მიუხედავად 20-წლიანი დამოუკიდებლობისა, ჩვენს ქვეყანაში არც არსებობდა და არც არსებობს რუსული პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტი. შესაბამისად, რუსული იმპერიის მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მხოლოდ გადმოცემითა და პირადი შთაბეჭდილებებით ვმსჯელობთ. ისტორიკოსი ვახტანგ გურული გვესაუბრება თემაზე: როგორი მეთოდებით ფართოვდებოდა რუსეთის იმპერია ისტორიის განმავლობაში და რა გზებს მიმართავდა, დაკარგული გავლენის სფეროების დასაბრუნებლად.
ვახტანგ გურული: რუსული იმპერიული აზროვნება ჩამოყალიბებას მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებიდან იწყებს. ჯერ კიდევ მაშინ, მოსკოვის დიდი მთავრისა და შემდგომ რუსეთის მეფის, ივანე მეოთხე მრისხანის, დროს შეიქმნა მესამე რომის თეორია. რუსი მეფეების მსოფლიო ბატონობის ამბიცია სწორედ იმ პერიოდიდან იწყება და ივანე მრისხანე იყო ამის გამოხატულება. გამონათქვამს: მოსკოვი მესამე რომიაო, ჩვეულებრივ აქვე ამთავრებენ, მაგრამ მას ჰქონდა გაგრძელება: მოსკოვი მესამე რომია და მეოთხე აღარ იქნება. მართალია, ივანე მრისხანემ დიდ წარმატებებს მიაღწია, გააფართოვა სახელმწიფო საზღვრები, მაგრამ მესამე რომის თეორია წარმატებით მაინც ვერ განახორციელა. ივანე მრისხანემ ვერ დაიპყრო ბალტიისპირეთი, თუმცა 25-წლიანი ომი აწარმოა. ვერ გააუქმა ყირიმის სახანო, ვერ შეიერთა ჩრდილოეთ კავკასია, სამაგიეროდ, დაიპყრო ყაზანი, ასტრახანი, დასავლეთ ციმბირი. ამის შემდეგ დაიწყო კრიზისი, საიდანაც რუსეთი გამოიყვანა რომანოვების დინასტიამ, რომლებმაც რიურიკები შეცვალეს. რომანოვები რუსეთის ტახტზე 1613 წელს ავიდნენ. რუსეთი უკვე ნამდვილი აღმავლობის გზას დაადგა და იმპერიული აზროვნება კლასიკური სახით პეტრე პირველის დროს ჩამოყალიბდა. მართალია, პეტრე პირველი არ იყო რუსი, მაგრამ იყო რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ისევე, როგორც არც იოსებ სტალინი იყო რუსი, თუმცა რუსი სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ.
რუსულ წყაროებში არის რაიმე ცნობა პეტრე პირველის არარუსულ, ანუ ქართულ წარმოშობაზე?
- რუსულ წყაროებში ამაზე პირდაპირ არ წერენ, მაგრამ ეს გამომდინარეობს დოკუმენტური წყაროებიდან. პეტრე პირველის ოფიციალურ მამას – ალექსი მიხაილის ძე რომანოვს, პეტრეს გარდა, ჰყავდა ორი ვაჟი: თევდორე და ივანე. თევდორე ფიზიკურად ავადმყოფი იყო, ვერ მოძრაობდა და სასახლიდანაც კი ვერ გამოდიოდა, ივანე კი ბრმაც იყო და გონებრივად განუვითარებელიც. ალექსის დანარჩენი შვილები მცირე ასაკშივე გარდაიცვალნენ. პეტრე რომ თავისი ოფიციალური მამის შვილი არ იყო, გასცა მისმა ნახევარდამ, სოფიამ, ალექსის ქალიშვილმა პირველი ქორწინებიდან. ნატალია ნარიშკინა, პეტრეს დედა, ალექსი მიხაილის ძის მეორე ცოლი იყო. ნატალიასთან თეიმურაზ პირველის შვილიშვილს, ერეკლეს, ინტიმური ურთიერთობები ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, სანამ დედოფალი გახდებოდა, მით უმეტეს, რომ ალექსი მიხაილის ძე ნატალიას ცოლად მოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ნატალიასა და ერეკლეს ურთიერთობის ამბავი, ეტყობა, ძალიან გახმაურდა და ბატონიშვილი ნიკოლოზი, ასე უწოდებდნენ ერეკლეს რუსეთში, გამოუშვეს მოსკოვიდან. ეს ის ერეკლეა, რომელიც შემდეგ ირანის შაჰის გვარდიის სარდალი გახდა და ისტორიაში ნაზარალი-ხანის სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა, არსებობდა ნატალია ნარიშკინას მიერ ერეკლესადმი მიწერილი წერილები, რომლებშიც პეტრეს მოიხსენიებს, როგორც „ჩვენს შვილს“. ეს წერილები ნიკოლოზ ბერძენიშვილმა სრულიად შემთხვევით იპოვა მოსკოვის არქივში, მაგრამ ამას ისეთი ამბები მოჰყვა, რომ მას შემდეგ წერილები აღარ ჩანს: ან გადამალეს, ან გაანადგურეს.
