დასკვნა დევს და თუკი რამეს არ ეთანხმებიან, ხაზი გაუსვან კონკრეტულ პუნქტს და თქვან, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არსებობს რაღაც გონივრული ვადა, რომ რაღაც შესაძლო პრეტენზიები მოვისმინოთ. თუ პრეტენზიები არ იქნება, ჩაითვლება, რომ ამ დასკვნის მიმართ რაიმე შენიშვნები არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც თავად იყო ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორი, შეგნებული ნაბიჯი იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა არიან გარკვეული პარტიები, რომლებიც საბოლოო ჯამში მიხვდნენ, რომ აყოლილები იყვნენ დიდი პარტიების ნარატივებს. დღეს ისინი აღიარებენ, რომ არ ყოფილა არჩევნები ასე გაყალბებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თვეები იყო დაკარგული შესაძლებლობა ამ პარტიებისთვისაც, ხალხისთვისაც და ჩვენი ქვეყნისათვის. დასკვნა დევს და თუკი რამეს არ ეთანხმებიან, ხაზი გაუსვან კონკრეტულ პუნქტს და თქვან, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არსებობს რაღაც გონივრული ვადა, რომ რაღაც შესაძლო პრეტენზიები მოვისმინოთ. თუ პრეტენზიები არ იქნება, ჩაითვლება, რომ ამ დასკვნის მიმართ რაიმე შენიშვნები არ არსებობს. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ანგარიშების სტანდარტი დაიხვეწოს და დაფუძნებული იყოს არა აღქმებზე, არამედ ფაქტებზე. სამწუხაროდ, ჩვენთან თითქოს სტანდარტად დამკვიდრდა არა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა, არამედ აღქმებზე და შეგრძნებებზე დაფუძნებული დასკვნები. სწორედ ეს არის მანიპულაციის მთელი იდეა - აღქმებითა და შთაბეჭდილებებით დასკვნების გამოტანა და შემდეგ მათი შეთავაზება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.