„შეიძლება, მაჟორიტარად ან პროპორციულ ნაწილში ვიღაცამ სხვა კანდიდატურა შემოხაზოს, მაგრამ აუცილებლად მხარს დაუჭერს კახა კალაძეს“

„შეიძლება, მაჟორიტარად ან პროპორციულ ნაწილში ვიღაცამ სხვა კანდიდატურა შემოხაზოს, მაგრამ აუცილებლად მხარს დაუჭერს კახა კალაძეს“

ვინ არის თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერი, ამის შესახებ სიმპათიები პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ნაწილდება. კახა კალაძის მომხრეებს საუკეთესო მერად სწორედ მოქმედი მერი მიაჩნიათ, „ნაციონალებს“ თავის თანადროული მერი ესიმპათიურებათ, არიან ისეთნიც, რომლებიც საუკეთესო მერის ტიტულს წარსულის მერებს აკუთვნებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძე მართლაც საუკეთესო მერია, ის არის მერი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაპირება შეესრულებინა.

„ყველა ხედავს საკუთარი ფანჯრებიდან, რომ სულ სხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ვიდრე ეს იყო 2017 წელს. კახა კალაძე არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომლისადმი პატივისცემა, სიყვარული აქვს ბევრ ადამიანს, მიუხედავად საკუთარი პარტიული შეხედულებისა. შეიძლება, მაჟორიტარად ან პროპორციულ ნაწილში ვიღაცამ სხვა კანდიდატურა შემოხაზოს, მაგრამ აუცილებლად მხარს დაუჭერს კახა კალაძეს მისი ფიგურიდან გამომდინარე“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერზე საუბრისას აცხადებს, რომ გააჩნია, ვის შევადარებთ კახა კალაძეს. ნარმანიასთან შედარებით, რასაკვირველია, მაგარი მერია კალაძე, თუმცა ნარმანიასთან შედარებით დედაქალაქის ყველა მერი ალექსანდრე ხატისოვად გამოჩნდება, რომელიც ყველაზე კარგი მერი იყო და ყველაზე დიდხანს იყო თბილისის მერად, იგი თბილისელებზე ბრწყინვალედ ზრუნავდა.

„კალაძე ყველაზე პოპულარული მერია, კალაძეს გაუმართლა, მას მერობა კარგ დროს მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ უგულავას გულშემატკივარი არ ვარ, უგულავამ დანგრეული ქალაქი მიიღო, არავითარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტკები დადიოდა, იყო დანგრეული ქუჩები, ორ პროსპექტზე გვქონდა გზა დაგებული. ამდენად, უგულავას სასტარტო პოზიციები სხვა იყო. კალაძისთვის კი ყველაზე კარგი კოზირი ის იყო, რომ, შედარების თვალსაზრისით, ის ნარმანიას შემდეგ მოვიდა მერად. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ნარმანიას ლანძღავდა. თქვენთვისაც მითქვამს, ნარმანიამ ნორმალური გინებაც კი არ იცოდა - „მაიმუნო, ვირიშვილოო“. თუ იგინები, გემრიელად მაინც შეიგინე“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანს, „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, სოსო ცინცაძის აზრით, კალაძემ რა ლოზუნგიც არ უნდა გამოიგონოს, ის თბილისს სიცოცხლისუნარიანს, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და გადმოდუღს, ვერ გახდის. პოლიტოლოგი იხსენებს, რომ ერთ დროს ასეთი მოწოდებაც გაისმა - „ღამის ცხოვრება, ღამის თბილისი“, მაგრამ ეს ყველაფერი გამორიცხულია, როცა მშიერია ქალაქი, ღატაკია მისი მოსახლეობა.

„მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ბათუმში კაფეები სავსე იყოო და მეც აგარაკზე რომ მივდივარ, გზაზე ვხედავ მანქანებით სავსე რესტორნებს, სადაც დასაჯდომი ადგილი არ არის, მაგრამ ეს არის მთელი მოსახლეობის 5%-ზე ცოტა მეტი, მოსახლეობის 80% კი მშიერია, ხალხი ნაგვის ურნებში ეძებს საჭმელს. თუ 5% ყოველ საღამოს რესტორნებში დადის ქალაქგარეთ, ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე ჩქეფს. გარდა ამისა, ბათუმშიც არ არის დიდი კაფეები და რესტორნები. სხვა არის ევროპული რესტორნები და ჩვენი რესტორნები“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე და არ მოსწონს, რომ კალაძის მერობის პერიოდში ვაკის პარკი გადათხარეს უკვე წელიწადია და კაცმა არ იცის, რას აკეთებენ. მართალია, ჭავჭავაძის პროსპექტი ლამაზია ფეხით მოსიარულეთათვის, მაგრამ მანქანებისთვის კოლაფსი შეიქმნა.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საქართველო ჯერ არ არის მზად იმისთვის, ხალხმა კერძო მანქანები ფარეხში დააყენოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით იაროს სამსახურში. საქართველოში ეს კიდევ დიდხანს არ იქნება.

„სად მოაგვარა სატრანსპორტო პრობლემა კახა კალაძემ, ერთი ვინმემ გამაგებინოს? მე ვაკეში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრები მანქანით რუსთაველზე თუ აპირებენ წასვლას, უნდა ჩამოვიდნენ ქვევით ვაკის პარკის შესასვლელთან, შადრევანთან და ხელმარცხნივ სანაპიროთი წავიდნენ. ჭავჭავაძის პროსპექტზე ქვევით გასვლა უკვე შეუძლებელი ხდება. შეიძლება, ლამაზია და ფეხით მოსიარულეთათვის კარგია, მაგრამ თბილისი არ იძლევა ამის საშუალებას. პროსპექტი კი ჰქვია, მაგრამ ჩვენ რომ პროსპექტს ვეძახით, ევროპისთვის ეს ჩვეულებრივი ქუჩაა. ევროპის პროსპექტებზე ერთი ბოლოდან მეორეზე კაცი რომ იდგეს, შეიძლება ვერც იცნო, ისეთი დაშორებაა. ჩვენი პროსპექტები კი 40-50 მეტრია“,-ამბობს სოსო ცინცაძე.