როგორც გამორჩეულად ძლიერი იმპერია რუსეთი ორჯერ შედგა: ერთხელ პეტრე პირველის და მეორედ - სტალინის დროს და ორივეჯერ ქართველები ერივნენ ამაში?
-რუსეთს ჰყავდა ორი უდიდესი მმართველი: პეტრე პირველი და იოსებ ჯუღაშვილი, რომლებთანაც ვერ მივა რუსეთის ვერც ერთი მმართველი და ჩვენდა საუბედუროდ, ორივე ქართველია. პეტრე პირველმა, ფაქტობრივად, მოხაზა, ის ტერიტორია, რომელიც ევროპასა და აზიაში უნდა დაეპყრო რუსეთს, თუმცა ყველაფერი ვერ განახორციელა, მაგრამ ამ მიმართულებით დაიწყო ექსპანსია.
პეტრემ თავის გეოპოლიტიკურ რუკაზე მონიშნა: უკრაინა, ყირიმი, ჩრდილოეთ კავკასია, მთელი ციმბირი, რომ იმპერია წყნარი ოკეანის სანაპირომდე გადაჭიმულიყო. ევროპას უდიდესი საფრთხე შეუქმნა ბალტიისპირეთის დაპყრობით. ევროპელებმა ეს კარგად იცოდნენ და ინგლისის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მთელი ორი საუკუნის განმავლობაში იყო ამ საფრთხის მოცილება. პეტრემ 1721 წელს იმპერიად გამოაცხადა რუსეთი და დიდი ზარ-ზეიმით მიიღო იმპერატორის ტიტული, ისე, რომ არ დაუკარგავს მეფის ტიტულიც. მეფის ტიტულს ძალიან ეპოტინებოდნენ რუსეთის მეფეები, რადგან „ცარ“ მოდის ბერძნული „ცეზარიდან“. რატომღაც, აქცენტი მხოლოდ იმაზე კეთდება, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნიდა ევროპას, თუმცა, რეალურად, რუსეთი საფრთხეს უქმნიდა აზიასაც. ის კეტავდა სივრცეს ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე და არაფრით თანხმდებოდა ევროპისა და აზიისთვის დასაკავშირებელი გზის მიცემაზე, რითაც ანგრევდა საკუთარ ეკონომიკასაც.
ასე რომ, ეს სახელმწიფო, ივანე მრისხანეს ეპოქიდან დაწყებული, დღესაც არის საფრთხე როგორც ევროპისთვის, ისე აზიისთვის. პეტრე პირველმა შეკრა იმპერია და მონიშნა მიმართულებები: კავკასია, ყირიმი, უკრაინა, თუმცა მხოლოდ მარჯვენა ნაპირის უკრაინა დაიპყრო და იქ უამრავი რუსი ჩაასახლა, რაც დღესაც უზარმაზარ პრობლემას უქმნის უკრაინას. პეტრე პირველმა სცადა ბალკანეთში შეჭრაც, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერც კავკასიისა და ყირიმის დაპყრობა შეძლო. შეიძლებოდა, რუსეთი მართლაც ჩამოყალიბებულიყო ნორმალურ სახელმწიფოდ, რომ არ მოსულიყო ეკატერინე მეორე. ტომით გერმანელი ეკატერინე პეტრე პირველზე ნაციონალისტი აღმოჩნდა. პეტრეს ვერც ერთმა შთამომავალმა ვერ გაიგო, რას აკეთებდა პეტრე, მაგრამ რუსეთის ტახტზე ავიდა ეს გერმანელი გოგონა, რომელსაც არანაირი განათლება არ ჰქონია, თავადიშვილიც არ ყოფილა და უცბად მიხვდა ყველაფერს.
რა ტერიტორიებია ეკატერინეს ანგარიშზე, გარდა კავკასიისა?
