ერთწლიანი მოლოდინის შემდეგ ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები გუშინ საზეიმოდ გაიხსნა და დღეს ასპარეზობის პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. ოლიმპიადა რთულ და საინტერესო გზას გაუდგა, მაგრამ საინტერესოა ფინიშამდე „უდანაკარგოდ“ მიაღწევს თუ იმედგაცრუებულ სპორტსმენებს „ამომავალი მზის ქვეყნის“ დატოვება ვადაზე ადრე მოუწევთ?
ალბათ მიხვდით, საქმე კორონავირუსის პანდემიას ეხება. გუშინდელი მონაცემებით ტოკიოში covid-19-ის 1979 შემთხვევა დაფიქსირდა, თავად ოლიმპიურ სოფელში კი ინფიცირებული ათლეტების რაოდენობამ თითქმის 100 ერთეულს მიაღწია.
გუშინ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ტოსირო მუტომ გაავრცელა განცხადება, რომ ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში თამაშების დროზე ადრე გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ტოკიო-2020 დღეს პირველ „სამუშაო დღეს“ მიითვლის და სრულიად საქართველო ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანსა და მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს უგულშემატკივრებს. დღესვე, თბილისის დროით დილის 6.00 საათზე საჩოგბურთო კორტზე პირველ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამართავს.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. თბილისიდან კარგად იმგზავრეს, მაგრამ ადგილზე ჩასულებს საბუთების გაფორმებაში შვიდი საათი დასჭირდათ. შემდეგ ქართული დელეგაციისათვის მიმაგრებულ ავტობუსს მიაშურეს და იქ ნამდვილი „ბრძოლის“ გადახდა მოუწიათ, რადგან სატრანსპორტო საშუალებაში მოძმე ირანელი სპორტსმენები დაუხვდათ და აიათოლა ჰომეინის თანამემამულეები ავტობუსის დატოვებას ცოცხალი თავით არ აპირებდნენ. ბოლოს სიმართლემ და ქართულმა ჯანმა იმარჯვა და ჩვენებურებიც ოლიმპიური სოფლისაკენ მიმავალ გზას გაუდგნენ.
ორი დღის წინ ანალიტიკურმა კომპანიამ „Gracenote” ოლიმპიური თამაშების შედეგებზე პროგნოზი გააკეთა. სპეციალისტების აზრით საქართველო ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებში 10 მედალს მოიპოვებს, 4 ოქროს, 4 ვერცხლსა და 2 ბრინჯაოს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ჩვენი დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე ერთგვარ რეკორდს დაამყარებს. იმედია, ჩვენი ათლეტები „Gracenote”-ს ექსპერტების ვარაუდს სრულად გაამართლებენ.
ოლიმპიური თამაშები გუშინ ოფიციალურად კი გაიხსნა, მაგრამ ბოლო დღეებში სპორტსმენების მონაწილეობით რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი გმირი შორეული აფრიკის წარმომადგენელი, უგანდელი ძალოსანი ჯულიუს სეკიტოლეკო აღმოჩნდა. ძალოსანმა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ნორმა ვერ შეასრულა და სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. „შტანგისტმა“ ჯულიუსმა იაპონიაში ემიგრაციაში დარჩენა მოისურვა, ოლიმპიური სოფლიდან გაუჩინარდა და ქვეყანაში უთავბოლოდ ხეტიალი დაიწყო. ადგილობრივმა პოლიციამ განგაშის ზარებს შემოკრა, სრული მობილიზაცია გამოაცხადა და გაქცეული „ლტოლვილის“ ძებნასაც შეუდგა. ბატონი სეკიტოლეკო მიეს პრეფექტურაში იპოვეს და იძულებითი წესით მშობლიური ქვეყნის დელეგაციის დისლოკაციის ადგილას დააბრუნეს.
უგანდელის სკანდალი ჩამცხრალი არ იყო და ადგილობრივი პოლიციის თვალთახედვის არეში კიდევ ერთი სპორტსმენი, ამჟამად ავსტრალიელი ცხენოსანი ჯეიმი კერმონდი აღმოჩნდა. მას კოკაინის მიღება დაუდასტურდა. „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენელმა მისი დაკავება გააპროტესტა და ამჟამად კერმონდის საკითხს ოლიმპიური თამაშების დოპინგ კონტროლის წარმომადგენლები იკვლევენ.
თავი „ისახელეს“ იაპონელმა მასპინძლებმაც. თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, გადააყენეს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის კრეატიული დირექტორი კენტარო კობაიაში. კობაიაშის მოხსნის მიზეზი იუმორისტული ნაწარმოებია, რომელშიც კობაიაში წლების წინ ჰოლოკოსტზე ხუმრობდა.
მანამდე, გახსნის ცერემონიის კომპოზიტორი კეიგო ოიამადაც გადადგა. მიზეზი - სკოლის პერიოდში შშმ ბავშვების ბულინგია. აღნიშნული ამბავი ადრინდელი ჟურნალიდან გაირკვა, სადაც ის სკოლაში სიარულის დროს ბულინგზე საუბრობდა. ახლა უკვე 52 წლის კომპოზიტორმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ ოლიმპიადის კრეატიული გუნდიდან მიდიოდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ერთ პოლიტიკურ გაუგებრობაში აღმოჩნდა. ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია თამაშებში მონაწილე ყველა ქვეყნის რუკა. აღმოჩნდა, რომ უკრაინა ყირიმის გარეშე იყო გამოსახული, რომელიც სოკ-ის „ექსპერტებს“ რუსეთის შემადგენლობაში შეეყვანათ. უკრაინის დელეგაციას ოფიციალური პროტესტის გამოხატვა მოუხდა, რომელიც იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ქვეყანას ბოდიში მოუხადეს და სკანდალური რუკაც დაუყოვნებლივ გადაასწორეს.