„თელასისა“ და „თელმიკოს“ მომხმარებელი ჯერაც დაბნეულია, ვის გადაუხადოს მოხმარებული ელენერგიის საფასური

„თელასისა“ და „თელმიკოს“ მომხმარებელი ჯერაც დაბნეულია, ვის გადაუხადოს მოხმარებული ელენერგიის საფასური

მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) იქნება, ხოლო რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანიშნავია, რომ არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი.

სემეკის ამ გადაწყვეტილებამ, თბილისის მოსახლეობა გაურკვეველ სიტუაციაში ჩააგდო. თბილისის მოქალაქეებს ელექტროენერგიის გასასახადი როგორც „თელასიდან“, ასევე „თელმიკოდანაც“ მიუვიდათ.

For.ge თბილისის მცხოვრები ნანა ბეღელაძე ესაუბრა. როგორც ქალბატონმა ნანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას გადასახადი ორივე კომპაიიდან მოუვიდა. თუმცა, მისთვის გაურკვეველია რატომ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ორივე კომპანიაში?

„რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე მომივიდა შეტყობნება, რომ ელექტროენრგიის საფასური მაქვს გადასახდელი „თელასში“, ამ სმს-ის მოსვლიდან რამდენიმე წუთში „თელმიკო“ მატყობინებდა, რომ იქაც გადასახდელი მქონდა. ვრეკავდი, ვცდილობდი გამერკვია, მაგრამ ზუსტ პასუხს ვერავინ მეუბნებოდა. კითხვა მაქვს, ერთ თვეში ორი კომპანიის გადასახადი რატომ უნდა გადავიხადო? ანუ ერთი ცალკე მაწვდიდა დენს და მეორე ცალკე? იქნებ ვინმემ გვიპასუხოს“, - განუცხადა ნანა ბეღელაძემ for.ge-ს.

რატომ უწევთ დედაქლაქის მცხოვრებლებს ორივე კომპანიის გადასახადის გადახდა, ამ კითხვით for.ge-მ „თელასს“ მიმართა, სადაც ჩვენს კითხვას ასე უპასუხეს: „სემეკის მიერ დადგენილი ნორმა არის, 30 ივნისის ჩათვლით მოქალაქეს რაც აქვს ელექტრო ენერგიის მოხმარება, ის უნდა გადაიხადოს „თელასში“, 1 ივლისიდან კი „თელმიკოში“ უნდა გადაიხადონ. 30 ივნისის შემდეგ, „თელასი“ მომხმარბელს ელექტროენერგიას აღარ აწვდის. აქვე მინდა გითხრათ, რომ „თელასი“ რჩება ერთიან ადმინისტრატორად, ანუ ერთიანი ელექტრო ქვითარი (დენის, წყლის, დასუფთავების) ეგზავნება მომხმარებელს. უბრალოდ, ქვითრებს ცალ-ცალკე კომპანიებიც დააგზავნიან. კიდევ რომ დავაზუსტო და მომხამრებელი გავარკვიო, გეტყვით, რომ „თელმიკო“ მომხმარებელს მიაწვდის ელექტროენერგიას, ხოლო „თელასს“ დარჩა ქვესადგურები, მრიცხველები, კაბელები, რათა მომხმარებელს გამართული ელექტროენერგია მიეწოდოს. „თელმიკო“ ყიდულობს ელექტოროენერგიას და ჩვენი ქსელის გავლით მიაწვდის მომხმარებელს დენს“, - განუცხადს for.ge-ს „თელასში“.

რატომ გამოეყო „თელასს“ „თელმიკო“, აღნიშნულ საკითხს სემეკი ასე განმარტავს:

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმიანობების განცალკევება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში მოხდა. მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, გაიყო ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობები. იქიდან გამომდინარე, რომ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ განაწილების ქსელს ფლობენ, მათზე სემეკის მიერ განაწილების საქმიანობის ლიცენზიები გაიცა. შესაბამისად, ეს კომპანიები განახორციელებენ განაწილების საქმიანობას და ვალდებულნი არიან, კანონის შესაბამისად უზრუნველყონ ელექტროენერგიის განაწილება ნებისმიერი მიმწოდებლისთვის. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას, ამ საქმიანობას განახორციელებენ ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის შესასყიდად ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე, თავისუფალ ფასად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი შემდეგია: 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით 15.289 თეთრი/კვტსთ, 101 კვტ/სთ–დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით 18.689 თეთრი/კვტსთ, 301 კვტსთ-დან და მეტი 22.489 თეთრი/კვტსთ.     

 

Katana "„თელმიკო“ მომხმარებელს მიაწვდის ელექტროენერგიას, ხოლო „თელასს“ დარჩა ქვესადგურები, მრიცხველები, კაბელები, რათა მომხმარებელს გამართული ელექტროენერგია მიეწოდოს. „თელმიკო“ ყიდულობს ელექტოროენერგიას და ჩვენი ქსელის გავლით მიაწვდის მომხმარებელს დენს“, - განუცხადს for.ge-ს „თელასში“.
?
და ტარიფი არ იცვლებაო, არა?
აბა, რა ფასადაც ყიდულობს დენს ეგ ახლად შექმნილი "თელმიკო" , იმავე ფასად ყიდის? რატომ, ფილანტროპია თუ სულელი?
და თქვენც, თქვენს ქვესადგურებს, მრისხველებს და კაბელებს მუქთად უთმობთ ამ "თელმიკოს", რომ დენი გამოატაროს ჩვენამდე?
ამას უანგაროდ, ჩვენი სიყვარულით გააკეთებთ, ხომ?
რაღაც არ ეტყობა თქვენი უფროსობის ხელფასებს, რომ ქველმოქმედებით იყოთ დაკავებული და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახლო მომავალში აუცილებლად გაგვიძვირებთ დენს "თელმიკოს" სარჩენად!
მაგრამ არც ამაზე გაჩერდება თქვენი ფანტაზია...
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე ეს ხალხი გამაგიჟებს!!! მგონი უკვე გავგიჟდი! მოგიწოდებთ არ გადაიხადოთ არავინ! ვიღაც მოვა ჩასაჭრელად და იმას კითხეთ?!
2 წლის უკან