- პეტრე პირველის მიერ მოხაზულ საზღვრებს ეკატერინემ დაუმატა პოლონეთი, საბოლოოდ შეიერთა უკრაინის მარჯვენა ნაპირი და ყირიმი. რატომ იყო აუცილებელი პოლონეთის დაკავება? წინააღმდეგ შემთხვევაში, ბალკანეთში ვერ შეიჭრებოდა და შეიძლება, ბალტიისპირეთიც დასხლტომოდა ხელიდან. ეკატერინე მეორემ, მართალია, პოლონეთი ბოლომდე ვერ დაიმორჩილა, მაგრამ მოურიგდა პრუსიასა და ავსტრიას: პოლონეთი გაყვეს სამად და უდიდესი ნაწილი ქალაქ ვარშავითურთ რუსეთმა წაიღო. ამით მოისპო პოლონეთის სახელმწიფოებრიობა, რაც უდიდესი ვერაგობა იყო. შემდეგ პერიოდში პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის დროს შეძენილი ტერიტორიები დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. პირველი დარტყმა იმპერიამ სწორედ პოლონეთიდან განიცადა: რუსეთს პოლონეთი ნაპოლეონმა წაართვა. ამავე დროს რუსეთს საფრთხე შეექმნა ფინეთის მხრიდან: შვეცია შეეცადა ფინეთის რუსეთისთვის წართმევას, მაგრამ რუსეთმა შეძლო ამ საფრთხის ლიკვიდირება. რა თქმა უნდა, ეს ნაპოლეონის მიერ იყო პროვოცირებული: შვედეთის მეფე ნაპოლეონის სარდალი გახლდათ.
რუსეთს რომ წაართვა, გააერთიანა ნაპოლეონმა პოლონეთი?
- არა, მაგრამ, როგორც კი ნაპოლეონი დამარცხდა და ვენის კონგრესი შეიკრიბა ევროპის ახალი რუკის დასახატავად, რუსეთის მეფემ ალექსანდრემ პირდაპირ დაადო ხელი პოლონეთს, დააბრუნა რუსეთის შემადგენლობაში და ევროპას მკაცრად უთხრა: ფინეთიც ჩემიაო. პარიზში რუსეთის ჯარი იდგა და ვინ გაუბედავდა წინააღმდეგობის გაწევას?! ანუ ნაპოლეონის მარცხის შემდეგ რუსეთმა კვლავ შეიერთა ტერიტორიები. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რუსეთმა დაიპყრო საქართველო, შემდეგ - დანარჩენი სამხრეთ კავკასია და ბოლოს - მთელი ჩრდილოეთ კავკასია.
შუა აზია როდის შეიერთა?
- შუა აზია მეცხრამეტე საუკუნის 60-80-იან წლებში დაიპყრო. ინგლისელები, რომლებსაც ძლიერი პოზიციები ჰქონდათ აღმოსავლეთში, არ შეუშვა შუა აზიაში და ჩინეთს, ფაქტობრივად, უარი ათქმევინა ციმბირზე. ნაპოლეონის დამარცხება რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა და არა მხოლოდ ახალი ტერიტორიები შეიძინა, არამედ ყველგან გაიძლიერა სუსტი პოზიციები, მაგრამ ეს გაგრძელდა 1917 წლამდე. თებერვალ-მარტის რევოლუციით იმპერია დაინგრა და ამით ისარგებლა ყველა დაპყრობილმა ხალხმა, ისეთებმაც კი, დამწერლობაც რომ არ ჰქონიათ, იმდენად მოაბეზრა რუსეთმა ყველას თავი. რევოლუციის შემდეგ რუსეთში შეიქმნა ორი ძალა: ბოლშევიკები და „თეთრი მოძრაობა“, გენერლები, სამხედრო ელიტა, მათ მიმხრობილი პოლიტიკოსები და მოხალისეები. საოცარია, მაგრამ რომელ ძალასაც არ უნდა გაემარჯვა რუსეთში, ორივე უბედურება იყო. რუსეთში არასდროს არსებობდა შუალედური, დემოკრატიული ძალა, რომელიც იტყოდა, არ გვინდა იმპერიის აღდგენა, დავკმაყოფილდეთ ჩვენი, რუსული ტერიტორიითო! სამოქალაქო ომის პერიოდში იყო ასეთი მოღვაწე ალექსანდრე კოლჩაკი - რუსეთის უმაღლესი მმართველი, რუსეთის დიდი პატრიოტი. ეს ის დროა, როდესაც თეთრი გენერალი იუდენიჩი პეტროგრადს უტევს. მას ფინელები ეხმარებიან, მაგრამ უგულოდ. მისწერეს ფინელებმა კოლჩაკს, დაგვპირდი ფინეთის დამოუკიდებლობას და ორ კვირაში დავაკავებინებთ იუდენიჩს პეტროგრადსო. არ გაინტერესებთ ალექსანდრე კოლჩაკის პასუხი?! მე რა უფლება მაქვს, რუსეთის ტერიტორია ან ფინელებს მივცე, ან ვინმე სხვას, ეს არის დამფუძნებელი კრების პრეროგატივა, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, მაშინ ვილაპარაკოთ ამაზეო. კოლჩაკი კი ვერასდროს მოვიდა ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, ერთ პინაზე იდო მთელი რუსეთის ბედი, მეორეზე კი - პატარა ფინეთის ტერიტორია და მაინც ვერ გაიმეტეს, რადგან იმპერიული აზროვნება სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. ასე რომ, რომელ ძალასაც უნდა გაემარჯვა რუსეთში, იმპერიის რეანიმაცია გარდაუვალი იყო. მანამდე კი ისარგებლეს დაპყრობილმა ხალხებმა და 1917-1918 წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვეს: ფინეთმა, პოლონეთმა, ბალტიისპირეთმა. სტალინი იძულებული იყო, გაეშვა ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპასთან ომი გარდაუვალი იქნებოდა, რისი ძალაც რუსეთის წითელ არმიას არ ჰქონდა. რატომ დაკარგა რუსეთმა ეს ტერიტორიები?! როდესაც ავსტრია და გერმანია დაინგრა, ბრიტანულმა დიპლომატიამ წამოაყენა ასეთი დოქტრინა: თუ ევროპა და რუსეთი ერთმანეთს დაუახლოვდებიან, იქნება მუდმივი შეჯახებები და ამიტომ უნდა შეიქმნას სანიტარული დერეფანიო. აი, ასე შეიქმნა ევროპაში სანიტარული დერეფანი, რომელშიც მოექცა ბალტიისპირეთი, პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მცირე ზომის ქვეყნები და შემდეგ უკვე რუსეთი იწყებს გაცოფებულ ბრძოლას ამ დანაკარგისთვის. ბალტიისპირეთისადმი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: მაინც დავიბრუნებთო, პოლონეთის დაკარგვა კი ვერ მოინელეს, თუ ახლა წავიდა, აღარასდროს დაგვიბრუნდებაო.
ასეც მოხდა.
- ამ დროს პოლონეთში არის დიდი მოღვაწე პილსუცკი, ასე მგონია, დედის მუცლიდანვე რუსეთის მტერი. ის მიხვდა, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის, ამიტომაც 1920 წლის აპრილში პოლონეთი შეტევაზე გადავიდა, საზღვართან დაფქვა რუსეთის წითელი არმია, დაიკავეს კიევი და მოსკოვს შეუქმნეს საფრთხე. განა არ იცოდნენ პოლონელებმა, რომ ეს რუსეთში შეჭრა არ შერჩებოდათ, მაგრამ იქით ხომ ვეღარ შეედავებოდნენ?! იმ პერიოდში საქართველო სუსტი იყო, თორემ ევროპა რომ სდგომოდა უკან, იქნებ ასეთი ნაბიჯი ჩვენც გადაგვედგა. ერთი სიტყვით, წითელმა არმიამ მოიგერია პოლონელების შეტევა, დაატოვებინეს უკრაინა და ბელორუსია და იფიქრეს, რომ პოლონეთის გადაყლაპვის დროც დადგა. არადა პილსუცკიმ ტაქტიკურად დაიხია უკან, რუსებმა კი გადაწყვიტეს, ეგ არის და განადგურდა პოლონეთის არმიაო და დაუშვეს შეცდომა: არმია ორად გაყვეს, ერთი ვარშავის, მეორე კი ლვოვის ერთდროულად გასანადგურებლად. პილსუცკისაც ეს უნდოდა, სულელს ბოლომდე უნდა აცალოო და, როგორც კი გაიყო რუსეთის არმია, საშინელი დღე აყარა ორივე მიმართულებით. 1921 წლის მარტში საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა, დაედო ზავი და დასავლეთ უკრაინა და ბელორუსია დარჩა პოლონეთს. მეტიც, პილსუცკის გამარჯვებამ გადაარჩინა ლიტვა, ლატვია და ესტონეთიც.
ძალიან მშურს პოლონელების.
