ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების 40-50 % უკვე „დელტაზე“ მოდის

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების 40-50 % უკვე „დელტაზე“ მოდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 40-50% „დელტა“ შტამზე მოდის.

„გვაქვს „დელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა „დელტამ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება.

„ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარი „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორის, ე.წ. „დელტა+“ შტამიცაა დადასტურებული, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაც დადასტურდა. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვაქვს PCR-ის ნაკრები, რომელიც „დელტასაც“ იჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირა ატვირთული, რომ საქართველოში „დელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორც „დელტა“, „დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.