ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი სარგებელი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია.
„ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც იმუნიზაციაში წარმატებული იყო, მაგრამ იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი სარგებელი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი ვაქცინით. ვირუსის ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას აქვს მაღალი თვითორგანიზების უნარი. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მიმართ ჩემი თხოვნაა, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ, მშობლების ჯანმრთელობას და ახლა უკვე, როცა ვხედავთ, რამდენად მომატებულია ინფიცირება ბავშვებში, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს და სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაშია და ეს სამუშაო მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს სასტუმროები ეფექტურად გამოვიყენეთ. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა, რომ უნდა მოახდინონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენ ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ასევე, მობილიზებულია ონლაინკლინიკა, რომელიც ბინაზე დაახლოებით 20 ათასამდე პაციენტს მართავს. აქედან გამომდინარე, ჩართულია ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს. აბსოლუტურად ყველგან არის გამოცხადებული მაღალი მობილიზაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.