- რაც შეეხება ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთს, რომლებიც დამოუკიდებლები არიან: რუსეთი მათ გადასაყლაპავად ემზადება, მაგრამ პოლონეთში მარცხი აქვს განცდილი, ამიტომ ფრთხილად მოქმედებს. საერთოდ, რუსული აგრესია სპილოსავით მოძრაობს: სპილო მიწაზე ფეხს მანამ არ დაადგამს, სანამ ხორთუმით არ მოსინჯავს. პოლონეთისგან რუსებმა გამოცდილება მიიღეს და 20 წელს ელოდნენ დანაკარგის დაბრუნებას. სტალინი აკვირდებოდა სიტუაციას ევროპაში: იმ პერიოდში ევროპაში მისი წონის მოთამაშე მხოლოდ ჰიტლერი იყო, სანამ ჩერჩილი და რუზველტი გამოჩნდებოდნენ. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ გერმანიის წინააღმდეგ ანტიფაშისტური ბლოკის შექმნა ჩაშალეს ინგლისმა და საფრანგეთმა, მაგრამ ეს კომუნისტური პროპაგანდის შედეგია, რეალურად, ამ ბლოკის შექმნა ჩაშალა სტალინმა და ამით გერმანია მიიმხრო. საბჭოთა კავშირი რომ საფრანგეთსა და ინგლისს დაკავშირებოდა, ჰიტლერი განწირული იქნებოდა. ეს ჰიტლერმა სათანადოდ შეაფასა და სტალინმა გერმანია, ფაქტობრივად, თავის სატელიტად აქცია. ჰიტლერი და სტალინი ფარულად შეთანხმდნენ, რომ გერმანია თავს დაესხმებოდა პოლონეთს, რამდენიმე დღის შემდეგ საბჭოთა კავშირი შეიყვანდა ჯარს პოლონეთში და, რაზეც შეთანხმდნენ, იმ ტერიტორიებს გაინაწილებდნენ. მართლაც, ასე მოხდა: პირველ სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, 17 სექტემბერს კი სტალინმა შეიყვანა ჯარი, დაიკავა დასავლეთ უკრაინა და ბელორუსია. ანუ მოხდა ის, რაც ეკატერინე მეორის ეპოქაში და ის, რაც დიდი ზავით აიღო პილსუცკიმ, ისევ საბჭოთა კავშირის ზონად იქცა. ჰიტლერი და სტალინი ფინეთზეც შეთანხმდნენ: გერმანია დაჰპირდა, რომ არ იქნებოდა ფინეთის დაპყრობის წინააღმდეგი. მართალია, გენერალი მანერჰეიმი გერმანიის იმედად იყო, მაგრამ უფრო საკუთარი ხალხის იმედი ჰქონდა. აი, რით განვსხვავდებით ჩვენ და ფინელები! მიხვდა გენერალი, რომ დიდ პოლიტიკაში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს და ფინეთიც გაიცვალოს, ამიტომ თვითონაც ემზადებოდა. ფინეთში პოლონეთის სცენარი ვერ გამოდგებოდა. გერმანია ფინეთს ომს ვერ გამოუცხადებდა. ამიტომ სტალინმა მოიგონა ასეთი რამ: სატელიტი პოლიტიკოსებისგან შექმნა მთავრობა, რომელიც თვითმფრინავით უნდა გადაესხა ფინეთში, ანუ ისეთივე სცენარი აემოქმედებინა, როგორც საქართველოში, მაგრამ ამან ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ სტალინმა უარი თქვა ამ ოპერაციაზე და ფინეთს ომი გამოუცხადა. ამ ომში ფინეთის არმიამ ისე იბრძოლა, რომ იშვიათ ნიმუშად გამოდგება. ყველა წესის მიხედვით ფინეთს ომი წაგებული ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, იმდენ ჯარს შეიყვანდა სტალინი, რომ ფეხად არ დაეტეოდა ფინეთის ტერიტორიაზე. გერმანია განზე გადგა, მაგრამ ინგლისმა და საფრანგეთმა იგრძნეს, რად დაუჯდებოდათ საბჭოთა კავშირისა და გერმანიის შეთანხმება. ინგლისის ესკადრა დაიძრა და გააფრთხილეს მოსკოვი: ლენინგრადს რამდენიმე დღეში ნაცარტუტად ვაქცევთო. სტალინმა აღარ გაამწვავა ურთიერთობა და ფინეთი გადარჩა, როგორც სახელმწიფო, მაგრამ ძალიან დიდი ტერიტორია ჩამოაჭრეს: კარელია-ფინეთი იქცა საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან მოკავშირე რესპუბლიკად და შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიად. ბალტიისპირეთში კი, პოლიტიკური გარიგების გარდა, სტალინმა ფული გადაუხადა გერმანიას და, როდესაც იქ საბჭოთა ჯარი შევიდა, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. აი, ასე დაიბრუნა რუსეთის იმპერიამ: პოლონეთის ნაწილი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მართალია, ფინეთი ვერ მოსპო, როგორც სახელმწიფო, ფინელების სიმამაცის გამო, მაგრამ წაართვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია.