ლეონიდ ილიჩ „სააკაშვილი“ და 300 ავლაბრელი

ლეონიდ ილიჩ „სააკაშვილი“ და 300 ავლაბრელი

„ავლაბრიდან ყველაფერი ჩანს, მთელი ტიფლისი თავის შუკებით. შაითან-ბაზარი, ერივანსკის მოედანი, საპნის ქუჩა, ნარიყალა, წმინდა სარქისის ეკლესია, სიონი, ბერძნული ეკლესია. ავლაბრიდან მოჩანს ხატისოვის, მელიქ-კაზაროვის სახლები, თამამშევის ქარვასლა, ტერ-ოსიპოვისა და ზუბალოვის თეატრები, გოგილოს აბანოები. ეს რაა, - ავლაბრიდან კოჯორი, ბორჩალო, შავნაბადა და თვით პარიზიც მოჩანს”!

ეს ფრაგმენტი დიდი მწერლის, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აგასი აივაზიანის მოთხრობიდანაა, სახელწოდებით „სახარება ავლაბრიდან“. იგი თბილისის განუმეორებელ კოლორიტს მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრუნდებოდა, თუმცა გასული საუკუნის 60-იან წლებში სომხეთში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 2007 წელს.

მოთხრობაში „ტიფლისის 1912 წლის გზამკვლევი“ იგი თბილისის იმდროინდელ ხიდებს აღწერს: „მტკვარზე ექვსი ხიდია - მიხეილის, ვერის, მუხრანის, ავლაბრის, მეტეხის და ყველაზე მნიშვნელოვანი - მნაცაკანოვის. იგი 25 ათას მანეთად ააგო და ქალაქს აჩუქა ბატონმა მნაცაკანოვმა. ამან იგი ტიფლისის საპატიო მოქალაქედ აქცია“.

რატომ არის მნაცაკანოვის ხის ხიდი, რომელმაც სულ რაღაც 9 წელიწადი იარსება, ყველაზე მნიშვნელოვანი, გასაგებია. აგასი აივაზიანი, იმის გარდა, რომ უნიჭიერესი მწერალია, სომეხია და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ვაჭარ ივანე მნაცაკანოვის ხიდი მას უფრო ეძვირფასება, ვიდრე მუხრანის, მეტეხის ან ვერის ხიდები.

რაკი ამგვარი ხიდის შესახებ თანამედროვეებმა არაფერი იციან, თბილისის არცთუ შორეულ ისტორიას ჩავხედოთ.

პლატონ იოსელიანის გადმოცემით, ორთაჭალის ბაღების (დღეს - 300 არაგველის ხიდის) სიახლოვეს ყოფილა კახეთის ხიდი, რომელიც შაჰ-აბასის შემოსევისას დანგრეულა. მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში არაერთხელ დაისვა ამ ადგილას ახალი ხიდის აგების საკითხი.

თბილისის მოქალაქეებმა, ინჟინრებმა ჰოჰემაისტერმა და რაისმა 1852 წლის იანვარში დაიწყეს და დეკემბერში დაასრულეს ხის ერთმალიანი თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რაც 25 ათასი მანეთი დაჯდა. მშენებლებმა, მასზე დახარჯული თანხის ანაზღაურების მიზნით, გადასახადი დააწესეს.

მნაცაკანოვმა კი იგი გამოისყიდა და ქალაქს გადასცა. მისი სახელიც ხიდს ამიტომ ეწოდა. ეს ხის ხიდი მალევე, 1861 წელს გამოვიდა მწყობრიდან და 1882 წელს მის ადგილზე ახალი ლითონის ხიდი გაიხსნა, რომლის სიგრძე 47,5 მეტრი იყო, ხოლო სიგანე - 10 მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ ხიდთან მნაცაკანოვს არაფერი აკავშირებდა, მას 1913 წლამდე კვლავინდებურად მნაცაკანოვის ხიდს უწოდებდნენ. აივაზიანი კი მეოცე საუკუნის ბოლოსაც ასე მოიხსენიებდა მას.

„მეგობრობა გზად და ხიდად“, - ასე ჟღერდა საბჭოთა პერიოდის ლოზუნგი. ერთი ასეთი ხიდი მიხეილ სააკაშვილმაც ააგო, უფრო სწორად, მნაცაკანოვივით ფული გადაიხადა, ოღონდ, მისგან განსხვავებით, საკუთარი ჯიბიდან არ ამოუღია. ჩვენი ფული, ოფიციალური მონაცემებით,  12,5 მილიონი ლარი გასცა და მერე „ხარჯის ამოსაღება“, ნაგავიც ელექტროენერგიის მრიცხველზე დაგვისვა.

