„მელია ერთადერთი მიზეზით გახდა მაშინ თავმჯდომარე და გაუშვეს გრიგოლ ვაშაძე, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე წასულიყო ციხეში“

„მელია ერთადერთი მიზეზით გახდა მაშინ თავმჯდომარე და გაუშვეს გრიგოლ ვაშაძე, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე წასულიყო ციხეში“

„არც ნიკანორ მელიას არ ემუქრება დედაქალაქის მერობა ისევე, როგორც ზურა-გირჩ ჯაფარიძეს არ ემუქრება ვიცემერობა. ესეც გათვლილია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ თითქოსდა ოპოზიციური ერთობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, თითქოს ოპოზიცია გაერთიანდა კალაძის, თუ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო მერობისთვის იბრძოლებს მელია. იმის გათვალისწინებით, რომ კახა კალაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერად მიიჩნევა, მელიასთვის მერის სავარძლისთვის ბრძოლა აზრს უნდა კარგავდეს. თუკი ეს იმთავითვე წამგებიანი თამაშია, მაშინ რისთვის გამოჰყავთ „ნაცებს“ თავიანთი ფალავანი? ზედიზედ ამდენი მარცხი ხომ ნაციონალების ელექტორატსაც ფსიქოლოგიურად გატეხს?

- მოგეხსენებათ, კახა კალაძე წარადგინეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, ასევე, თბილისის საზოგადოებამ, ხოლო ნიკა მელიას წარმდგენი არის ელენე ხოშტარია და ელენე ხოშტარიამ წარადგინა ნიკა მელიამ. ეს არის მათი საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. თქვენ იცით, რომ მელია 2014 წელს უკვე იყო მერობის კანდიდატი, ის გავიდა მეორე ტურში ნარმანიასთან და მეორე ტურში მიიღო იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე პირველ ტურში. აქაც გამოჩნდა ამომრჩევლის დამოკიდებულება მისდამი. რაც შეეხება 2017 წელს, ყველას გვახსოვს, რომ ზაალ უდუმაშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი და ის საერთოდ მესამე ადგილზე გავიდა, ერთმა კაცმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა - ალეკო ელისაშვილმა უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მთლიანად „ნაცმოძრაობამ“. 2017-ში კახა კალაძემ მოიგო პირველსავე ტურში, ის მართლაც ყველაზე ღირსეული და წარმატებული მერი იყო დედაქალაქის ისტორიაში, შესაბამისად, მისი საქმიანობა ოთხი წლის განმავლობაში კიდევ დამატებით მხარდამჭერებს შესძენდა. ახლაც დარწმუნებული ვარ, კალაძე პირველ ტურში დაამარცხებს მელიას. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას და, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ ამოცანა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ყველა არჩევნებზე არის ერთადერთი, რომ აუცილებლად გავიდნენ მეორე ადგილზე, ამ თვალსაზრისით, დარჩნენ ოპოზიციაში პირველ ადგილზე, ანუ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად და არავის არ მისცენ საშუალება, ჩააჩოჩოს ოპოზიციურ ველზე „ნაციონალური მოძრაობა“. ნიკა მელია, რომელმაც იმით დაგვამახსოვრა თავი, ვერ დამიჭერთო, მაინც დაიჭირეს, გირაოს არ გადავიხდიო - გადაიხადა, ამნისტია არ მინდაო, მაინც შეეხო ამნისტია, მერობა არ მინდაო, აღმოჩნდა, რომ მოუნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით გახდა მაშინ თავმჯდომარე და გაუშვეს გრიგოლ ვაშაძე, რომ მელია წასულიყო ციხეში, თანაც ციხეში წასულიყო არა უბრალოდ ნიკანორ მელია, არამედ პარტიის თავმჯდომარე მელია. ახლაც „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი ამოცანა იქნება, გავიდნენ მეორე ადგილზე და არავის მისცენ საშუალება, კონკურენცია გაუწიოს მათ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ეს იქნება კიდევ ბევრ არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა სწორედ იმიტომ, რომ შენ თუ ოპოზიციაში არ ხარ პირველი და არ ხარ ხელისუფლების ალტერნატივა, ბუნებრივია, ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ მოხვალ, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობაზე“. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, თავის დროზე ისიც, ასევე, იყო მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ და, თუ სწორად მახსოვს, მაშინაც 7%-ზე ცოტა მეტი აიღო, როგორც მერობის კანდიდატმა. ის დღეს პარლამენტის წევრია და, თუ ახლა პარლამენტის წევრობა არ უნდა და მაინცდამაინც საკრებულოს წევრობა სურს, რა თქმა უნდა, საკრებულოს წევრი, ყველა შემთხვევაში, გახდება, რადგან, სავარაუდოდ, ის იქნება პარტიული სიის პირველი ნომერი და ახლა უკვე უნდა ველოდოთ, რომ ამჯერად წითელი საღებავებით შეღებავს საკრებულოს ფასადს თუ ინტერიერს.

