„თუ არველაძეც ჩაერთვება, თბილისის მერიაში საქმე უნდა აკეთონ, თუ ფეხბურთი უნდა ითამაშონ? არ ვიცი, რა უბედურებაში ვართ“

„თუ არველაძეც ჩაერთვება, თბილისის მერიაში საქმე უნდა აკეთონ, თუ ფეხბურთი უნდა ითამაშონ? არ ვიცი, რა უბედურებაში ვართ“

კახა კალაძე და ნიკანორ მელია – თბილისის მერობისთვის ბრძოლას იწყებენ. ორივე კანიდიდატი პოლიტიკურ ბედს მეორედ ცდის, თუმცა განსხვავება ისაა, რომ 2017 წელს კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება. რაც შეეხება მელაიას, 2014 წელს მეორე ტურში გადაიყვანა დავით ნარმანიამ, თუმცა მეორე ტურში იმაზე ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე პირველ ტურში.

მერობის კანდიდატი ეყოლება პარტია „საქართველოსთვის“, თუმცა იქნება თუ არა ეს ფეხბურთელი არჩილ არველაძე, გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატის სახელსა და გვარს არ ასახელებს და ამბობს, რომ არანაირ ალიანსსა და კოალიციაში შესვლას არ აპირებს.

„მე მესმის, რომ სენსაციები ძალიან გიყვართ ჟურნალისტებს, მაგრამ არანაირ სახელსა და გვარს არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, იმ მიზნის მისაღწევად, რომ როგორმე თავი დავაღწიოთ ამ მოჯადოებულ წრეს.

პარტია „საქართველოსთვის“ ეყოლება მერობის თავისი კანდიდატურა, ღირსეული, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს წარმატებული და ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის და არა ისეთ რეჟიმში, როგორც ახლა ხდება, ლანძღვა–გინებით და ერთმანეთზე ან ბოროტების დაბრალების, ან კიდევ რაღაცა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ნეიტრალიტეტს ირჩევს ალეკო ელისაშვილი. პარტია „მოქალაქეებს“ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა მათი მხარდაჭერა არც კალაძეს ექნება და არც მელია–ხოშტარიას ტანდემს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, მელია შევიდა წაგებულ თამაშში, მით უმეტეს, როცა გვერდით დაიყენა ხოშტარია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ქალაქის პრობლემებზე.

„ჩვენ ამ არჩევნებში, თბილისში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია - ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე მელია-ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნიკანორ მელიას კანდიდატურა დესტაბილიზაციისთვისაა შერჩეული, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს, ასევე არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კახა კალაძესთან სხვა კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს, ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„თბილისის კეთილდღეობას, დამშვენებას კვლავაც გააგრძელებს და ჩვენი ქალაქელები მოჭარბებულ ნდობას გამოუცხადებენ კალაძეს. შესაბამისად, ყველა კანდიდატი, რომელიც დასახელდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ავტომატურად წაგებულ თამაშში შევა, რადგან კალაძესთან არანაირი შანსი სხვა კანდიდატს არ აქვს. ეს არის უბრალოდ მოცემულობა, რომელსაც ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ. კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველ ტურში. თბილისს ეყოლება კვლავ ისეთი ღირსეული და წარმატებული მერი, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაამშვენა ჩვენი დედაქალაქი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომლის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის ვერანაირი მანიპულაცია, რომ არჩევნებზე 43% აიღოს.

„კანდიდატები ცესკო-ს „კლანის“ წევრები არიან. მათ ხმები არ ეყოთ და მეოთხე კენჭისყრაზე დაამტკიცებენ. პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ სარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო. ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ნდობას უფრო აქვეითებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დახმარება გაუწიოს, რადგან ვერანაირი მანიპულაცია, რაც მათთვის მიღებულია, ვერ უშველის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% აიღოს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მერობის კანდიდატი არ ეყოლება „გირჩს“. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, მხოლოდ კალაძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას ნამდვილად ჯობია სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენონ კანდიდატურა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი პარტია იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე თბილისში, მით უფრო მეტი შანსი ექნება ოპოზიციას ბრძოლა მეორე ტურში გადაიტანოს.

„რა თქმა უნდა, ჯერ დავაკვირდებით, რას იზამს ბატონი გიორგი გახარია, რას იზამს ბატონი ხაზარაძე ან ბატონი ჯაფარიძე, რას იზამს გიორგი ვაშაძე. თუ ეს ადამიანები საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებენ თბილისის მერის პოსტზე, მაშინ ბუნებრივია, მხოლოდ კალაძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას ნამდვილად ჯობია სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, თუ იპოვიან საკუთარ თავში ამის ძალას, დააყენონ კანდიდატურა. ჩვენ ამაზე ფიქრი დავიწყეთ“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე წონიანი ამ ეტპაზე მოქმედი მერი, კახი კალაძეა. მისი შეფასებით, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე დარჩილ ნიკანორ მელიას, რომელსაც ამ ეტაპზე მხარს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ორგანიზაცია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ უჭერს, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება არჩილ არველაძეს, ამბობს, რომ არ სჯერა არველაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის.

„არ მჯერა, რომ არჩილ არველაძე იქნება მერობის კანდიდატი. ამ ჩამონათვალში არველაძე ახალი ფიგურაა. არველაძეები მრავალმხრივ საყვარელი ხალხი არიან, მაგრამ მეორე მხრივ, კალაძის უკან უკან უფრო ძლიერი ფაქტორები დგას. კალაძემ სამეურნეო საქმიანობაში თავისი თავი ანახა და ანახა, რომ ენერგიულად შეუძლია მერობა და ამ მხრივ მის ყველა წინამორბედებს აჯობა, ასევე აჯობა ნოვატორობაში. ნამდვილად, ნოვატორი არის გადაწყვეტილებებში, თუმცა საკამათოც ბევრია ამ გადაწყვეტილებებში.

კალაძე, როგორც მერი აქტიურია, მოქმედია, არ გაჩერდება მიღწეულზე. დანარჩენები როგორი იქნებიან – მელია და არველაძე, ამომრჩეველმა ჯერჯერობით არ იცის. კალაძის მოღვაწეობას რომ ჰქონოდა ცალსახა უარყოფითი შეფასება, როგორც მის წინამორბედებს, მაშინ პროგნოზი ადვილი იქნებოდა, მაგრამ კალაძის შეფასება საკმაოდ მაღალია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ყველა ეჭვობს, რომ კალაძესთან შერკინება ძალიან დიდი პოზიტივის მქონე პიროვნებებსაც გაუჭირდებათ, მით უმეტეს ისეთ ფიგურას, როგორიც არის ნიკანორ მელია.

„სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ პარლამენტზე შტურმი, რიტორიკა, პარლამნეტში მისი ქცევა და მოღვაწეობა – არ უნდა საქართველოს ეს ნაციონალები. „ნაციონალური პარტიის“ პირველი ნომრობა უკვე წამგებიანი მოვლენაა. რაც შეეხება არველაძეს, შეიძლება წარმოიქმნას განწყობები, უფრო პოლიტიკური. ადამიანები, რომელთაც არ უნდათ ხელისუფლებაში იხილონ არც ნაციონალები და არც „ქართული ოცნება“, ამ კეტეგორიისთვის შეიძლება მისაღები იყოს არველაძის ფიგურა. არ გამოვრიცხავ ასეთ მოტივს და სცენარების ასე განვითარებას. თუმცა მეეჭვება, რომ კალაძე ვინმემ დაამარცხოს მის მიერ მოპოვებული ავტორიტეტისა და ძალის გამო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ვახტნაგ ძაბირაძის შეფასებით, კალაძე არის ფავორიტი და ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ იმაზე, პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუ დასჭირდება მეორე ტური. იმ შემთვევაში, თუ არველაძე ჩაერთვება, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს მეორე ტურამდე.

„ჯერ არ ვიცით, არველაძე იქნება, თუ არა, მაგრამ თბილისის მერიაში საქმე უნდა აკეთონ, თუ ფეხბურთი უნდა ითამაშონ?! რაში უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს? საინტერესო კამპანია იქნება თუ არველაძეც ჩაერთვება. არ ვიცი, რა უბედურებაში ვართ. ვნახოთ, საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება და კიდევ ვინ იყრის კენჭს. რეალობა არის ასეთი – გახარიამ ვინც არ უნდა დააყენოს, თუნდაც არველაძე, ეს სურათს ვერ შეცვლის.

კალაძე არის ფავორიტი და ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ იმაზე, ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუ დასჭირდება მეორე ტური. თუ არველაძე ჩაერთვება, ასევე სხვა კანდიდატები ოპოზიციიდან, ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს მეორე ტურამდე. მაქსიმუმი, რაც შეუძლიათ ახლ კანდიდატებს, ეს იქნება ის, რომ წავალთ მეორე ტურისკენ და არა ის, რომ მათ გამარჯვების რეალური შანსი აქვთ“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, არჩილ არველაძე არ იქნება მერობის კანდიდარტი, თუმცა რომც იყოს წარდგენილი, ის ალბათ, ვერ იქნება კალაძის საპირწონე, რადგან კალაძე არ არის მხოლოდ ფეხბურთელი. იყო ენერგეტიკის მინისტრი და 4 წელია არის ქალაქის მერი.

„ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენ სულ სხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ვიდრე 2017 წლამდე. აქედან გამომდინარე, კალაძე სულ სხვა კაპიტალით არის დაბრუნებული. განსხვავება 2017 წლის კალაძესა და 2021 წლის კალაძეს შორის ძალიან დიდია. ამიტომ, აჩი არველაძესათან შედარება ნამდვილად არ იქნება სწორი, რადგან საფეხბურთო კარიერის გარდა, სხვაგვარად მას საზოგადოება არც იცნობს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ის კალაძის საპირწონედ არ გამოდგება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის იყო 2014 წელს მერობის კანდიდატი, მან მეორე ტურში გადაიყვანა დავით ნარმანია, თუმცა მეორე ტურში იმაზე ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე პირველ ტურში. იგივე მოხდა 2017 წელსი, როცა ზაალ უდუმაშვილი მესამე ადგილზე გავიდა და ფაქტობრივად, ალეკო ელისაშვილმა, ერთმა კაცმა მოუგო მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“. კახი კალაძემ გადალახა 50% და პირველივე ტურში გახდა მერი“, – აცხადებს ბოჟაძე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნიკა მელიას დასახელებას ერთადერთი მიზანი აქვს – დაიკავონ გარანტირებული, მყარი მეორე ადგილი და არავინ ოპოზიციაში არ გაჩნდეს, ვისაც მათი ჩანაცვლების რესურსი ექნება.

„თუმცა, ასეთი ყველა შემთხვევაში იქნება გიორგი გახარია, რომლის რეიტინგიდან გამომდინარე, გნებავთ დედაქალაქში, გნებავთ სხვა მუნიციპალიტეტებში, სავარაუდოდ, მესამე ადგილზე, პროპორციულ ნაწილში, მერობის, თუ მაჟორიტარობის ნაწილში, მისი კანდიდატები გავლენ. რახან ალეკო ელისაშვილი თავად არ იქნება მერობის კანდიდატი და არც სხვა დაასახელებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ამომრჩეველი, პროპორციულ ნაწილში შემოხაზავს მის პარტიას, აუცილებლად შემოხაზავს „ნაციონალური მოძრაობიდან“ განსხვავებულ კანდიდატს და დიდი ალბათობით, ბევრი მათგანისთვის ეს კახა კალაძე იქნება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.

Katana რ. საყვარელიძე: "კალაძემ სამეურნეო საქმიანობაში თავისი თავი ანახა და ამ მხრივ მის ყველა წინამორბედებს აჯობა, ასევე აჯობა ნოვატორობაში. ნამდვილად, ნოვატორი არის გადაწყვეტილებებში, თუმცა საკამათოც ბევრია ამ გადაწყვეტილებებში."

სავსებით ვიზიარებ და ეჭვი არ მეპარება, რომ არავითარი მეორე ტური არ იქნება!
2 წლის უკან
Gami არველაძეზე --- როგორც ილარიონი ამბობს/" მე, ბებია..."/: "თუ ასეთი შტერია ეს არველაძე და დათანხმდა".... ისე, ამ პერსონაჟმა საფეხბურთო სკოლას ვერ უხემძღვანელა!
2 წლის უკან