამიანს ბრალი სხვადასხვა ასპექტებში დაედოთ. გასარკვევია „საპარტნიორო ფონდის“ მოღვაწეობა და ანგარიში. გამოდის, რომ 1995 წლის 21 ივლისის ნომერ 251 ბრძანებულებით, თბილისის „დინამო“ კრიზისული მდგომარეობიდან კი არ გამოიყვანეს - უარესად გაძარცვეს.
პრეზიდენტის ბრძანებამ „დინამოს“ ევროპული რანგის გუნდად გადაქცევის შესახებ ჩაილურის წყალი დალია. მერაბ ჟორდანიას ბრალი იმაშიც დაედო, რომ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანების გაუქმების შემდეგ კლუბის სახელით კომერციულ საქმიანობას მაინც აგრძელებდა.
დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ ჟორდანიას, შალიკაშვილისა და მამიანის მიმართ საქმე კვლავ გამოძიებაში დააბრუნა. უნდა გაირკვეს „საპარტნიორო ფონდში“ შესატანი თანხის ოდენობა - კონკრეტულად ვის მიადგა ზარალი, ბოლოს და ბოლოს, ვინ ჩაიდინა სიყალბე - დავითიანმა, ჟორდანიამ თუ... ორივემ ერთად?! ან კიდევ „ვიღაც-ვიღაცეებმა?!“
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და განსასჯელთა ადვოკატებს მის გაუქმებაზე უარი უთხრა.
მერაბ ჟრდანიას, მერაბ რატიანს, ნაზი მამიანისა და ვალერი შალიკაშვილის საქმე კვლავ გამოძიებას დაუბრუნდა. გაირკვევა კი ოდესმე, რა ხდება თბილისის „დინამოში“?!