როგორ ფიქრობთ, ეს არის დიდი ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატად თავის წარმოჩენის მცდელობა, თუ მართლაც შედგება ეს გაერთიანება ამჯერად დედაქალაქის მმართველის სავარძლების მოსაპოვებლად?

- მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაირქმევენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სახელს, თუნდაც იმავე ზურაბ ჯაფარიძეს შესთავაზეს ვიცემერობა, არც ნიკანორ მელიას არ ემუქრება დედაქალაქის მერობა ისევე, როგორც ზურა-გირჩ ჯაფარიძეს არ ემუქრება ვიცემერობა, ესეც გათვლილია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ თითქოსდა ოპოზიციური ერთობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, თითქოს ოპოზიცია გაერთიანდა კალაძის თუ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თუმცა თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს, ასევე, ეყოლება მერობის კანდიდატები, ყველა პარტია შეეცდება, დაწეროს საკუთარი პროპორციული სია და, ბუნებრივია, ყველას ეყოლება საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქის ათივე ოლქში, რაც თავისთავად სრულიად გამორიცხავს თუნდაც მეორე ტურის ალბათობას, რადგან, თუ დაიქსაქსება და გაიყოფა ხმები, გაიყოფა მხოლოდ ოპოზიციის ხმები და არა „ქართული ოცნების“. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, რა პოზიცია ექნება და ვინ იქნება კანდიდატი გახარიას მხრიდან, მაგრამ დღეს და მომავალი წლების განმავლობაში ისევე, როგორც კახა კალაძეს, ასევე, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა გამარჯვებისთვის არ და ვერ ეყოლება.

კახა კალაძის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას არ უნდოდა დედაქალაქის მერობა, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ვარაუდი, რომ კალაძეს მერობის ნაცვლად უფრო მეტად სურდა დაწინაურება. ხომ შეიძლება ის, უბრალოდ, დაიღალა მერობისგან?

- თუ წასვლა ენდომებოდა კახა კალაძეს, მას ვერავინ დააძალებდა, ის არის გენერალური მდივანი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. კახა არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, ვინმემ რამე ან აუკრძალოს, ან დააძალოს. კახამ სწორედ მას შემდეგ გამოთქვა ხელმეორედ მერობის სურვილი, როცა მან მთელი შვიდი კვირის განმავლობაში შვიდივე სტრატეგიული მიმართულებით ანგარიში ჩააბარა დედაქალაქის მოსახლეობას. მან, როგორც მერმა, ყველა ვალდებულება მოიხადა ამომრჩევლის წინაშე, აჩვენა, თუ რა გაუკეთა ამ ქალაქს და მის მოსახლეებს ოთხი წლის განმავლობაში. ოპოზიცია მუდმივად ავრცელებს ვერსიებს, თითქოს ვიღაცას სადღაც წასვლა უნდა. ალბათ, გახსოვთ ოპოზიციის სიხარული 18 თებერვალს, როცა გიორგი გახარია გადადგა, მაგრამ მერე ღიმილი შეაშრათ სახეზე, როცა გაიგეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა პრემიერმინისტრობის კანდიდატი. „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არის ერთიანი გუნდი, ერთადერთი, გახარია წავიდა თავისი ნებით, მნიშვნელოვან დროს უღალატა საკუთარ გუნდს და, ჩემი აზრით, უღალატა სახელმწიფოსაც და ქვეყანასაც, რადგან გადადგა სწორედ იმიტომ, რომ თურმე მელია არ უნდა დაეჭირათ. ახლა გიორგი გახარია ვის დააყენებს კანდიდატურად, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, გახარიას პარტიისთვის რამდენად მისაღები ფიგურა იქნება, რომელიც შეძლებს, მერობის კანდიდატად წარდგენით დამატებითი ხმები და რესურსები მოუტანოს გიორგი გახარიას დედაქალაქში. გახარიას გარკვეულ რეგიონებში აქვს მხარდაჭერა, მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, მაგრამ გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა აქვს ამ თვალსაზრისით დედაქალაქში და, ბუნებრივია, თუ თვითონ არ იქნება მერობის კანდიდატი, უნდა მოძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს, მოიგოს თბილისელების გული არა იმიტომ, რომ გახდეს მერი, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შესძინოს და 3-4 ადამიანი მაინც შეიყვანოს საკრებულოში. ეს არა გახარიაზე, არამედ თავად კანდიდატურაზე იქნება დამოკიდებული.