ოფიციალურად ამ ხიდს „მშვიდობის ხიდი“ ეწოდება, თბილისელები კი მოფერებით „ოლვეის ულტრას“ ეძახიან.

რაკი „ავლაბრიდან ყველაფერი, - თვით პარიზიც კი მოჩანს“, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სააკაშვილმა სწორედ იქ მოისურვა რეზიდენციის აგება. არქიტექტორიც იგივეა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „მშვიდობის ხიდის“ შემთხვევაში. დასავლური პოლიტკორექტულობის თვალსაზრისით, ხიდის „მშვიდობიანი“ სახელი 300 არაგველის ხიდის ანტითეზაა. არაგველები ხომ ბრძოლასთან, ომთან, თავგანწირვასთან ასოცირდება.

პოლიტკორექტულობისთვის კი მთავარია, რას ამბობ და არა ის, თუ რას სჩადიხარ. სხვაგვარად, რა „მეომარი“ ან „მშვიდობისმყოფელიცაა“ სააკაშვილი, ეს 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა.

ისტორიის სხვა 300 თავდადებული გმირი - სპარტელები თერმოპილესთან მანამ აკავებდნენ სპარს დამპყრობელს, ვიდრე უკანასკნელმა მათგანმა ბრძოლის ველზე არ დალია სული.

სპარტის მეფე - ლეონიდე, რომელმაც ისინი ბრძოლაში გაიყვანა, არაფრით იყო გამორჩეული. ისტორიაში იგი სწორედ ამ ბრძოლისა და 300 სპარტელის თავგანწირვით შევიდა, თუმცა იგი მითიური ჰერაკლეს მეოცე თაობის შთამომავალი იყო.

როცა საქართველოში მონარქიის აღდგენაზე დაიწყო საუბარი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბებია ჰყავდა ბაგრატიონი. ქართველი ბაგრატიონი იყო თუ სომეხი ბაგრატუნი, მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ წარმომავლობისა (სამეფო გვარს ვგულისხმობ და არა სომხურ ეთნიკურ კუთვნილებას!) და ომში გამარჯვებულის დაფნის გვირგვინის წადილი რომ კლავს სააკაშვილს, ეს ჩინებულად იგრძნობა. ლეონიდეობას მოწყურებულმა სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ 2003 წლის შემდეგ მისი ერთგული 300 სპარტელიდან დღეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილი შემორჩა.

არა, ისინი ბრძოლის ველზე არ დაღუპულან გმირულად, - არასპარტულად მოიქცნენ და მთავარსარდალი მიატოვეს, ზოგიც თვითონ მიატოვა.

2003 წლის „რევოლუციურ“ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: კობა დავითაშვილი, მაია ნადირაძე, კოტე კემულარია, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი არველაძე, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესო ჯუღელი.

მათი ერთი ნაწილი დღეს სააკაშვილის შეურიგებელი ოპონენტია, ნაწილი -  თვალს მიაფარეს და შემოსავლიან თანამდებობაზე გაუშვეს, ნაწილი კი უცხოეთშია გადახვეწილი. სიის მეათე ნომერი, ბესო ჯუღელი იტალიიდან ჟურნალისტებს ეუბნებოდა: „მოქმედი მთავრობა საბავშვო ბაღია, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება“. მან ეს „ვარდების რევოლუციის“ 5 წლისთავზე, 2008 წელს, განაცხადა, როცა ეს““საბავშვო ბაღი“, წესით, უკვე სკოლაში უნდა გაემწესებინათ.

„შე არგასაზრდელოო“, - ეტყვიან ხოლმე მეტისმეტად დაუჯერებელ ბავშვს სოფელში. „არგაზრდილმა“ ხელისუფლებამ კი საბავშვო ბაღის ასაკიდან ერთბაშად გერონტოლოგიური მმართველობის ყველა ატრიბუტი შეიძინა. როგორც „ნაციონალების“ სიის მეხუთე ნომრის - დავით ბერძენიშვილის ძმა ამტკიცებს, სააკაშვილის გასვლითი ღონისძიებები, მთავრობის სხდომები და ამომრჩეველთან „შემთხვევითი“ შეხვედრები, როგორც კინოს გადაღებისას, დუბლებად იწერება. არ მოეწონება სააკაშვილს ამ სცენაში რამე, გააჩერებს კამერას და თანამოსაუბრეს ან ტექსტს შეაცვლევინებს, ან გაღიმებას უბრძანებს, ან - თავის ჩაღუნვას.

ისევე, როგორც საბჭოთა „უძრაობის ხანის“ სკკპ გენერალური მდივნის, ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის გამოსვლებს ამონტაჟებდნენ, არედაქტირებდნენ და ადამიანურ სახეს აძლევდნენ, სააკაშვილის  გამოსვლებიც სწორდება, ივარცხნება და რაღაცას ემსგავსება, მაგრამ ვიდეო ჩანაწერზე მაინც უამრავი ლაფსუსი რჩება. ლაფსუსიდან აფსუსამდე კი ერთი ნაბიჯია.

სხვათა შორის, სიტყვა „აფსუსს“ ბევრი იჩემებს - სომეხიც, თურქიც და არაბიც, მაგრამ აქაც ხიდთან და მხედართმთავრებთან მივდივართ. აფსუს ხომ სინანულის აღმნიშვნელი სიტყვაა, რომელსაც, ძნელია, შესატყვისი მოუძებნო.

კეისრისა და პომპეუსის ბრძოლა ბალკანეთში  სწორედ მდინარე აფსუსის ნაპირებზე მოხდა. პომპეუსმა კეისრისთვის გზის მოჭრა განიზრახა, მაგრამ აფსუსზე გადებულმა ხიდმა მისი კოჰორტების მწყობრ ნაბიჯს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. „აფსუს“! - შესძახებდა, ალბათ, პომპეუსი. ისე, ვიდრე კომუნისტები დატბორავდნენ, პომპეუსის ხიდი მცხეთასთანაც ყოფილა.

აფსუს, რომ ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ბრეჟნევზაციის ხიდზეა შემდგარი, ხოლო მისი საბრძოლო კოჰორტა - გაფანტული! ლეონიდეს დიდებას გამოკიდებული სააკაშვილი სულ უფრო ემსგავსება ლეონიდ ილიჩს, ხოლო 300 სპარტელის ნაცვლად, ახლა უკვე 300 ავლაბრელის იმედადაა.

აგასი აივაზიანი წერდა: „ტიფლისი მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის დედაქალაქი იყო - სხვის მიწა-წყალზე. იგი ყოველთვის იყო ფიცარნაგი, მხატვრული არენა არა მხოლოდ სომხური სულის გამოსახატად, არამედ მისი მხატვრული სახის, მხატვრული კონსტრუქციის შესაქმნელად. ბედისწერით, ტიფლისმა სომხური იერის მკაცრი და მყარი, თავშეკავებული და ლოკალური ფაქტურა დაამახინჯა კიდეც, მაგრამ თავადაც შეიცვალა“.

თბილისი შეიცვალა, მაგრამ იმდენად არა, რომ თავისიანი და სხვისიანი ვერ გაარჩიოს. ის, რასაც სტურუას ქსენოფობიას ეძახიან, სინამდვილეში თბილისის მიერ მოჩვენებითობის, გულღრძოობისა და სიძულვილის მიუღებლობას წარმოადგენს.

ერთი თბილისური ეზოს ამბავი: ბავშვობიდან შეზრდილი ჭარმაგი კაცები დგანან. მათგან ერთმა მოწიფულობისას სომხური გვარი ქართულად გადაიკეთა. გაქურდეს ეს კაცი და მოთქვამს: - არაფერზე არ მწყდება გული, მაგრამ მამაჩემის დანატოვარი საათი მომპარეს და ეს ვერ მომინელებიაო! უსმინეს სიყრმის ძმაკაცებმა და, რომ აღარ დაამთავრა საათზე ლაპარაკი, ერთ-ერთი მიუბრუნდა და უთხრა: - მამაშენის დანატოვარი გვარი არ დაგნანებია და ნუ გადაგვაყოლე ამ საათსო!

ამას წინათ მანქანით სომხეთში მომიწია წასვლა. მძღოლმა, თბილისელმა სომეხმა - ტიგრანამ სევანთან მანქანა გააჩერა და თქვა: ეს ტბა - გოგჩის ტბა ჩვენი ყოფილა და სომხეთს მერე მისცესო. აფსუს, ნაღდი სომეხი იმათ ხელში, ვისაც საკუთარი გვარი და ტომი ერცხვინება! აფსუს, ტიგრან, შენ თუ სომეხი ხარ, განა ნაკლებად მიყვარხარ, მაგრამ ამ ჩვენს უჯიშო ხელისუფლებას არც შენ უნდიხარ და არც ჩვენ!