პაატა იმნაძე: საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა - ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა

პაატა იმნაძე: საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა - ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, საქართველოში 12 წლის ბავშვი უკვე აიცრა - მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

„ბავშვებთან დაკავშირებით, „ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა და ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

26 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.

ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

24 ივლისს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის, პორტალი 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.